ბს-225-225(კ-18) 21 ივნისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ბ-მა 22.12.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ც. ბ-ისათვის დევნილის სტატუსისი ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 10.08.2015წ. №1222 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ც. ბ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და დევნილის სტატუსის უკანონო ჩამორთმევით ც. ბ-ისთვის მიყენებული ზიანის, კერძოდ, 2014 წლის მარტიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით დევნილის შემწეობის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.06.2016წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2016წ. გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ც. ბ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 10.08.2015წ. №1222 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2017წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დევნილის სტატუსი დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიროტიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტთან და არა უძრავი ქონების ფლობასთან. მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე და მას შემდეგაც იყო გარდაბანი და არა ახალგორის რაიონი, სოფელი .... ც. ბ-ი 1997 წლიდან დღემდე მუშაობს გარდაბნის ... სკოლაში. ამასთანავე, მისი შვილი დაიბადა და 1992 წლიდან სწავლობდა გარდაბანში. სამოქალაქო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2005 წელს მოსარჩელის მისამართი იყო ქ. სოხუმი, 2007 წელს - გარდაბანი, ხოლო 2008 წლის ნოემბრიდან - ახალგორი, სოფ. ... ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის დასკვნაში მითითებული მონაცემები არარეალური და ნაკლებსარწმუნოა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვერ მოხერხდა საკომლო წიგნებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის გამოტანა. აღნიშნული დასკვნები ეფუძნება მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა პირთა ზეპირ მეხსიერებას. დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია პირს იძულების წესით ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ც. ბ-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 10.3 მუხლი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა სამინისტრო ვერ წარმოადგენს აღნიშნული გარემოებების დამდგენ სარწმუნო მტკიცებულებებს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამინისტროს მიერ სრულად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამინისტროს მითითება იმის შესახებ, რომ ც. ბ-ი 1997 წლიდან მუშაობს გარდაბნის N.. სკოლაში და მისი შვილი დაიბადა და სწავლობდა გარდაბანში, არ ასაბუთებს დევნილის სტატუსის გაუქმებას, საქმეში დაცულია ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაცემული ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ ც. ბ-ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა ახალორის რაიონის სოფ. …. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა პირის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის, არამედ ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხემ უნდა გამოიკვლიოს, თუ რას ეფუძნება ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ორგანოების მიერ გაცემული ცნობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი