Facebook Twitter

საქმე №ბს-356-356(კს-18) 28 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ბ-ი

მესამე პირები - რ. ს-ე, რ. ბ-ე, მ.ი-ი, ი.მ-ა

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა.ბ-მა 12.01.2017წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 03.02.2012წ. N882012037632-03 გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 22.04.2016წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

გორის რაიონული სასამართლოს 05.09.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ რ.ს-ე, მ.ი-ი და ი.მ-ა, ხოლო 31.10.2017წ. განჩინებით - რ.ბ-ე.

გორის რაიონული სასამართლოს 29.11.2017წ. გადაწყვეტილებით ა.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კასპში, ..., ე.წ. ... მდებარე 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის რ.ს-ის საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 03.02.2012წ. №... გადაწყვეტილება ა.ბ-ის მიერ 21.07.2016წ. განცხადებით წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი კასპში, ... ქუჩაზე ე.წ. ... მდებარე 866 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის მ.ი-ის საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 22.04.2016წ. № ... გადაწყვეტილება ა.ბ-ის მიერ 21.07.2016წ. განცხადებით წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების ნაწილში.

გორის რაიონული სასამართლოს 29.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ი. მ-ამ და მ.ი-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.2018წ. განჩინებით ი.მ-ას და მ.ი-ის სააპელაციო საჩივრები დატოვებულ იქნა განუხილველად. ამავე სასამართლოს ამავე თარიღის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, სააგენტოს დაეკისრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 08.01.2018წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს) და ჩაბარდა 17.01.2018წ. შესაბამისად, აპელანტისთვის ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 18.01.2018წ. და დასრულდა 29.01.2018წ.. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია განცხადება განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორმა სსკ-ის 59-ე, 63-ე, მე-60, 61-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს აპელანტისთვის არ გაუგზავნია ხარვეზის დადგენის შესახებ 08.01.2018წ. განჩინება. სააგენტოს გაეგზავნა მხოლოდ ი. მ-ას და მ. ი-ის სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის 08.01.2018წ. განჩინება, რომელიც სააგენტოს ჩაბარდა 17.01.2018წ.. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სააგენტოს არ მიუღია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსკ-ის 60.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის 08.01.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და სააგენტოს მის შესავსებად მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენის დაწყებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ხარვეზის შესახებ განჩინების სააგენტოსათვის ჩაბარება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 08.01.2018წ. სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ორი განჩინება: სააგენტოსათვის ხარვეზის დადგენის შესახებ და ფიზიკური პირების სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 15.01.2018წ. გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.2018წ. განჩინება. სააპელაციო პალატის გზავნილი არ შეიცავს მითითებას 08.01.2018წ. სააპელაციო პალატის მიერ მიღებული ორივე განჩინების გაგზავნაზე, ასევე არ დგინდება გაგზავნილი განჩინების შინაარსი, გაურკვეველია გაიგზავნა ხარვეზის შესახებ განჩინება თუ სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას გაეგზავნა მხოლოდ ფიზიკური პირების სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება და წარმოდგენილ კერძო საჩივარს ურთავს ი. მ-ასა და მ. ი-ის სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის 08.01.2018წ. განჩინების ასლს, რაც სარწმუნოს ხდის კერძო საჩივრის ავტორის მითითებას.

მართალია საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში (სსკ-ის 59.1 მუხ.), თუმცა ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსკ-ის 60.2 მუხ.). უკეთუ ვადის დენის დასაწყისად განსაზღვრული მოვლენის დადგომა - ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ადრესატისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება, არ დასტურდება, დაუშვებელია ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის ათვლის დაწყება და შემდგომში ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინება და საქმე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 368-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი