Facebook Twitter

საქმე Nბს-175-175(კ-17) 01 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ძ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ძ-მა 2017 წლის 8 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დავალება კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაუგზავნოს გ. ძ-ის სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში - წარდგინება, რომლითაც წელთა ნამსახურობის პერიოდში მოსარჩელეს ჩაეთვლება 1992 წლის დეკემბრის თვიდან 1993 წლის დეკემბრის თვემდე ნამსახურობის პერიოდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1992 წლის დეკემბრის N321 ბრძანების საფუძველზე, 1993 წლის დეკემბრის თვიდან, 1994 წლის 9 მაისამდე პერიოდი, როგორც ს/ნ 11196-ის მე-8 ბატალიონის მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის საწვავ-საპოხი მასალების სამსახურის უფროსს და 1994 წლის 9 მაისიდან 1995 წლის 6 მარტამდე პერიოდი, როგორც ამავე სამხედრო ნაწილში ასეულის მეთაურს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან ზიანის ანაზღაურება, წელთა ნამსახურობის არასწორი დაანგარიშების გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის დღიდან, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით გ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაუგზავნოს გ. ძ-ის სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლითაც წელთა ნამსახურობის პერიოდში მოსარჩელეს ჩაეთვლება 1992 წლის დეკემბრის თვიდან 1993 წლის დეკემბრის თვემდე ნამსახურობის პერიოდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1992 წლის დეკემბრის N321 ბრძანების საფუძველზე, 1993 წლის დეკემბრის თვიდან 1994 წლის 9 მაისამდე პერიოდი, როგორც ს/ნ 11196 -ის მე-8 ბატალიონის მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის საწვავ-საპოხი მასალების სამსახურის ... და 1994 წლის 9 მაისიდან 1995 წლის 6 მარტამდე პერიოდი, როგორც ამავე სამხედრო ნაწილში ...., შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ III96-ის მეთაურის 1994 წლის 9 მაისის N126 და 1995 წლის 6 მარტის N14 ბრძანებების საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. ძ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება, წელთა ნამსახურობის არასწორი დაანგარიშების გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის მომდევნო თვიდან - 2016 წლის 1 მაისიდან, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მოითხოვდა ნამსახურების ნუსხაში შეტანილ იქნეს 1993 წლის დეკემბრიდან 1994 წლის 9 მაისამდე პერიოდი მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის საწვავ - საპოხი მასალების სამსახურის ... მუშაობის დრო, ხოლო 1994 წლის 9 მაისიდან 1995 წლის 6 მარტამდე იმავე სამხედრო ნაწილში ... მუშაობის პერიოდი. ს/ნ 11196 მეთაურის 1994 წლის 09 მაისის N126 ბრძანებით უმც. ლეიტენანტი გ. გ. ძ-ი გათავისუფლდა საწვავ - საპოხი მასალების სამსახურის ... თანამდებობიდან სხვა თანამდებობზე გადაყვანის გამო და დაინიშნა ... . აღნიშნული ბრძანებიდან არ ირკვევა, თუ როდის დაინიშნა უმც. ლეიტენანტი გ.გ. ძ-ი საწვავ- საპოხი მასალების სამსახურის უფროსად. კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ და სასამართლომ ვერ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე და მტკიცებულებებზე, რომელიც უტყუარად დაადასტურებენ ზიანის წარმოშობის მიზეზობრივ კავშირს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1992 წლის 15 დეკემბრის N321 ბრძანებით, რომელიც საქმეზე წარმოდგენილია დამოწმებული სახით და რომლის მიმართაც მოსარჩელეს კანონიერი ნდობა გააჩნია, ასევე ხელფასის გაცემის უწყისით დადასტურებულია, რომ გ. ძ-ი ბრძანების გამოცემის დროისათვის მსახურობდა სამხედრო სამსახურში, კერძოდ, იგი, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, გაწვეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 მექანიზებული ... მოადგილედ ოპერატიულ ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების“ მე-6 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის დადგენილ ვალდებულებაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაუგზავნოს სახელმწიფო კომპენსაციისათვის გ. ძ-ის წელთა ნამსახურობის ანგარიში საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1992 წლის 15 დეკემბრის N321 ბრძანების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ მიეცა სრულყოფილი ინფორმაცია სამხედრო სამსახურში მისი ნამსახურების პერიოდის შესახებ, რაც განაპირობებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, აანაზღაუროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის მომდევნო თვიდან - 2016 წლის 1 მაისიდან, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე