საქმე №ბს-115-115(კ-18) 17 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. შ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმების
ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 31 ივლისს სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თ. ბ-ის მიმართ (უფლებამონაცვლე ლ. შ-ი). მოსარჩელემ 2009 წლის 8 ივლისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №53 და N53 ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. შ-ის წარმომადგენლის - ე. ა-ის შუამდგომლობა და შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის31 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ოქმების გამოცემისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ დარღვეულია ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, მართალია ასპინძის რაიონის გამგეობასა და თ. ბ-ეს შორის 2005 წლის 25 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება, თუმცა საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია განხორციელდა 2005 წლის 8 აგვისტოს. კასატორის არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლების წარმოშობა დაკავშირებულია კანონის ამოქმედებამდე საიჯარო ხელშეკრულების დადებასთან, ხოლო ამ უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს პრივატიზაციის პროცესის მომენტისათვის ამ იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
კასატორის განმარტებით ამგვარი მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: „მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება“. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. შესაბამისად, საძოვრის პრივატიზებისთვის სავალდებულოა კანონის ამოქმედებამდე დადებული საიჯარო ხელშეკრულება, ასევე კანონის ამოქმედებამდე მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლებას წარმოშობს სწორედ სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. ცალსახად დგინდება, რომ საიჯარო ხელშეკრულება რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლის 8 აგვისტოს, იჯარის ხელშეკრულების თანახმად კი, იჯარა იურიდიულ ძალას იძენდა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოშობია პრივატიზაციის უფლება, ვინაიდან „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროს არ არსებობდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ 2009 წლის 8 ივლისის N52 და N53 ოქმების მიმართ პრივატიზებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სადავო ოქმების გამოცემის დღიდან და არა 2013 წლის 31 ივლისიდან, რა დროსაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2012 წლის 7 აგვისტოს „სისხლისსამართლებრივ დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ დადგენილების შესახებ, რომლითაც არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელის - თეიმურაზ ათუნაშვილის მიმართ, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში არ ქმნიდა მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 2 დეკემბრის N1-1/355 ბრძანებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა 2013 წლის 31 ივლისის N13/34-78155 წერილში მითითებული, 2007-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განხორციელებული პრივატიზების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუს 24.01.17წ. №ბს-451-446 (კ-16), 28.09.17წ. Nბს-362-359(კ-17), 20.07.17წ. Nბს-442-439(კ-17), 15.02.2018 წ. Nბს-767-759(კ-16) განჩინებები 01.05.2018წ. Nბს-748-744(კ-17) გადაწყვეტილება) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ უნდა გაიმიჯნოს პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლების წარმოშობა და ამ უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი კანონით დადგენილი წინაპირობები. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი, მართალია, კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არსებობისას, თუმცა კანონი არ ახდენს დათქმას რეგისტრაციის კონკრეტულ პერიოდზე, რეგისტრაციის კანონის ამოქმედებამდე განხორციელების საჭიროებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ხანდაზმოლობის ვადის 2013 წლის 31 ივლისიდან ათვლის თაობაზე, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 2013 წლის 31 ივლისის წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეგზავნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ 07.08.2012 წელს მიღებული დადგენილება „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარი თქმის შესახებ“ და მასში არ არის გამოკვეთილი ან/და დადგენილი ისეთი გარემოებები, რაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის იქცეოდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად და საფუძვლად დაედებოდა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე