Facebook Twitter

#ბს-249-249(2კ-18) 7 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 6 აპრილს მ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის #102015411188/3 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 მარტის #54173 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. დუშეთში, ... ქ. #72-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებული საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის გაუქმების დავალება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება მ. გ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 მარტის #54173 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. დუშეთში, ... ქ. #72-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებული საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის გაუქმება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში დამატებით უთითებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების ხარვეზზე, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა უძრავ ქონებაზე აღრიცხული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე მ. გ-ი იყო, ხოლო 2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მა. დ-მა წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შედგენილი არ ყოფილა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის რეგისტრაციამდე. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, გაუმართლებელი იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტისა და 16 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის #... გადაწყვეტილება, რომლითაც ქალაქ დუშეთში, ... ქუჩის (ყოფილი ... ქუჩა) №72-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) მ. დ-ის მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებას არ ერთვოდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი (შემოსავლების სამსახურის შესაბამისი მომართვა/შეტყობინება, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით). საჯაროსამართლებრივი შეზღუდვებისა და გირავნობა/იპოთეკის რეესტრის სამსახურმა 2016 წლის 11 იანვარს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებას, რომლითაც მ. დ-ს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 2 ივნისს გაცემულ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ საგანზე: უძრავი ნივთი, მდებარე ქ. დუშეთი, ... ქუჩა #72, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, სასოფლო-სამეურნეო, 442 კვ.მ., ..., რომლის მართლზომიერ მფლობელს/მესაკუთრეს წარმოადგენს მ. გ-ი, სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.

საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დადგენილია, რომ №... განცხადებით, 2009 წლის 2 ივნისს, უძრავი ნივთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მ. დ-ის სახელზე. აღნიშნული ამონაწერი ასევე არ შეიცავს მითითებას 2 ივნისის მდგომარეობით, ანუ უძრავი ნივთის შესყიდვის მომენტისათვის, მასზე რაიმე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ.

ხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. დუშეთი, ... ქუჩა №72, გასხვისების მომენტში საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო. ისევე როგორც უძრავ ნივთზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობა (რეგისტრაცია) არ გამოვლინდა ახალ მესაკუთრეზე ამონაწერის გაცემის მომენტში.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავის საგანთან მიმართებით გაკეთებულ შეფასებას მასზედ, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე რეგისტრირებას ექვემდებარება საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების წარმოშობის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას ემსახურება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ის წარმოადგენს კეთილსინდისიერი პარტნიორის უფლების დაცვის გარანტს. საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია თავისი ბუნებით წარმოადგენს იურიდიულ ფიქციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. აღნიშნული ფიქცია ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად არსებული ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მიუთითებს ხარვეზზე, ვერ გამორიცხავს განსახილველი ნორმით დაცულ ვარაუდს რეესტრში რეგისტრირებული უფლების მართებულობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო, კასატორების მიერ შემძენის არაკეთილსინდისიერების დამტკიცების შეუძლებლობის პირობებში, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას მოსარჩელე მ. დ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ უძრავი ქონების შესყიდვის მომენტში მ. დ-ს გააჩნდა დასაბუთებული, საფუძვლიანი ნდობა რეესტრში დაცული მონაცემების მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები უგულებელყოფს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესს, რაც საბოლოოდ მ. დ-ს, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს, აქცევს ნაკლის მქონე ნივთის მესაკუთრედ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან; საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ საგადასახადო კოდექსი, ისევე როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის ფაქტს უკავშირებს მარეგისტრირებელ ორგანოში შეზღუდვის რეგისტრაციის მომენტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. დუშეთი, ... ქუჩა №72, გასხვისების მომენტში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა არ არსებობდა, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (პირველადი რედაქცია) 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, თუ იგი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო, ან/და სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელე მ. დ-მა წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლო დაედასტურებინა სადავო აქტების უკანონობა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, კანონის დარღვევით მიღებული ზემოხსენებული აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე მ. დ-ის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და ლახავს მას, აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, წარმოადგენს სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. დუშეთში, ... ქ. №72-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებული საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის გაუქმების დავალების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 10.04.2018წ. #11077 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.04.2018წ. #11077 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი