#ბს-233-233(კს-18) 1 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „…“
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 03 თებერვალს შპს ,,...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის დავალება, განახორციელოს შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... ქ. №49/4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ავტოფარეხი - 402.7 კვ.მ).
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2011 წლის 27 მაისს ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის №576 ბრძანების საფუძველზე შპს „...“ მოიპოვა უფლება აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში ... ქუჩის №49/4-ში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა შპს „...“ საკუთრებას. შპს „...“ 2011 წლის 19 აგვისტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მშენებლობის ნებართვა და პროექტი, რომლის საფუძველზეც თავისი საკუთრების უფლება დაირეგისტრირა მშენებარე ობიექტზე (განცხადება №...). აღნიშნული ობიექტი 2013 წლის 11 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში. მოსარჩელის აღნიშვნით, შპს „...“ 2015 წლის 15 ოქტომბერს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე ქალაქ ბათუმში, ... ქუჩის №49/4-ში მდებარე ახლად აშენებული სახლის მიწის ქვედა სართულზე არსებულ 402,7 კვ.მ ავტოსადგომზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 21 ოქტომბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმარტა, რომ წარსადგენი იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ავტოსადგომების განაწილების დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილი იქნებოდა ყველა უფლებამოსილი პირის მიერ და შესაბამისობაში იქნებოდა მოყვანილი
№... განცხადებაზე წარდგენილ პროექტის არქიტექტორის განმარტებასთან და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან, მითითებული იქნებოდა ყველა მესაკუთრის (მომავალი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემები. 2015 წლის 26 ნოემბერს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. შპს „...“ 2015 წლის 11 ნოემბერს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა 2015 წლის 28 დეკემბრის №311213 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს „...“ მშენებლობის ნებართვის მოპოვებასთან ერთად წარმოეშვა საკუთრება მის არსებით შემადგენელ ნაწილზე - მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე, რამდენადაც ქალაქ ბათუმში, ... ქუჩის №49/4-ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მის საკუთრებას. შპს „...“ უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, მე-4 სადარბაზო
მთლიანად გადასცა შპს „ტ...“. გადაცემის ხელშეკრულება მოიცავდა მე-4 სადარბაზოს ქვემოთ არსებულ ავტოსადგომის ფართს 796.5 კვ.მ ოდენობით. ავტოსადგომების ნაწილი შპს „...“ განკარგა კერძო პირებზე, რ. ნ-ეზე -104,22 კვ.მ და ა. ბ-იზე, ე. ბ-იზე, ვ., ე. ბ-იზე, მ., ე. და ნ., ე. მ-ზე 158,8 კვ.მ (თანასაკუთრება). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია აღნიშნული ავტოსადგომების
მდებარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. მოსარჩელის მითითებით, შპს „...“ 2011 წლიდან მოყოლებული ახორციელებდა ბინების რეალიზაციას, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იყო დაფიქსირებული, რომ მესაკუთრეს უფლება ჰქონდა ესარგებლა ავტოსადგომით. ნასყიდობის ხელშეკრულება არ ვრცელდებოდა ავტოსადგომზე და არ მოიცავდა მას. 2013 წლის 11 დეკემბერს ექსპლუატაციაში შევიდა შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი ... ქ. №49/4, რითაც ვარგისიანად იქნა აღიარებული აშენებული ნაგებობა. ქალაქ ბათუმის მერიამ აზომვით ნახაზზე დაუსვა საკუთარი ბეჭედი, რითაც დაადასტურა ბინების ფართობი და მათ შორის არსებული მიჯნების ფაქტობრივი მდგომარეობა. შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოების განახლებისათვის მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის, მათ შორის სამომავლოდ საკუთრების შემძენი პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებითა და ხელმოწერით დამოწმებული თანხმობა, რაც 402,7 კვ.მ ავტოსადგომზე შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის არ იყო საჭირო და კანონი ამას არ ითვალისწინებდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მიიჩია, რომ შპს „...“ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების დროს სარეგისტრაციო სამსახურმა სამართლებრივად არასწორად გააანალიზა არსებული გარემოებები და უფლების დამდგენი დოკუმენტები არასრულყოფილად შეაფასა, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილებები იყო კანონსაწინააღმდეგო და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის №311213 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში შპს ,,...“ მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს წარდგენილი №... განცხადების თავიდან განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში ამხანაგობა „ი...“ ჩაბმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2111 კვ.მეტრდან 908 კვ.მ. წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი...“ საკუთრებას და იყო ავტომობილების მისასვლელი გზა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შაუმდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია საქმეში ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირის ინსტიტუტი, ანუ ამ მუხლის თანახმად, შესაძლებელია პირი ჩაბმულ იქნეს საქმის განხილვაში, თუ შესაძლებელია მომავალში მის სამართლებრივად დაცულ უფლებას და ინტერესს შეეხოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ ნორმის თანახმად და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული უფლებამოსილება სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, ანუ სასამართლოა უფლებამოსილი ან ჩააბას მხარე მესამე პირად მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ან არ ჩააბას, გამონაკლისს წარმოადგენს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილის მესამე პირად ჩაბმა.
სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი...“- მესამე პირად ჩაბმა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში წარმოდგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი...“-ის 2017 წლის 13 ივნისის წევრთა საერთო კრების N5 ოქმი, რომლითაც ამხანაგობა თანახმაა დარეგისტრირდეს სადავო უძრავი ქონება - ავტოფარეხის ტერიტორია მოსარჩელის საკუთრებად. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნიდან გამომდინარე არ არსებობდა ამხანაგობა „ი...“ საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები.
მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე მესამე პირად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი...“ ჩაბმა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ უთხრა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №3-54/16 წ.) შპს ,,..." სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1) ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; 2) ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; 3) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 4) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში შპს ,,..." მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს წარდგენილი №... განაცხადის თავიდან განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილია უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... ქ. №49/4-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ავტოფარეხი - 402.7 კვ.მ). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულია თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 დეკემბრის №02/2715 ბრძანება, მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ შპს ,,..." სახელზე ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ბათუმში, ... ქ. №49/4-ში მდებარე 2593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი, საერთო ფართობით - 11 800,4 კვ.მ ამასთან, №... სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილია შესაბამისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი, რომელიც ითვალისწინებს ავტოფარეხს, საერთო ფართით - 2111 კვ.მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აგრეთვე დაცულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული ნაწილის დოკუმენტაცია (საპროექტო დოკუმენტაცია). აღნიშნული დოკუმენტაცია შეთანხმებულია ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურთან (№179). აღნიშნულ დოკუმენტაციაში დაცულია ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 28 თებერვლის №194 ბრძანება, რომელშიც მითითებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მთავარი არქიტექტორის ა. ტ-ის განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო შენობა წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომლის პირველ სართულზე განლაგებულია კომერციული ფართები, ხოლო მიწისქვეშა სართულზე - ავტოფარეხი 70 ავტომანქანაზე, ბინების რაოდენობაც არის 70.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად, შპს ,,..." და შპს ,,ტ..." პარტნიორთა გაერთიანებული კრების №1 ოქმით დგინდება, რომ ავტოფარეხის საერთო ფართობი შეადგენს 2111 კვ.მ-ს. ამავე დოკუმენტში მითითებული განაწილების მიხედვით, 2111 კვ.მ-დან 2052,63 კვ.მ უნდა დარეგისტრირდეს ფიზიკურ/იურიდიულ პირთა საკუთრებად, შემდეგი მონაცემებით: რ. შ-ე - 104,22 კვ.მ, ა. ბ-ი, ე. ბ-ი, ვ. ე. ბ-ი, მ. ე. ბ-ი, ნ. ე. მ-ები - 158.80 კვ.მ შპს ,,..." - 127.1 კვ.მ, შპს ,,..." - 39,14 კვ.მ, შპს ,,..." - 199,42 კვ.მ, შპს ,,..." - 402,7 კვ.მ შპს ,,..." - 224,75 კვ.მ, შპ ,,ტ... - 796,5 კვ.მ თუმცა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში №... სარეგისტრაციო განაცხადზე დაცულია არქიტექტორ ა. ტ-ის განმარტებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ ,,ქ. ბათუმში ... ქ. №49/4-ში (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხი განლაგებულია -2,7 ნიშნულზე. მას გაჩნია ერთი შესასვლელი და მისი საერთო ფართი შეადგენს 2111 კვ.მ-ს, საიდანაც 1203 კვ.მ გამოიყენება ავტომობილების სადგომისათვის, ხოლო 908 კვ.მ წარმოადგენს ავტომობილების მისასვლელ გზას".
დღეის მდგომარეობით, შპს „...“ და შპს „ტ...“ პარტნიორთა გაერთიანებული კრების №1 ოქმში მითითებული რეგისტრირებული ავტოსადგომების ფართი კი შეადგენს 1425.33 კვმ-ს. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით, იმ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...), რომელზეც მდებარეობს სადაო ავტოსადგომი რეგისტრირებულია ბ.მ. ამხანაგობა ,,ი...“ საკუთრების უფლება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევიან მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზეც.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ავტოსადგომის ის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ავტომობილების მისასვლელ გზად, წარმოადგენს სახლის ნაწილს და მიეკუთვნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და ვერ იქნება ინდივიდუალური საკუთრება. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ნივთის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა და მესამე პირთა სასარგებლოდ სარგებლობის უფლებით დატვირთვა ან გასხვისება შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი...“ წევრების კანონიერ ინტერესზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი...“ 2017 წლის 13 ივნისის წევრთა საერთო კრების N5 ოქმის არსებობის პირობებში, რომლიდანაც დასტურდება, რომ ამხანაგობა თანახმაა დარეგისტრირდეს სადავო უძრავი ქონება - ავტოფარეხის ტერიტორია მოსარჩელის საკუთრებად, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამხანაგობა „ი...“ საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანია იმ პირთა ინტერესების დაცვა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შპს ,,..." დაევალა მესაკუთრეთა თანხმობების წარდგენა, ქ. ბათუმში, ... ქ. №49/4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ავტოფარეხი - 402.7 კვ.მ) შპს ,,..." საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის დოკუმენტი კი წარმოდგენილია საქმეზე (ამხანაგობა „ი...“ 2017 წლის 13 ივნისის წევრთა საერთო კრების N5 ოქმი), რაც ადასტურებს ამხანაგობის წევრთა ნებას და ინფორმირებულობას 402.7 კვ.მ ავტოფარეხის ,,..." სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გამორიცხავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემოქმედებას უშუალოდ ამხანაგობის წევრების კანონიერ ინტერესებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენროს კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე