Nბს-357-357 (კს-18) 5 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაკოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. კ-მა, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მერია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 03 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ე. კ-მა და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მის მიერ მოპოვებული იქნა ახალი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა გადაისინჯოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. კერძოდ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურიდან მიღებული 2015 წლის 20 ოქტომბრის N 07/12516-13 წერილით ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით ვრცელდება ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა, სარეკრეაციო ზონა 2, მცირედით ზოგადი საცხოვრებელი ზონა თუმცა მისი სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია საცხოვრებელი ზონა 3-ის (სზ-3) პარამეტრებით და სატრანსპორტო ზონა 1. ამავე წერილზე დართულ ფუნქციურ რუკაზე ნათლად ჩანს, მიწის ნაკვეთი მდებარეობს არა ლანდშაფტურ სარეკრეაციო, არამედ საცხოვრებელ ზონაში და მის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. ასევე მიღებულ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს განკარგულება, რომლის მიხედვითაც ზემოთ ხსენებული საკადასტრო ერთეულიდან სისტემატურად ხდება სხვადასხვა ზომის მიწის ნაკვეთების გამოყოფა-გასხვისება გენ. გეგმაში ცვლილებების შეტანაზე არაუფლებამოსილი პირების მიერ, რითაც მისი საზღვრები ისე შეიცვალა, რომ მიწის ნაკვეთი არ ექცევა სარეკრეაციო ზონაში. თბილისის არქიტექტურის 2017 წლის 23 თებერვლის N 17/12200-13 წერილით კი დადგენილია, რომ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მხოლოდ 2016 წლის 21 ივლისს დაამტკიცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული რაიონის - აეროდრომის რაიონის სქემა, რომელშიც განთავსებული ნაკვეთების და შენობა- ნაგებობების მფლობელები ვალდებული არიან მათი გამოყენების პირობებში შეათანხმონ შპს ,,... ." შპს ,,..." მიღებული 2017 წლის 14 ივნისის N ... წერილით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე (კოორდინატების გათვალისწინებით) დასაშვებია საშუალო ზღვის დონიდან 629 მეტრი აბსოლუტური სიმაღლის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის ნიშნულის გადაჭარბების შემთხვევაშიც წარმოიშობა შპს ... შეთანხმების ვალდებულება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N 376 დადგენილების „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად მიწის ნაკვეთი განმარტებულია - სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ანდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან განგრეული) ან მის გარეშე, ესე იგი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დასადასტურებლად სულაც არ არის სავალდებულო მასზე შენობა - ნეგებობის არსებობა. ამდენად წარმოდგენილი დოკუმენტებით, ცალსახად დგინდება, რომ ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლებსაც 2010 წლის 23 თებერვალის გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, აღარ არსებობს და შესაბამისად, სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომლებიც იწვევენ ამ გადაწყვეტილების გადასინჯვის აუცილებლობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ე. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელი
ადმინისტრაციულ საქმეზე N3ბ/148-10 კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპოვებული მტკიცებულებებისა და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, განცხადებაში აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, რომელიც შესაძლებელია გახდეს საქმის წარმოების განახლებისა და შესაბამისად, მხარისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. კ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ განჩინების გამოტანისას სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი, რაც განჩინების გაუქმების იმპერატიული და აბსოლუტური საფუძველია, ვინაიდან მოხდა იმ კანონის გამოყენება, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განჩინებაში მითითებულია შეჯიბრებითობის პრინციპის მისი მხრიდან დარღვევაზე, მაშინ როდესაც ის არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი და არ გააჩნია იურიდიული განათლება, ხოლო მისი განცხადება სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულმა კი გამოიწვია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლო განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარემ ყოველგვარი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, ზეპირად განაცხადა სადავო ტერიტორიის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მოქცევისა და მასზე ასაფრენი შეზღუდვის არსებობის შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ იურიდიული განათლების არქონის გამო, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმის განმხილველი მოსამართლის მხრიდან სათანადო განმარტების არარსებობის გათვალისწინებით, მათ შორის სასამართლოს ინიციატივის უფლებამოსილების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარის ზეპირი განცხადება შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე დაედო საფუძვლად მოთხოვნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას, რითაც არსებითად დაირღვა და შეიზღუდა კერძო საჩივრის ავტორის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და კანონიერი ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ე. კ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-265-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.
განცხადების ავტორი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპოვებული მტკიცებულებებისა და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებზე, ასევე მიუთითებს როგორც სოციალურად დაუცველისათვის და იურიდიული განათლების არმქონე პირისათვის, ადვოკატის მომსახურების არარსებობის პირობებში უფლების დაცვის განხორციელების შეუძლებლობაზე, რის გამოც ადგება ზიანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების პირობას წარმოადგენს ფაქტის სიახლე, ამასთანავე საუბარია არა უბრალოდ ახალ, არამედ ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე, ე.ი. ისეთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, რომელიც საქმის განხილვის დროს არსებობდა, მაგრამ არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი განმცხადებლისა და სასამართლოსათვის, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე. აღნიშნული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას.
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ ე. კ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ არსებობდა 23.02.2010 წლის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, აღნიშნული მტკიცებულებები და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები კი შესაძლოა გახდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოსთვის თავიდან მიმართვისა და ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, განცხადების დასაშვებობის პირობები, არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობა, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ე. კ-ს მართებულად ეთქვა უარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე