ბს-546-546 (კ-18) 21 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-ემ 14.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: დ. გ-ის ნაწილში, კუთვნილი შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მივლინების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01.10.2015წ. N2166221 ბრძანების ბათილად ცნობა, დ. გ-ის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.02.2016წ. N255232 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დ. გ-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების (ქუთაისი) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის დავალება, დ. გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება 2015 წლის 01 დეკემბრიდან - თანამდებობაზე აღდგენამდე, დ. გ-ის სასარგებლოდ 2005-2019წ.წ. ყოველწლიური კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების და დ. გ-ისთვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. გ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01.10.2015წ. N2166221 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.02.2016 წ. N255232 ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა დ. გ-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების (ქუთაისი) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დ. გ-ის სასარგებლოდ 2015წლის 01 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, 2015-2016წ.წ. ყოველწლიური კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დ. გ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დ. გ-ემ.
თანამდებობაზე აღდგენისა და 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა გასაჩივრდა კერძო საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინების გაუქმების გზით სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების გამოცემისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ისინი მიღებულია საქმის ყოველმხრივი შესწავლის, შესაბამისი გარემოებების მოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად („პოლიციის შესახებ“ კანონის 42.1, 42.3 მუხლები). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01.10.2015წ. N2165292 ბრძანების თანახმად, გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო, მასში გათვალისწინებული ყველა საშტატო ერთეულით, მათ შორის გაუქმდა მოპასუხის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქუთაისი) პატრულ-ინსპექტორის საშტატო ერთეულიც. აღნიშნული რეორგანიზაციის საფუძველზე 01.10.2015წ. N2166221 ბრძანებით დ. გ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო ოთხი თვის შემდეგ 02.02.2016წ. N255232 ბრძანებით მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ შტატების იმავე ოდენობით (79 საშტატო ერთეული) შენარჩუნების შესახებ, რაც არ ქმნიდა დ. გ-ის შტატების შემცირების საფუძვლით თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველს. რეორგანიზაციის შემთხვევაში კადრების განკარგულებაში აყვანა და შემდგომში კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვის ვადის გასვლა უპირობოდ არ ქმნის მუშაკის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველს. შტატების შემცირების გარეშე რეორგანიზაციის საფუძვლით დ. გ-ის თანამდებობიდან განთავისუფლება უმართებულოა, რაც სწორად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ გაასჩივრებული ბრძანებების გამოცემისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზიებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი