#ბს-324-324(კს-18) 7 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. ა-ის წარმომადგენელი - ო. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - ა. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 7 ნოემბერს ა. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოქალაქე ა. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 ივლისის სხდომის #12 ოქმის #6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქობულეთში, ... ქ. #82-ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებულ 4485.4 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ა. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ც-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, ა. ა-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, აპელანტს ა. ა-ეს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის ან მის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსია, ჩაწერილი CD დისკზე. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება აპელანტ ა. ა-ეს პირადად ჩაჰბარდა 2017 წლის 14 დეკემბერს, რაც დასტურდება მიმღების ხელმოწერით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 14 დეკემბრის მომდევნო დღიდან (15 დეკემბრიდან) და ამოიწურა 2017 წლის 19 დეკემბერს, 24:00 საათზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-ის წარმოამდგენელმა - ო. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ა. ა-ეს არ აქვს მიღებული არც ერთი სახის განათლება. მან არც ერთ ენაზე არ იცის წერა-კითხვა, უფრო მეტიც, არ შეუძლია თავისი სახელისა და გვარის გასწვრივ შეასრულოს რაიმე სახის ხელმოწერა. იგი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მეორე ჯგუფის ინვალიდი.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორისათვის უცნობია ის გარემოება, თუ როგორ მოაწერა ხელი ა. ა-ემ გზავნილის ჩაბარებაზე, როცა მას ამის შესრულება არ შეუძლია. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გზავნილზე ა. ა-ის ხელმოწერა ვერ იქნება, ვინაიდან მას ხელმოწერის შესაძლებლობა არ აქვს, რასაც უტყუარად ადასტურებს მის მიერ გაცემული მინდობილობა #171052072 (11.09.2017წ.) ო. ხ-ზე, სადაც ა. ა-ის ნების ნამდვილობა დადასტურებულია მოწმეების, ბ. ხ-ისა და ასლან სურმანიძის მიერ, კერძოდ, მის მაგივრად მინდობილობას ხელს აწერს მოწმე - ბ. ხ-ი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისთვის ცნობილი არ არის გზავნილის მიღებაზე ხელმომწერი პირის მონაცემები, ხოლო ა. ა-ის გამოკითხვით დადგენილია, რომ ა. ა-ეს მისი გზავნილის ჩაბარებაზე ნებართვა მინდობილობით ო. ხ-ის გარდა არავისთვის არ მიუცია. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს საფოსტო გზავნილის ა. ა-ის მიერ ჩაბარებას, მის გაცნობასა და ხელმოწერას, ასეთი შესაძლებლობების არ არსებობის გამო.
ა. ა-ის წარმომადგენელმა კერძო საჩივარში, აგრეთვე, აღნიშნა, რომ გზავნილი სააპელაციო საჩივარში მითითებულ თავის იურიდიულ მისამართზე მას არ მიუღია.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს გზავნილი არც ა. ა-ეს და არც მის წარმომადგენელ ო. ხ-ს არ ჩაბარებიათ, ამდენად, ისინი ვერ შეძლებდნენ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებას, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა ზემოხსენებული საფუძვლებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით ა. ა-ის წარმომადგენლის - ო. ხ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის წარმომადგენლის - ო. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის მოთხოვნებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ა. ა-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, აპელანტს - ა. ა-ეს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება აპელანტ ა. ა-ეს პირადად ჩაჰბარდა 2017 წლის 14 დეკემბერს, რაც დასტურდება მიმღების ხელმოწერით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 14 დეკემბრის მომდევნო დღიდან (15 დეკემბრიდან) და ამოიწურა 2017 წლის 19 დეკემბერს, 24:00 საათზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტ ა. ა-ეს დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია ხარვეზი, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას და წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ა. ა-ეს არ აქვს მიღებული არც ერთი სახის განათლება. მან არც ერთ ენაზე არ იცის წერა-კითხვა, უფრო მეტიც, არ შეუძლია თავისი სახელისა და გვარის გასწვრივ შეასრულოს რაიმე სახის ხელმოწერა. იგი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მეორე ჯგუფის ინვალიდი.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორისათვის უცნობია ის გარემოება, თუ როგორ მოაწერა ხელი ა. ა-ემ გზავნილის ჩაბარებაზე, როცა მას ამის შესრულება არ შეუძლია. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გზავნილზე ა. ა-ის ხელმოწერა ვერ იქნება, ვინაიდან მას ხელმოწერის შესაძლებლობა არ აქვს, რასაც უტყუარად ადასტურებს მის მიერ გაცემული მინდობილობა #171052072 (11.09.2017 წ.) ო. ხ-ზე, სადაც ა. ა-ის ნების ნამდვილობა დადასტურებულია მოწმეების, ბ. ხ-ისა და ა. ს-ის მიერ, კერძოდ, მის მაგივრად მინდობილობას ხელს აწერს მოწმე - ბ. ხ-ი.
ა. ა-ეს მისი გზავნილის ჩაბარებაზე ნებართვა მინდობილობით ო. ხ-ის გარდა არავისთვის არ მიუცია. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს საფოსტო გზავნილის ა. ა-ის მიერ ჩაბარებას, მის გაცნობასა და ხელმოწერას, ასეთი შესაძლებლობების არ არსებობის გამო.
ამდენად, ა. ა-ის წარმომადგენელი - ო. ხ-ი სადავოდ ხდის ა. ა-ისათვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების საკითხს, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მათთვის ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინების ჩაბარება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეფასება უნდა მიეცეს მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფილია თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკითხი შეეხება არა უშუალოდ სასამართლო პროცესზე სამართალწარმოების განხორციელებას, არამედ პროცესის გარე ურთიერთობას, რაც სასამართლო დოკუმენტების, კანონით დადგენილი წესით, გაგზავნა/ჩაბარებაში გამოიხატება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია სასამართლო დოკუმენტაციის შედგენასა და შემდგომში მის სასამართლოში წარდგენასთან. ამავდროულად, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული საპროცესო მოქმედებათა განხორციელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროცესის მონაწილის ინფორმირებულობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ხსენებულ მოქმედებათა განხორციელების უმთავრეს წინაპირობას სწორედ პროცესის მონაწილის ინფორმირებულობა წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი ა. ა-ის მიერ ო. ხ-ზე გაცემული მინდობილობით, მინდობილ პირს, ო. ხ-ს, მიეცა მინდობილობაში მითითებულ დაწესებულებებში, მათ შორის, ყველა ინსტანციის სასამართლოში ნებისმიერი საბუთისა და დოკუმენტაციის შეტანა-გამოტანის და მათზე ხელმოწერის უფლება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ა. ა-ეს პარკინსონის დაავადების გამო არ შეუძლია ხელმოწერა, რის გამოც ზემოხსენებულ მინდობილობას მისი თხოვნითა და მის ნაცვლად ხელს აწერს მოწმე - ბ. ხ-ი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით, მინდობილობით, ო. ხ-ისათვის ყველა ინსტანციის სასამართლოში ნებისმიერი განცხადებისა და საბუთის შეტანა-გამოტანის უფლებამოსილების მინიჭება, მოიცავს მის მიერ ა. ა-ის სახელით სასამართლოთა გადაწყვეტილებების სააპელაციო თუ საკასაციო წესით გასაჩივრებას, ასევე სასამართლოსათვის კერძო საჩივრით მიმართვის უფლებამოსილებასაც. ა. ა-ის შეზღუდული შესაძლებლობები და ზემოაღნიშნულ მინდობილობაზე ა. ა-ის ნაცვლად ბ. ხ-ის ხელმოწერა კი ცხადჰყოფს ა. ა-ის მიერ დოკუმენტაციის სასამართლოში დამოუკიდებლად, წარმომადგენლის დახმარების გარეშე, წარდგენის შეუძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარებულად მიჩნევისათვის საკმარისია, იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს, ალტერნატიულად რომელიმე მათგანს ჩაჰბარდეს, თუმცა აღნიშნული დანაწესი ვრცელდება არა ნებისმიერ შემთხვევაზე, არამედ მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მხარე წარმოადგენს ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ობიექტურად აღიქვას ჩაბარებული დოკუმენტის შინაარსი. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ ა. ა-ე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც არ შეუძლია განახორციელოს ხელმოწერა, რაც დასტურდება ო. ხ-ის სახელზე გაცემული მინდობილობით, რომელსაც ხელს აწერს მოწმე - ბ. ხ-ი. ხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ერთი მხრივ, ჩაებარებინა სასამართლო უწყება, ხოლო, მეორე მხრივ, აღექვა მისი შინაარსი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესის მონაწილის ინფორმირებულობა უნდა ატარებდეს არა ფორმალურ ხასიათს, არამედ სასამართლოს მხრიდან მხარის ინფორმირებულობა უნდა ხორციელდებოდეს იმ მიზნით, რომ პროცესის მონაწილისათვის უზრუნველყოფილი იქნეს სამომავლო პროცესუალურ მოქმედებათა ეფექტური განხორციელების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებითია გამოიკვეთოს ა. ა-ის წარმომადგენლის - ო. ხ-ის პროცესში მონაწილეობის მიზანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლის პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო არა მხოლოდ იმით, რომ მას მარწმუნებლისათვის უზრუნველეყო სასამართლო დოკუმენტაციათა შედგენა და შემდგომში სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მისი დაცვა, არამედ მისი მონაწილეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მარწმუნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ა. ა-ის პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის შეუძლებლობა იყო, კერძოდ, ვინაიდან ა. ა-ე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, იგი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს მთელი რიგი საპროცესო მოქმედებანი, მათ შორის, ჩაიბაროს სასამართლო უწყება, ობიექტურად აღიქვას სასამართლო უწყების შინაარსი. ამდენად, ხსენებული საპროცესო მოქმედების განხორციელებას ა. ა-ე სწორედ წარმომადგენლის მეშვეობით და მისი დახმარებით უზრუნველყოფდა და წარმომადგენლის პროცესში მონაწილეობის უმთავრეს მიზანსაც სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ა-ე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მეორე ჯგუფის ინვალიდს, რაც დადასტურებულია კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობით. ამავდროულად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ხელმოწერა, რაც დასტურდება კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი და საქმეში არსებული მინდობილობებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები პრეამბულის „ე“ პუნქტით აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არის დინამიური ცნება და წარმოადგენს ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირებს, მათ მიმართ დამოკიდებულებისა და გარემო ბარიერების ურთიერთქმედების შედეგს, რაც აფერხებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ თანაბარ, სრულყოფილ და ეფექტურ მონაწილეობას. მითითებული კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მითითებული ნორმების საფუძველზე აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სრულყოფილ რეალიზაციაში სახელმწიფოს როლი ფუნდამენტურია. სწორედ სახელმწიფოს და ხელისუფლების თითოეული შტოს მართებულ, გააზრებულ ქმედებებზეა დამოკიდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვა პირთა მსგავსი, თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-13 მუხლით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გარანტირებულია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს სასამართლო უწყების გაგზავნისას უნდა ემოქმედა არა კანონის ფორმალური განმარტების საფუძველზე, არამედ მხედველობაში უნდა მიეღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ა. ა-ის მდგომარეობა და მართლმსაჯულების მისაწვდომობა უზრუნველეყო მისთვის ხელსაყრელი პირობებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებდა, სააპელაციო სასამართლო, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების შტოს - სასამართლო ხელისუფლების ორგანო, ა. ა-ის შესაძლებლობებისა და მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და შეფასებით, ვალდებული იყო გზავნილი აპელანტის წარმომადგენლის - ო. ხ-ის მისამართზე გაეგზავნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ის წარმომადგენლის - ო. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე ა. ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ის წარმომადგენლის - ო. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე ა. ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი