№ბს-1139-1133(კ-17) 3 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 22 ივლისს რ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას 1993 წლის 29 იანვარს გადაეცა ორდერი საერთო საცხოვრებელში (..., სახლი #.., ოთახი #6) შესახლების უფლებაზე. ორდერი #14 გაიცა სამხედრო ნაწილი #55440-ის პროფკავშირის კომიტეტისა და კომსომოლის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული ორდერი წარმოადგენდა რ. ქ-ის მიერ საცხოვრებელ ფართზე, მისამართი: ქ. თბილისი, ..., კორპ. ..., ბინა #6, კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რის გამოც რ. ქ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. ვინაიდან საპრივატიზებო ფართი თავდაცვის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა, რ. ქ-ს დაევალა შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობის წარდგენა. მან შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას. სარდლობის 2014 წლის 18 აგვისტოს წერილით გაირკვა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები (საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები) გამოცხადებული იყო მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად და ვინაიდან ქ. თბილისში, ..., კორპ. ..., #6 ბინას არ ჰქონდა მოხსნილი სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსი, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარებოდა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისი, ..., კორპ. ..., #6 ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსის მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას. პასუხად განემარტა, რომ სარდლობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა მოთხოვნილი ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობის ბინის სტატუსის მოხსნას. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 2016 წლის 28 მარტს თავდაცვის სამინისტროში, მათი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელსაც ესწრებოდა ასევე ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წარმომადგენელი, მტკიცების სახით წარადგინეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მაისის #499 განკარგულების საფუძველზე გამოცემული თავდაცვის მინისტრის 29.01.2014წ., 07.04.2014წ. და 02.04.2015წ. ბრძანებები მსგავსი კატეგორიის საცხოვრებელ ფართებზე სამსახურებრივი სტატუსის მოხსნის შესახებ, რომელთა თანახმად, სამხედრო ნაწილი #55440-ის მიერ გაცემული ორდერი არ წარმოადგენდა სტატუსის მოხსნის დამაბრკოლებელ გარემოებას. აღნიშნული სამხედრო ნაწილის მიერ გაცემულ ორდერს არ უნდა გამოეწვია რ. ქ-ის კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე სტატუსის მოხსნაზე უარის თქმა, ვინაიდან საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, მის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის, მდებარე: ქ. თბილისი, ..., სახლი №..., №6 ბინის სამსახურებრივი სარგებლობის ბინის სტატუსის განსაზღვრის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით რ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანების მე-2 პუნქტი, ქ. თბილისში ..., №... სახლი №6 ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობის ბინის სტატუსის განსაზღვრის ნაწილში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს #574 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში საერთო საცხოვრებლების დებულების“ შესაბამისად, სამხედრო ნაწილი #55440-ის პროფკავშირის კომიტეტისა და კომსომოლის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, 1993 წლის 29 იანვარს გაიცა #14 ორდერი, რომლითაც რ. ქ-სა და მისი 3 წევრისაგან შემდგარ ოჯახს ქ. თბილისში, ..., სახლი #... მდებარე #6 ოთახში შესახლების უფლება მიეცათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მეორე პუნქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) გამოცხადდა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად.
რ. ქ-მა 2014 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ..., სახლი #... მდებარე #6 ოთახის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ვინაიდან მითითებული ფართი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ რ. ქ-ის განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი და განმცხადებელს დაავალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ცნობის წარმოდგენა.
რ. ქ-ის წარმომადგენელმა 2014 წლის 23 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას და მოითხოვა ინფორმაცია ქ. თბილისში, ..., სახლი #..., #6 ბინის თაობაზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წერილით წარმომადგენელს განემარტა, რომ ქ. თბილისში, ..., სახლი #..., #6 ბინა ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოცხადებულია მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინად და არ ექვემდებარებოდა საკუთრებაში გადაცემას. სადავო ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით რ. ქ-ის წარმომადგენელმა 2015 წლის 24 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას. პასუხად მას განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი რეგულირდებოდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით. წერილით ასევე ეცნობა, რომ სადავო ფართზე სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსის მოხსნის თაობაზე საკითხი განიხილებოდა და დამატებით ეცნობებოდა ადრესატს. მითითებული საკითხის განხილვის მოთხოვნით რ. ქ-ის წარმომადგენელმა დამატებით რამდენიმეჯერ მიმართა, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობს, ასევე საქართველოს მთავრობას. საბოლოოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 30 ივლისის #MOD71600592811 წერილით წარმომადგენელს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, ..., სახლი #..., ოთახი #6 მიეკუთვნებოდა სამსახურებრივი სარგებლობის ბინას, ამასთან, წარდგენილი ორდერი, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაცემული იყო სამხედრო ნაწილი #55440-ის პროფკავშირის კომიტეტისა და კომსომოლის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა არ შეიცავდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს #574 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ რესპუბლიკაში საერთო საცხოვრებლის დებულების დანართ #2-ის სავალდებულო ორდერისა და სერიის რეკვიზიტებს, შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარდლობას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ქ. თბილისში, ..., სახლი #..., ოთახი #6-ს მოხსნოდა სამსახურებრივი სარგებლობის ბინის სტატუსი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, ..., ტექნიკური აღრიცხვის მასალის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მფლობელად მითითებულია სამხედრო ნაწილი #52718, საერთო საცხოვრებელი. წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., სახლი #... მდებარე საცხოვრებელი ფართების ნაწილი წარმოადგენს კერძო საკუთრებას.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საპროცესო კოდექსის, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ (ძალადაკარგულია 09.06.2013წ. #1037 საქართველოს კანონით), საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების“ (ძალადაკარგულია 09.06.2013წ. #1037 საქართველოს კანონით), „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის #493 ბრძანებულების შესაბამისი ნორმებით და მიუთითა, რომ რ. ქ-სა და მისი 3 წევრისაგან შემდგარ ოჯახს ორდერის საფუძველზე გადაეცა სადავო ბინა. ორდერზე არ იყო მინაწერი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბინა წარმოადგენდა სამომსახურეო ბინას. ორდერში მითითებული იყო, რომ რ. ქ-ს ფართი გადაეცა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს #574 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში საერთო საცხოვრებლების დებულების“ შესაბამისად.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინის გამოცხადება მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ ბინად, წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებას, თუმცა აქვე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობდა თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა, რათა ადგილი არ ჰქონოდა პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. დებულების მე-3 მუხლი შეიცავს საკუთრებაში ფართის უსასყიდლოდ გადაცემისათვის წარსადგენი დოკუმეტაციის ამომწურავ ჩამონათვალს. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია საგამონაკლისო შემთხვევები, თუ რა პირობებში არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინა საკუთრებაში გადაცემას. კერძოდ, ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესაბამისად, არ ირკვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული სადავო საცხოვრებელი ბინის, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ ბინად გამოცხადების ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) გამოცხადდა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად. დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., სახლი #... მდებარე საცხოვრებელი ფართები იმ დროისათვის წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფ ფართებს. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., სახლი #... მდებარე საცხოვრებელი ფართების ნაწილის განკარგვა მოხდა კერძო მესაკუთრეებზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება ზღუდავს რ. ქ-ი სკანონიერი უფლებებსა და ინტერესებს.
მითითებული ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე ქ. თბილისში ..., #... სახლში #6 ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობის ბინის სტატუსის განსაზღვრის ნაწილში საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობის დაცვისა და შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების სწორად გამოყენების საფუძველზე, სასამართლომ სწორად მოახდინა სადავო საკითხის გადაწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) გამოცხადდა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად. სადავო ბრძანება გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებისა და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან, სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსის მოხსნა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, განმცხადებლის მიერ თავდაცვის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ორდერი გაცემულია სამხედრო ნაწილ #5544-ის პროფკავშირის კომიტეტისა და კომსომოლის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა იგი არ შეიცავს საქართველოს სს რესპუბლიკაში საერთო საცხოვრებლის დებულების დანართი #2-ის სავალდებულო ორდერისა და სერიის რეკვიზიტებს. შესაბამისად, რ. ქ-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი სრულყოფილი სახით, რაც სამსახურებრუივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსის მოხსნას გამოიწვევდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ქ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: რ. ქ-მა 2014 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ..., სახლი #... მდებარე #6 ოთახის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ რ. ქ-ის განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი და განმცხადებელს დაავალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ცნობის წარმოდგენა, რადგან მითითებული ფართი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. რ. ქ-ის წარმომადგენელმა 2014 წლის 23 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას და მოითხოვა ინფორმაცია ქ. თბილისში, ..., სახლი #..., #6 ბინის თაობაზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წერილით წარმომადგენელს განემარტა, რომ ქ. თბილისი, ..., სახლი #..., #6 ბინა ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოცხადებული იყო მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინად და არ ექვემდებარებოდა საკუთრებაში გადაცემას. 2015 წლის 24 მარტს რ. ქ-ის წარმომადგენელმა სადავო ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას. პასუხად მას განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი რეგულირდებოდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით. წერილით ასევე ეცნობა, რომ სადავო ფართზე სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსის მოხსნის თაობაზე საკითხი განიხილებოდა და დამატებით ეცნობებოდა ადრესატს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 30 ივლისის #MOD71600592811 წერილით წარმომადგენელს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, ..., სახლი #..., ოთახი #6 მიეკუთვნებოდა სამსახურებრივი სარგებლობის ბინას, ამასთან წარდგენილი ორდერი, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაცემული იყო სამხედრო ნაწილი #55440-ის პროფკავშირის კომიტეტისა და კომსომოლის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა იგი არ შეიცავდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 30.08.1985წ. #574 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ რესპუბლიკაში საერთო საცხოვრებლის დებულების დანართ #2-ის სავალდებულო ორდერისა და სერიის რეკვიზიტებს, შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარდლობას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ქ. თბილისში, ..., სახლი #..., ოთახი #6-ს მოხსნოდა სამსახურებრივი სარგებლობის ბინის სტატუსი.
განსახილველი დავის საგანს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რომლითაც ქ. თბილისში ..., #... სახლში, #6 ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობის ბინის სტატუსი განისაზღვრა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, რამდენად კანონიერად იქნა სადავო ბინაზე სამსახურებრივი სარგებლობის სტატუსი განსაზღვრული და რამდენად სამართლიანად ეთქვა უარი რ. ქ-ს სადავო ბინაზე სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სტატუსის მოხსნაზე.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ (ძალადაკარგულია 9.06.2013წ. #1037 საქართველოს კანონით), რომლის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნაკის და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით (ანალოგიურ დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის 20.02.14წ. #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ (2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი)). ნორმაში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები, რომლებითაც უნდა დადასტურდეს კანონიერი სარგებლობა, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებსაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ფართი იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების (ძალადაკარგულია 2013 წლის 9 ივნისის #1037 საქართველოს კანონით) 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, მითითებული დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად. სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლი შეიცავდა საკუთრებაში ფართის უსასყიდლოდ გადაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ; ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. დებულების მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტებიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ორდერი, გაცემული სამხედრო ნაწილ #55440-ის პროფკავშირის კომიტეტისა და კომსომოლის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა იგი არ შეიცავდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს #574 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სს რესპუბლიკაში საერთო საცხოვრებლის დებულების დანართი #2-ის სავალდებულო ორდერისა და სერიის რეკვიზიტებს. ამდენად, რ. ქ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი სახით, რის გამოც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სადავო უძრავ ქონებაზე სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსის მოხსნა.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები. ამდენად, ნორმატიული აქტით განისაზღვრა ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინები არ ექვემდებარება პრივატიზაციას. აღნიშნული დებულებით საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ბინები.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ყველა ბინა, მათ შორის, ქ. თბილისში, ..., #... სახლში, #6 ბინა გამოცხადებულ იქნა სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოსაყენებელ ბინად. შესაბამისად, მითითებული ბრძანებულებით გარკვეული კატეგორიის ფიზიკური პირებისათვის მინიჭებული უფლება, ამავე ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემოდათ დაკავებული ბინები, მთლიანად შეიზღუდა. უდავოა, ასევე, რომ სადავო უძრავ ქონებას მოხსნილი არ აქვს სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსი. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ის საფუძველი, რომელიც საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე შესაბამისი ნებართვის (ცნობის) გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს (ბინის სამსახურებრივი დანიშნულების სტატუსი), დღეის მდგომარეობითაც არსებობს და იგი გაუქმებული არ არის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, განიმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) გამოცხადდა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად. დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., სახლი #6ბ-ში მდებარე საცხოვრებელი ფართები იმ დროისათვის წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფ ფართებს. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., სახლი #... მდებარე საცხოვრებელი ფართების ნაწილის განკარგვა მოხდა კერძო მესაკუთრეებზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება ზღუდავდა რ. ქ-ის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების არგუმენტებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) გამოცხადდა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად. სადავო ბრძანება გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებისა და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის #954 ბრძანებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თავდაცვის სამინისტროში შექმნილია კომისია, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ან/და ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების განკარგვაზე (საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემა) გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინტერესების/საჭიროების გათვალისწინებით, რეკომენდაციის სახით“. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსის მოხსნა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, განმცხადებლის მიერ თავდაცვის სამინისტროში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, რაც რ. ქ-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი სახით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ქ. თბილისში, ... #... მდებარე საცხოვრებელი ფართების ნაწილის განკარგვა მოხდა კერძო მესაკუთრეებზე, რის გამოც იზღუდება რ. ქ-ის კანონიერი უფლებები და ინტერესები, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ბრძანებების კანონიერებაზე პალატა ვერ იმსჯელებს, ხოლო მათი არსებობა არ გამორიცხავს სადავო აქტის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოთა პოზიცია ემყარება ნორმის არასწორ განმარტებას, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სადავო აქტი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივიო საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული და დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტი რუსლან ქოქოქშვილის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისში, ...., სახლი #..., #6 ბინის სამსახურებრივი სარგებლობის ბინის სტატუსის განსაზღვრის შესახებ, კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩნება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ქ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი