საქმე Nბს-1212-1206(კ-17) 27 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ. გ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-ამ 2015 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხვედელობის საქალაქო სამსახური მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 17.10.2014 წ. №000773 დადგენილების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის მერის მოადგილის 27.05.2015 წ. №352 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით რ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით რ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მსჯელობა არ ემყარება საქმის ფაქტების სრულ და ყოველმხრივ გამორკვევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია გარემოება თუ როდის ჩაბარდა ადმინისტრაციული ორგანოსგან რ. გ-ას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 17 ოქტომბრის N 000773 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. სასამართლოს უნდა დაედგინა თუ როდის განხორციელდა მხარისათვის აქტის გადაცემა, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა გასცნობოდა მის შინაარსს, გაეგო აქტის გასაჩივრების შესაძლებლობის და ვადის თაობაზე. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას სხდომის ოქმზე, რომლითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 17.10.2014 წლის N000773 დადგენილების ჩაბარება შენობის ფასადზე გაკვრის გზით განხორციელდა 25.12.2014 წელს, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორი განმარტავს, რომ მართალია, მის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი თბილისის მერიაში წარდგენილია 26.01.2015 წელს, თუმცა გასაჩივრებული დადგენილება ადმინისტრაციული ორგანოსგან ჩაიბარა ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირ მოსმენაზე, 06.02.2015 წელს, შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვერ დაადასტურებს იმას, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხარეს გადაეცა. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ კასატორის მიერ აქტის ჩაბარება მოხდა მის მიერ აქტის გასაჩივრებიდან 15 დღეზე ადრე, აღნიშნული გარემოება კი სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გამოკვლეული, რაც კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით რ. გ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებზე, რამდენადაც აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების შენობის ფასადზე განთავსებას, რაც მიიჩნევა გაცნობად იმ შემთხვევაში თუ პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ჩაბარება. განსახილველ შემთხვევაში, კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 06.02.2015 წლის №12/150261273-1 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით რ. გ-ას მიერ დადასტურდა, რომ ობიექტი დაკეტილი იყო, ხოლო აქტს გაეცნო 2014 წლის 25 დეკემბერს და ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა 26.01.2015 წელს, რა დროსაც დარღვეულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 22-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 15- დღიანი ვადა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 17 ოქტომბრის №000773 დადგენილებისა და 2015 წლის 27 მაისის N352 ბრძანების მიღების პროცესში არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - რ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 15.12.2017წ. №1 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე