Facebook Twitter

#ბს-285-285(2კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ამხანაგობა „…“ და თ. თ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 1 მაისს მ. ტ-მა, გ. ჭ-ამ, მ. ა-ემ, გ. ბ-ემ და გ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა „ქალაქ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ... #4 და ... #3-ში ამხანაგობა „...“ მიწის ნაკვეთზე მშენებარე სახლის კორექტირებული და მიმდებარედ ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 30 დეკემბრის #20/894 ბრძანების, „ქალაქ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, .... #4 (I ეტაპი) და ... #3-ში (II ეტაპი) ამხანაგობა „...“ მიწის ნაკვეთზე მშენებარე სახლის კორექტირებული და მიმდებარედ ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 12 სექტემბრის #ნ/1393 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 12 სექტემბრის #ნ/1393-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, „ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი - მთაწმინდა), ... #3/... #4-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული სახლის კორექტირებული პროექტის (II ეტაპი) შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 17 აგვისტოს #01/2375 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული 2011 წლის 17 აგვისტოს #ნ/2493-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, ასევე „მოქალაქეების გ. ბ-ის, მ. ა-ის, გ. თ-ის, დ. თ-ის, ქ. გ-ის, მ. ტ-ისა და გ. ჭ-ას ერთობლივი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 18 მარტის #464 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება იბა „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. თ-ი, პ. ხ-ი და ბ. ჭ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ს-ე და გ. ჯ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის, გ. ჭ-ას, მ. ა-ის, გ. ბ-ის, გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 30 დეკემბრის #20/894 ბრძანება „ქ. თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ... #4-სა და ... #3-ში ამხანაგობა „...“ მიწის ნაკვეთზე მშენებარე სახლის კორექტირებული და მიმდებარედ ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 12 სექტემბრის #ნ/1393 ბრძანება „ქ. თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ... #4-სა (I ეტაპი) და ... #3-ში (II ეტაპი) ამხანაგობა „...“ მიწის ნაკვეთზე მშენებარე სახლის კორექტირებული და მიმდებარედ ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 12 სექტემბრის #ნ/1393-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 17 აგვისტოს #01/2375 ბრძანება „ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი - მთაწმინდა), ... #3/... #4-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული სახლის კორექტირებული პროექტის (II ეტაპი) შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ და მის საფუძველზე გაცემული 2011 წლის 17 აგვისტოს #ნ/2493-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 18 მარტის #464 განკარგულება „მოქალაქე მ. ტ-ის, გ. ჭ-ას, მ. ა-ის, გ. ბ-ის, გ. თ-ის ერთობლივი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, იბა „...“, თ. თ-მა, გ. ჯ-მა, ნ. მ-ემ, ბ. ჭ-ემ, პ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ბ-ე, ი.ბ-ი, მ. კ-ი, მ. უ-ე, მ.ბ-ე, რ. გ-ე, დ. გ-ი, დ. უ-ი, ი. ჯ-ი, ლ.ო-ე, გ. უ-ი, შ. მ-ი, თ. ქ-ი, გ. კ-ე, ს. კ-ე, ი. გ-ე, ნ. ლ-ე, ლ. კ-ე, მ. ქ-ე, ფ. მ-ი, ი. ძ-ი, ა. მ-ე და გ. ხ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით აპელანტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, იბა „...“, თ. თ-ის, გ. ჯ-ის, ნ. მ-ის, ბ. ჭ-ისა და პ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამხანაგობა „...“ და თ. თ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ დარღვეულია სადავო აქტების გასაჩივრების ვადა. კასატორის განმარტებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს #8-13 და 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებები ითვალისწინებს კ2-ის მაჩვენებლის გამოთვლის განსხვავებულ წესს. კასატორი მიიჩნევს, რომ საექსპერტო დასკვნა, რომლითაც კ2-ის მაჩვენებელი დათვლილია 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესების თანახმად, არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო 2001 წლის 1 აგვისტოს #8-13 გადაწყვეტილების მოთხოვნათა შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციული აქტების კანონიერების შესამოწმებლად.

კასატორებმა - ამხანაგობა „...“ და თ. თ-მა აღნიშნეს, რომ ადგილი არ ჰქონია სადავო აქტებით მოსარჩელეთა უფლებების დარღვევას. ამასთან, არ დასტურდება მოსარჩელეთათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. კასატორების განმარტებით, სარჩელი ხანდაზმულია, კერძოდ, გასულია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების 1-თვიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტისა და 10 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ამხანაგობა „...ა“ და თ. თ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ამხანაგობა „...“ და თ. თ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს #8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის“ მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელი ზონა (სზ) 3-თვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) განისაზღვრა 0.5-ით, ხოლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) 1.8-ით, ხოლო ცალკეული მიწის ნაკვეთების განაშენიანებისას გამწვანების მინიმალური ფართის მაჩვენებელი არ უნდა იყოს ამ ნაკვეთების ფართობის 10%-ზე ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს #8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის“ 20.3 მუხლი ითვალისწინებდა განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლების გადამეტებას დეტალური გეგმარების პროექტების გადაწყვეტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობების სიმაღლის ან სართულიანობის მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს არსებული განაშენიანების შესაბამის პარამეტრებთან გათანაბრება, დასაშვებია ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის ამ რეგლამენტით განსაზღვრული კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების ამ წესებით განსაზღვრული წესით განხილვა (სპეციალური შეთანხმება), ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობის მშენებლობა გამართლებულია დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებულ მიზეზებთან (სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით), დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტის (ტერიტორიის განაშენიანება (კ-1) და განაშენიანების ინტენსივობა (კ-2)) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი საექსპერტო დასკვნის, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოს შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.

იმ პირობებში, როდესაც 2002 წლის 26 ივნისის #პრ/275 არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებით დაშვებულ კოეფიციენტებთან სადავო აქტებით დამტკიცებული სამშენებლო პროექტების შეუსაბამობა დგინდება საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 3 დეკემბრის #005026413 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რაც დასტურდება ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 მარტის ო-228 სხდომის ოქმით, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ვერც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და ვერც მესამე პირებმა ვერ უზრუნველყვეს განაშენიანების კოეფიციენტების გადამეტების ნებართვის შესახებ შესაბამისი აქტის წარმოდგენა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ყოველივე აღნიშნული ცალსახად ადასტურებს კანონიერი საფუძვლის გარეშე, შეთანხმებული სამშენებლო პროექტების შეუსაბამობას დადგენილ განაშენიანების კოეფიციენტებთან. აღსანიშნავია, რომ განაშენიანების კოეფიციენტების გადამეტების ნებართვის შესახებ შესაბამისი აქტის არარსებობა ასევე დადასტურებულია ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 მარტის ო-228 სხდომის ოქმით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. თ-ს საკასაციო საჩივარზე 08.05.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. თ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ამხანაგობა „...“ და თ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინება;

3. თ. თ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.05.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი