Facebook Twitter

ბს-1075-1069 (კ-17) 10 მაისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ა-ის, გ. ი-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-მა, გ. ი-მა და მ. მ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისთვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალება, კერძოდ: ი. ა-ითვის, გ. ი-ისთვის და მ. მ-ისათვის საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, თითოეულისთვის არაუმეტეს 40 კვ.მ. ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2016 წ. გადაწყვეტილებით ი. ა-ის, გ. ი-ისა და მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017 წ. განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ა-მა, გ. ი-მა და მ. მ-ემ.

კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მათ არგუმენტებზე, ხელშეკრულების მოშლისა და შეწყვეტის განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებზე. საქმის მასალებიდან იკვეთება ახალი ხელშეკრულებით ძველი ხელშეკრულების მოშლის ფაქტი, რაც ნიშნავს, რომ კონტრაქტების მოშლამდე არსებული მხარეთა ვალდებულებები ძალაში რჩება, შესაბამისად, ყურადსაღებია, თუ რა უფლება-მოვალეობები გააჩნდათ მხარეებს ერთმანეთის მიმართ კონტრაქტის მოშლამდე. ახალი ხელშეკრულებების დადებისას უკვე გასული იყო ოთხ წელზე მეტი, შესაბამისად, დამდგარი იყო სამინისტროს მიერ ვალდებულების შესრულების ვადა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების დამატების 5.1.12 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით, მივლინებული იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით 5.1.9 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით ისარგებლებს, სამხედრო მოსამსახურის მიერ პირველად გაფორმებული კონტრაქტის თარიღიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორები თვლიან, რომ თავდაპირველი კონტრაქტის გაფორმებიდან 5 წლის ვადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა კასატორების მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის გზით. კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არაერთი საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის, გ. ი-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ავტონომიის ფარგლებში, ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის შედეგად დადებული შეთანხმებაა, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშობათ სათანადო უფლება-მოვალეობები. ამასთანავე, ხელშეკრულების კონკრეტული პირობებით დადება არ ზღუდავს მხარეებს შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შეცვალონ ხელშეკრულების პირობები, დამატებები შეიტანონ მასში, ან შეთანხმდნენ ახალ, განსხვავებულ მოწესრიგებაზე. განსახილველ შემთხვევაში 2012-2013 წლებში დადებულ იქნა ახალი კონტრაქტები, რომლებითაც თავდაცვის სამინისტრო და მოსარჩელე ფიზიკური პირები (თითოეული ცალ-ცალკე) შეთანხმდნენ ურთიერთობების განსხვავებულ მოწესრიგებაზე, ახალი ხელშეკრულებებით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა, რომ ამ კონტრაქტის გაფორმება იწვევს სამხედრო მოსამსახურესთან ამ კონტრაქტის გაფორმებამდე მოქმედი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტას (მე-11 მუხ.). ახალი ხელშეკრულებების აღნიშნული მუხლი მოსარჩელეების მიერ არ გასაჩივრებულა, ასევე არ დასტურდება, რომ მათ არ სურდათ მსგავსი შინაარსის კონტრაქტზე ხელმოწერა, რომ ხელშეკრულება არ ასახავს მათ ნებას ან კონტრაქტი დაიდო იძულების თუ რომელიმე მსგავსი გარემოების არსებობის შედეგად, რაც გამორიცხავდა ფიზიკური პირების მიერ ნების თავისუფლად გამოვლენას. ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ თავდაპირველად - 2007-2008 წლებში დადებული ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაა, შესაბამისად ხეშეკრულების ვადამდე გაუქმების თაობაზე შეთანხმებით მთლიანად წყდება სახელშეკრულებო ურთიერთობა მისგან წარმოშობილი ყველა სახის უფლებებისა და მოვალეობების ჩათვლით, თუ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეთანხმებით მხარეებმა სხვაგვარი მოწესრიგება არ გაითვალისწინეს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების მხოლოდ გარკვეული ნაწილის შეწყვეტაზე, არ გაუკეთებიათ დათქმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგიერთი ვალდებულების შენარჩუნებაზე და სხვ., მხარეთა შეთანხმებით სრულად შეწყდა თავდაპირველი ხელშეკრულებები, მათგან გამომდინარე უფლება-მოვალეობებით. აღნიშნულს დამატებით ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ახალ კონტრაქტებში ჩაიდო განსხვავებული პირობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინის გადაცემის წესთან დაკავშირებით, განისაზღვრა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების კეთილსინდისიერად შესრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე უწყების საბინაო ფონდიდან შეილება უზრუნველყოფილ იქნეს სამსახურებრივი დანიშნულების ბინით (5.1.9 პუნქტი). ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორთა მოთხოვნა თავდაპირველი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

არასწორია აგრეთვე კასატორთა მითითება ახალი კონტრაქტების დადებით თავდაპირველი ხელშეკრულებების 5.1.12 პუნქტის ამოქმედების შესახებ, რადგან ახალი კონტრაქტებით სრულად შეწყდა თავდაპირველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, მათ შორის ხელშეკრულების 5.1.12 პუნქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ი. ა-ის, გ. ი-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ის, გ. ი-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017წ. განჩინება;

3. ვ. მ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.01.2018წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი