Facebook Twitter

ბს-2-2(კ-18) 21 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ნ-მა 13.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.04.2016წ. N04/28714 წერილის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო კომპენსაციის არასწორად დაანგარიშების გამო 01.04.2013წ. - 01.04.2016წ. გაუცემელი კომპენსაციის 2475.5 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.04.2016წ. N04/28714 წერილი, მოპასუხეს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა რ. ნ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.02.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) სახელმწიფო კომპენსაციის სახის შეცვლის (ახლის დანიშვნა) მიზნით მიმართა 07.03.2016წ.. შედეგად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რ. ნ-ს 2016 წლის 01 აპრილიდან შეუწყდა წელთა ნამსახურეობის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო გასაცემელი და კომპენსაცია დაინიშნა ახლიდან, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით. აღნიშნული შედეგად რ. ნ-ის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა 540.50 ლარით. არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთანავე, სასამართლოს მსჯელობა საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი და სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენენ სასამართლოსგარეშე ხარჯებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივარის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია საპენსიო საქმის მასალების ნაწილი, რომელთა მიხედვით შეუძლებელია შეფასდეს იყო თუ არა გათვალისწინებული რ. ნ-ის მიერ მიღებულ კომპენსაციაში შეზღუდული შესაძლებლობისთვის გათვალისწინებული დანამატი 2013 წლის 01 აპრილიდან 2016 წლის 01 აპრილამდე პერიოდში. გასაჩივრებულ აქტი შეიცავს მითითებას, რომ რ. ნ-ს სურდა რა კომპენსაციის მიღება შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით, მისი 07.03.2016წ. განცხადების საფუძველზე მოხდა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტა და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა. გასაჩივრებული აქტი და საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას თუ რომელ ნორმატიულ აქტს ეყრდნობა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება იმის შესახებ, რომ ნამსახურობის წლების და შეზღუდული შესაძლებლობისთვის გათვალისწინებული დანამატის ერთდროულად გაცემა შეუძლებელია.

„სოციალური პაკეტის განსაზღვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. #279 დადგენილება განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა ამ წესის 5.1 „ზ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (6.1 მუხ.), ხოლო წესის 5.1 „ზ“ ქვეპუნტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნას. საქმის მასალებით დგინდება, რომ რ. ნ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის II ჯფუგის ინვალიდობა აქვს დადგენილი (ს.ფ.132). ამასთანავე, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი ითვალისწინებდა სამხედრო ტრამვის შედეგად დაინვალიდებულ I და II ჯფუგის ინვალიდთათვის პენსიის დანამატს 85%-ის ოდენობით, ხოლო რ. ნ-ი სარჩელით ითხოვს პენსიაზე 15% დანამატის მიუღებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის ცვლილების შესახებ“ 29.06.2016წ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადაანგარიშების შედეგად რ. ნ-ის დაენიშნა კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით (საფუძველი რ. ნ-ის 07.03.2016წ. განცხადება) და არა 540.50 ლარი, როგორც ეს არის აღნიშნული საკასაციო საჩივარში. ამასთანავე, გასაჩივრებულ აქტში მითითებული არ არის იმის შესახებ, რომ რ. ნ-ისთვის 1997 წლის 15 ივლისიდან დანიშნულ კომპენსაციაში შედიოდა შეზღუდული შესაძლებლობისთვის დადგენილი დანამატი, თუმცა საქმის მასალებით საწინააღმდეგო დასტურდება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება სადავო აქტის ბათილად ცნობის და საკითხის ხელახალი გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი გამოკვლევისას უნდა იმსჯელოს, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მითითებულ საკითხებზე, ასევე რ. ნ-ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, აგრეთვე დამატებით კვლევას საჭიროებს მოთხოვნილი თანხის ოდენობის საკითხი.

საფუძველს მოკლებულია ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების უსწორობაზე კასატორის მსჯელობა. სასამართლოსგარეშე ხარჯს მიეკუთვნება ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, რომლის ანაზღაურების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით და განსაზღვრულია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დაეკისრებინა რ. ნ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი