ბს-6-6 (კ-18) 28 ივნისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.07.2017 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 05.09.2016 წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ი/მ ც. ზ-ისა და ი/მ გ. მ-ის მიმართ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 05.09.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.04.2017 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ც. ზ-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 18 979,9 ლარის ოდენობით, ამიტომ მის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგების საფუძველზე. 19.11.2014 წ. ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებულმა გ. მ-ემ იმავე ადგილზე დაიწყო ეკონომიკური საქმიანობა, რომელზეც მისი მეუღლე - ც. ზ-ე საქმიანობდა, ამასთანავე, გ. მ-ე საქმიანობას ახორციელებდა ც. ზ-ის მიერ გადაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებით. ამდენად, დავალიანების წარმოშობის შემდგომ ც. ზ-ემ შეწყვიტა საქმიანობა და თავის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ქონება გადასცა ურთიერთდამოკიდებულ პირს, რომელმაც გააგრძელა იგივე საქმიანობა იმავე ადგილას. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ურთიერთდამოკიდებულმა პირებმა - მეუღლეებმა, იმოქმედეს ერთობლივად, შეთანხმებულად საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდან არიდების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მხოლოდ მოპასუხეთა ცოლ-ქმრობის ფაქტი და ის გარემოება, რომ სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება ერთსადაიმავე ფართში, ვერ გახდება მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი, მეუღლეებს არ ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო მსგავსი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს მეწარმეთა ცრუმაგიერობას.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ ი/მ ც. ზ-ის რეგისტრაციის გაუქმება და გ. მ-ის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირება ემსახურება გადასახადისაგან თავის არიდების მიზანს. საქმეზე სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ ი/მ ც. ზ-ეს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდევინების ხელშემშლელი გარემოებების შექმნა მეუღლეთა შეთანხმებული ქმედებით არ დასტურდება. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი (2.3 მუხ.), ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით (3.1 მუხ.), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი (142.3). ამდენად, გაურკვეველია რა სახით შეიძლება განხორციელდეს ი/მ ც. ზ-ის მიერ აღიარებული დავალიანების გადახდევინების თავიდან არიდება მისი, როგორც მეწარმე სუბიექტის, რეგისტრაციის გაუქმებით და გ. მ-ის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებით. სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მიუთითებია ც. ზ-ის მიერ თავის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის თავიდან არიდების მიზნით რაიმე ქმედებების განხორციელების თაობაზე. კასატორის მითითება, რომ გ. მ-ემ საქმიანობა დაიწყო ც. ზ-ის მიერ გადაცემული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებით, არ ეფუძნება საქმეში დაცულ რაიმე მტკიცებულებას. ამდენად, დაუსაბუთებელია ც. ზ-ისა და გ. მ-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი