ბს-327-327(კ-18) 21 ივნისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ბ-მა 27.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 29.05.2017წ. N1257284 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის დ. ბ-ის შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე ოპერატორი) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოპასუხისათვის დ. ბ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 29 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების (ყოველთვიურად 1132.80 ლარის ოდენობით) დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2017წ. გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 29.05.2017წ. N1257284 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.04.2017წ. გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-494-489(2კ-16)) გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები, რაც სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო ქვედა ინსტანციის სასამართლოებისთვის, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ისინი. კასატორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავად დარღვევის ფაქტის სიმძიმე და არა ინფორმაციის ხასიათი ან თანამდევი ზიანი. პერსონალური მონაცემების არასანქცირებული მოპოვება და გადაცემა არღვევს მონაცემების სუბიექტის უფლებებს და ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს. ის, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტო მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში გასცემს ავტომობილის მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციას, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულში მომუშავე მოსამსახურეს არ აძლევს იმავე სახის ინფორმაციიის გაცემის უფლებას. დ. ბ-ს თანამდებობრივად არ ჰქონდა უფლება აღნიშნული მიზნით დაემუშავებინა დ. ს-ის პერსონალური ინფორმაცია. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (საქმე Nბს-494-489(2კ-16)) დარღვევის დადგენისათვის საკმარისია დადასტურდეს ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით მოძიება და დამუშავება, რაც თავისთავად წარმოადგენს სამართლადარღვევას, მიუხედავად ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემისა. კასატორი მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მონაცემების დამუშავების კავშირი რაიმე სამსახურებრივი ამოცანის შესრულებასთან, უფლება-ვალდებულებების რეალიზაციასთან, გადაუდებელ აუცილებლობასთან. შესაბამისად დ. ბ-ის მიერ დაირღვა დ. ს-ის კონსტიტუციით დაცული უფლება, ასევე, შეიქმნა საფრთხე, იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკისრებოდა შესაბამისი სანქცია.
კასატორი მიიჩნევს, რომ საჯარო ინტერესი - საზოგადოების უსაფრთხოების, და ადამიანის კანონით დაცული უფლებების დაცულობის ინტერესი გაცილებით მაღალია, ვიდრე კონკრეტული პიროვნების თანამდებობაზე ყოფნა და მისი დასაქმება. პოლიციის ფუნქციისა და დანიშნულების გათვალისწინებით, აღნიშნული გადაცდომა დამოუკიდებლად ქმნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია, უზენაესი სასამართლო არ ახდენს ნორმათა აბსტრაქტულ განმარტებას. ამდენად, გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მოსაზრებები განმარტებულ უნდა იქნეს დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. დივერგენციის საფუძვლით საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც არსებითად მსგავსი გარემოებების მქონე დავაში სააპელაციო სასამართლო ნორმის საკასაციო პალატისგან განსხვავებულ განმარტებას ახდენს. ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებებით ხელმძღვანელობისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს განხილული და განსახილველი დავების ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებითი მსგავსება. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული დავისა და განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები, მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რადგან განსხვავდება მოპოვებული/დამუშავებული ინფორმაციის ოდენობა, მონაცემების შინაარსი, დარღვევის ინტენსივობა, დამდგარი შედეგი და სხვ..
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო არ არის დ. ბ-ის მიერ გადაცდომის ჩადენა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნეს და არც დ. ბ-ი უარყოფს არასამსახურებრივი მიზნით სხვისი პერსონალური მონაცემების მოძიებას. საკასაციო პალატა იზიარებს უზენაესი სასამართლოს 13.04.2017წ. Nბს-494-489(2კ-16) განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომ ინფორმაციის მესამე პირისათვის გადაცემის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით მოძიება და დამუშავება თავისთავად წარმოადგენს სამართალდარღვევას, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია შეაგროვოს მხოლოდ ის პირადი მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად, ორგანოში ინფორმაციის შენახვის ფაქტი არ გულისხმობს ამ ინფორმაციის დაუსაბუთებლად გაცნობის შესაძლებლობას. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა და კასატორის მოსაზრება, რომ დ. ბ-ის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია, რაც ქმნის სახდელის დაკისრების საფუძველს, თუმცა დაკისრებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი გადაცდომის პროპორციული.
„პოლიციის შესახებ“ კანონის 59.3 მუხლი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს (შენიშვნა, საყვედური და სხვ.), რომელთა შორის ყველაზე მძიმე სახდელია სამსახურიდან გათავისუფლება. ნორმატიულად სახდელის სხვადასხვა სახის განსაზღვრა მიზნად ისახავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაცდომის შინაარსის, ინტენსივობის, ხასიათისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით სათანადო და თანაზომიერი სახდელის შერჩევის საჭიროებას. ამასთანავე, სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, არამედ აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება („წესდების“ 4.10 მუხ.).
განსახილველ შემთხვევაში ორგანოს არ დაუსაბუთებია სახდელის ყველაზე მკაცრი სახის გამოყენების საჭიროება, არ შეუფასებია მოსამსახურის პიროვნება, მისი დამსახურება, გადაცდომის სიმძიმე, არ გაუთვალისწინებია მოპოვებული ინფორმაციის შინაარსი, ინფორმაციის მოძიების თანამდევი შედეგები. მართალია აღნიშნული გარემოებები რელევანტური არ არის ქმედების გადაცდომად კვალიფიკაციის თვალსაზრისით, თუმცა არსებითი მნივნელობა ენიჭება შესაფარდებელი სახდელის შერჩევისას. ამასთანავე, ის გარემოება, რომ სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, არ გამოირცხავს კონკრეტული სახდელის შერჩევის დასაბუთების საჭიროებას. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ორგანოს მიერ სახდელის ყველაზე მკაცრი სახის შერჩევა საფუძველს არის მოკლებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი