# ბს-387-387 (კ-18) 21 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. მ-ემ 27.10.2016 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, მოპასუხისათვის 06.10.2015წ. - 12.04.2016წ. პერიოდში კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ე. მ-ის სასარგებლოდ 06.10.2015წ. - 12.04.2016წ. პერიოდში მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების, საარსებო შემწეობის, ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალურმა მომსახურების სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება სამართლის ნორმებს, რადგან იგი მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ შეუწყვეტია საარსებო შემწეობის გაცემა ე. მ-ის ოჯახისთვის, არამედ შეწყდა საარსებო შემწეობის დასანიშნად დეკლარაციის შევსების პროცესი, ვინაიდან სოციალური აგენტის მიერ განხორციელებული სამი ვიზიტის დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა განაცხადში მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე. საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. #145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესის“ 11.18 მუხლის თანახმად საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2018წ. განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივარის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ ე. მ-ის ოჯახის მიმართ საარსებო შემწეობის დასანიშნად დეკლარაციის შევსების პროცესის შეწყვეტა განხორციელდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ე. მ-ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რასაც შედეგად მოჰყვა საარსებო შემწეობის შეწყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა საარსებო შემწეობის დასანიშნად დეკლარაციის შევსების პროცესის შეწყვეტას, აღნიშნული არ გამოიწვევდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას და საარსებო შემწეობის შეწყვეტას, ვინაიდან ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრის შეუძლებლობა არის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შედგენის საფუძველი („სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N 141/ნ ბრძანების 14.1 მუხ. „ვ“ ქვეპ.), რაც არ შეიძლება გახდეს ოჯახისთვის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი (14.11 მუხ.).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.12.2015წ. #04/101047 და 12.04.2016წ. #04/29703 მიმართვებში ე. მ-ისადმი აღნიშნულია, რომ ე. მ-ის ოჯახს 06.10.2015წ. გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იმ საფუძვლით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული 3 ვიზიტის შედეგად ვერ მოხერხდა ოჯახის წევრთან შეხვედრა. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შემოწმების შედეგად ოჯახს დაუდგინდა 17750 სარეიტინგო ქულა, რაც ე. მ-ის ოჯახისთვის იმავე ოდენობით საარსებო შემწეობის გაცემის საფუძველი გახდა 2016 წლის აპრილის თვიდან. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ე. მ-ის ოჯახი 06.10.2015წ. - 12.04.2016წ. პერიოდში არ იღებდა საარსებო შემწეობას. აღნიშნული პერიოდის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებაზე ზემოთმითითებული მიმართვებით ე. მ-ეს ეთქვა უარი, რაც შესაბამისობაში არ არის ზემოთ მითითებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N 141/ნ ბრძანებასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.08.2006წ. N 225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესთან“, რომლის თანახმად საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე, მაშინ ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან (4.4 მუხ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 06.10.2015წ. ე. მ-ის ოჯახის რეგისტრაციის არასწორად გაუქმებას შედეგად მოჰყვა საარსებო შემწეობის შეწყვეტა, ე. მ-ეს არ მიუღია საარსებო შემწეობა მოთხოვნილ პერიოდში, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნას.
ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რეალობა და აღნიშნულის გამო არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი