Facebook Twitter

#ბს-1185-1179(კ-17) 17 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 28 სექტემბერს მ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, მან 2016 წლის 21 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანებისა და #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა. ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დარჩა განუხილველად იმ მიზეზით, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული ბრძანება და სანებართვო მოწმობა ჩაჰბარდა 2011 წლის 29 სექტემბერს, თუმცა მოსარჩელე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1655 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-..., ..., მე-4 მ/რ, კორპუსი #26-ში, შპს „...“ კუთვნილი ფართის ფასადზე კიბის მოწყობის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა; მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2011 წლის 9 ივნისიდან 2011 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელი იყო ქ.თბილისის მერიაში 1 თვის ვადაში.

ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 22 სექტემბრის #12/120754 წერილის თანახმად, მ. ბ-ს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა მისი 2011 წლის 16 და 19 სექტემბრის განცხადებები ქ.თბილისში, ... მე-4 მ/რ, კორპუსი #26-ში შპს „...“ მიერ ნაწარმოებ მშენებლობასთან დაკავშირებით. რის პასუხადაც განმცხადებელს განემარტა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 08 ივნისის #01/1312 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი #26-ში, შპს „...“ კუთვნილი ფართის ფასადზე კიბის მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა #ნ/1390-1), ამავე წერილით მ. ბ-ს დანართის სახით გაეგზავნა არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანება, #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობა და განემარტა, რომ თუ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული რომელიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არღვევდა მის უფლებებს, შეეძლო მიემართა ქ. თბილისის მერიისთვის და გაესაჩივრებინა მათი მოქმედება.

2016 წლის 21 ივლისს მ. ბ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტერქტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანების და #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1655 ბრძანებით მ. ბ-ის 2016 წლის 21 ივლისის #260780/15 ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან მის მიერ გასული იყო ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანებისა და #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ასევე ის გარემოება, რომ მ. ბ-ისათვის 2011 წლის 29 სექტემბერს გახდა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანებისა და #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობის შესახებ, რასაც ადასტურებს მისივე ხელმოწერა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 22 სექტემბრის #12/120754 წერილზე.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საპროცესო კოდექსი, ასევე მიუთითა საერთაშორისო სამართლის რიგ უმნიშვნელოვანეს წყაროებზე (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია).

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში დაცულ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #12/120754 წერილზე მოსარჩელის ხელმოწერით დასტურდება, რომ მ. ბ-ს არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტების შესახებ ეცნობა 2011 წელს, ხოლო მის მიერ აღნიშნული აქტები ქ. თბილისის მერიაში გასაჩივრდა 2016 წელს. მხარე კი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ მისთვის აღნიშნული აქტების თაობაზე ცნობილი არ იყო. ამდენად, ზემოხსენებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიას მ. ბ-მა მიმართა აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1655 ბრძანება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა სადავოდ იყო გამხდარი აქტების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარების ფაქტი, ხოლო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა სწორედ ადმინისტრაციული საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სასამართლოში იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დაასაბუთებდა მის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლით, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. ამავე კოდექსის 136-ე მუხლით, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ეკისრება მტკიცების ტვირთი, ვერ დაადასტურა მ. ბ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ვადის დარვევით წარდგენა, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ბ-ი სადავოდ ხდიდა მის მიერ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანების ბათილად ცნობას და სანებართვო მოწმობის #ნ/1390-1 მისთვის ჩაბარებას, სააპელაციო სასამართლომ სსიპ არქიტექტურის სამსხურიდან გამოითხოვა მ. ბ-ის მიერ დასახელებული აქტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, დედნის სახით. სსიპ არქიტექტურის სამსხურმა, სააპელაციო სასამართლოში ვერ უზრუნველყო დასახელებული დოკუმენტის დედნის სახით წარმოდგენა. გამოგზავნილ იქნა მხოლოდ ასლი, რომელიც ისედაც იყო საქმეში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სასამართლო დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზისა და შეფასებიდან.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 სექტემბრის #12/120754-13 და 2017 წლის 19 ივლისის #60-01172002825 წერილების სახით დადასტურებულია მ. ბ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის ფაქტი. შესაბამისად, კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მით უფრო, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ერთობლიობაში იქნებოდა განხილული და გაამყარებდა სასამართლოს განმარტებას, საქმეში არ არის წარმოდგენილი.

კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მ. ბ-ი გასაჩივრებულ ბრძანებას პირადად გაეცნო 2011 წლის 29 სექტემბერს. შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლაც ამავე თარიღიდან განხორციელდა. ვინაიდან მ. ბ-მა ქ. თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა 2016 წლის 21 ივლისს, მის მიერ გაშვებულ იქნა სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. აღნიშნული კი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია არც ერთ კონკრეტულ საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე თუ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული. გადაწყვეტილება ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არ გაიზიარა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 ივლისის #60-01172002825 წერილით წარდგენილი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი სადავო აქტების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-..., ..., მე-4 მ/რ, კორპუსი #26-ში, შპს „...“ კუთვნილი ფართის ფასადზე კიბის მოწყობის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2011 წლის 9 ივნისიდან 2011 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელი იყო ქ.თბილისის მერიაში 1 თვის ვადაში.

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა მ. ბ-ის 2011 წლის 16 და 19 სექტემბრის განცხადებები შპს „...“ მიერ ნაწარმოებ მშენებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილების პასუხად მ. ბ-ს გაეგზავნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 22 სექტემბრის #12/120754 წერილი, რომლის თანახმად, მ. ბ-ს ეცნობა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი #26-ში, შპს „...“ კუთვნილი ფართის ფასადზე კიბის მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა #ნ/1390-1), ამავე წერილით მ. ბ-ს დანართის სახით გაეგზავნა არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანება, #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობა და განემარტა, რომ თუ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული რომელიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არღვევდა მის უფლებებს, შეეძლო მიემართა ქ. თბილისის მერიისთვის და გაესაჩივრებინა მათი მოქმედება.

2016 წლის 21 ივლისს მ. ბ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანებისა და #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1655 ბრძანებით მ. ბ-ის 2016 წლის 21 ივლისის #260780/15 ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან მის მიერ გასული იყო ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანებისა და #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1655 ბრძანების კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, მ. ბ-ს სადავო აქტით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ ბრძანებას პირადად გაეცნო 2011 წლის 29 სექტემბერს. შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლაც ამავე თარიღიდან უნდა განხორციელებულიყო. მ. ბ-მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა 2016 წლის 21 ივლისს. შესაბამისად, მის მიერ გაშვებულ იქნა სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში დაცულია სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #12/120754 წერილი, რომელზეც მოსარჩელის ხელმოწერით დასტურდება, რომ მას არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტების შესახებ ეცნობა 2011 წელს, ხოლო მის მიერ აღნიშნული აქტები ქ. თბილისის მერიაში გასაჩივრდა 2016 წელს. მხარე კი ზეპირსიტყვიერად მიუთითებს, რომ მისთვის აღნიშნული აქტების თაობაზე ცნობილი არ იყო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება უნდა მოხდეს მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი კრიტერიუმის საფუძველზე, მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს. სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხითაც, რაც გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წარმოდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობაზე.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როცა სადავოდ იყო გამხდარი აქტების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარების ფაქტი, ხოლო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა სწორედ ადმინისტრაციული საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სასამართლოში იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დაასაბუთებდა მის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსიპ არქიტექტურის სამსხურიდან გამოითხოვა მ. ბ-ის მიერ ადმინისტრაციული აქტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, დედნის სახით. სსიპ არქიტექტურის სამსხურმა, სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ქ. თბილისის მერის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 სექტემბრის #12/120754-13 წერილი, დამოწმებული სამსახურის ბეჭდით, რომლითაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მ. ბ-ი გასაჩივრებულ ბრძანებას პირადად გაეცნო 2011 წლის 29 სექტემბერს. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება, რაც გაამყარებდა სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, გარდა სააპელაციო საჩივრის ავტორის ზეპირსიტყვიერი მითითებისა, საქმეში დაცული არ არის. ამდენად, ზემოხსენებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს დადგენილ გარემოებად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიას მ. ბ-მა აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის გასლის შემდეგ მიმართა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტური შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ვერ მიუთითა ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტზე და სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტით არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული. ასევე ვერ დაასაბუთა, რატომ არ გაიზიარა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი სადავო აქტების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ შინაგანი რწმენის გამყარების მიზნით, იგი გაეცნო საკასაციო სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილ განცხადებას, რომელსაც თან ერთვის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 სექტემბრის წერილი დედნის სახით. აღნიშნული დოკუმენტით დადასტურებულია, რომ 2011 წლის 29 სექტემბერს მ. ბ-ს პირადად ჩაჰბარდა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 ივნისის #01/1312 ბრძანება და #ნ/1390-1 სანებართვო მოწმობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული და დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1655 ბრძანება მ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი