Facebook Twitter

ბს-50-50 (კ-18) 21 ივნისი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.10.2017 წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ე-ემ 13.04.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 15.03.2017 წ. N41 271 ბრძანების ბათილად ცნობა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის სპეციალისტის თანამდებობაზე მ. ე-ის დაუყოვნებლივ აღდგენა და მ. ე-ის სასარგებლოდ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.04.2017 წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს.

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 05.07.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ე-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2017 წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 05.07.2017წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის - მ. ე-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 15.03.2017 წ. N41 271 ბრძანება, დანარჩენ ნაწილში მ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ(გამგეობამ).

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არ გაითვალისწინა მ. ე-ის მიერ დაკავებული თანამდებობის შემცირების (გაუქმების) ფაქტი, რასაც მოჰყვა ახალი თანამდებობის შექმნა სხვა სახელწოდებითა და განსხვავებული ფუნქციური დატვირთვით. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელსაც არ გააჩნდა იურიდიული ძალა მ. ე-ის თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. ე-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 15.03.2017წ. ბრძანება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება საკასაციო წესით მ. ე-ეს არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის (გამგეობის) მიერ, ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა სადავო არ გამხდარა, რადგან კასატორის მიზანია მ. ე-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შესაბამისად, მისი ინტერესის საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისობაზე მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. ასეთ დროს არ არსებობს გათავისუფლების საფუძველი, მსგავს შემთხვევებში მოხელე უნდა დაინიშნოს მის მიერ დაკავებული თანამდებობის ადეკვატურ, ფუნქციურად და იერარქიულად იმავე სტატუსის მქონე თანამდებობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციიის შედეგად არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა შტატების ჯამური ოდენობა. ამასთანავე, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული 19-ვე საშტატო ერთეული შეივსო, მათ შორის სამ შტატზე ხელშეკრულება გაფორმდა ისეთ პირებთან, რომლებიც რეორგანიზაციამდე გამგეობის თანამშრომლები არ ყოფილან. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება შტატების შემცირება და განყოფილების ფუნქციების არსებითი ცვლილება, ხოლო შტატებზე ინიშნებიან ისეთი პირები, რომლებიც მ. ე-ის განთავისუფლებამდე არ იყვნენ ორგანოში დასაქმებულები, დაუსაბუთებელია მ. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების მოტივით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა შტატების ზრდისა და ახალი თანამშრომლების დასაქმების პირობებში მ. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი