Facebook Twitter
ბს-378-378(2კ-18) 21 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ფ-ამ და ნ. ნ-ამ 11.01.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეთა ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულების ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნა. ნ-ას შორის 03.09.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 25.04.2014წ. №05/02-12/9226 და 06.06.2014წ. №02/01-11/13233 აქტების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2016წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნა. ნ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.2016წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ფ-ას და ნ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულება იმ ნაწილში სადაც ნა. ნ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად მითითებულია ნ. ნ-ა და მ. ფ-ა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნა. ნ-ას შორის 03.09.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. ნ-ასა და მ. ფ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 25.04.2014წ. №05/02-12/9226 და 06.06.2014წ. №02/01-11/13233 აქტები, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დამაჯერებლობას მოკლებულია ნ. ნ-ას პრეტენზია ხელშეკრულების დადების მომენტში სადავო მისამართზე მისი არ ცხოვრების, და აღნიშნულის გამო ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაციის არ ფლობის შესახებ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ნა. ნ-ასთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის ერთ-ერთი და აუცილებელი პირობა ოჯახის წევრთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა იყო. ამასთანავე, სასამართლოების ყურაღების მიღმა დარჩა ის საკითხი, რომ 2007 და 2013 წლების დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის დროს, მოსარჩელეთა რეგისტრაციისა და ფაქტობრივ მისამართს სადავო ბინა წარმოადგენდა. ნ. ნ-ამ და მ. ფ-ამ მათი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ გახადეს სადავო ნ. ნ-ასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება, აღნიშნულის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეაბილიტაციისა და ახალი კორპუსების მშენებლობების დაწყების საკითხი. იმ შემთხვევაშიც, თუ ნ. ნ-ასა და მ. ფ-ასთვის არ იყო ცნობილი სადავო ხელშეკრულების შესახებ, მათი პრეტენზია მიმართული უნდა იქნეს ნა. ნ-ას მიმართ, რადგან მან ნებაყოფლობით, უკანონო ზეგავლენის გარეშე იკისრა ვალდებულება ნ. ნ-ასა და მ. ფ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავოდ ქცეულ ხელშეკრულებაში მითითებულ პირთა წერილობითი თანხმობის არსებობა არ იყო აუცილებელი, რადგან მათ მოცემული ხელშეკრულებით არანაირი ვალდებულება არ დაკისრებიათ. დაცულია სზაკ-ით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის მოთხოვნები. დღეის მდგომარეობით, დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად, ნ. ნ-ა და მ. ფ-ა დაკმაყოფილებულნი არიან გრძელვადიანი საცხოვრებლით. შესაბამისად, შეუძლებელია მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის ხელახლა განხილვა სამინისტროს მიერ.
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ„ კანონის 6.1 და 6.5 მუხლებზე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე და აღნიშნავს რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ობიექტი არის დევნილთა ოჯახი და არა ოჯახის თითოეული წევრი. კასატორი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 130ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც პრივატიზების შესახებ ცნობილი გახდა მხარისთვის. მოცემულ შემთხვევაში დევნილ ოჯახს 2009 წელს გადაეცა საცხოვრებელი ფართი და შეეცვალა დევნილის შემწეობის ოდენობა, შესაბამისად, მათ უნდა სცოდნოდათ ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და ხანდაზმულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მ. ფ-ა და ნ. ნ-ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მონაცემებით რეგისტრირებულნი არიან ერთ ოჯახად, ნომრით .... საქმეში მესამე პირად ჩართული ნა. ნ-ა არის ნ. ნ-ა და და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მონაცემებით რეგისტრირებულია ცალკე ნომრით - .... მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში შეუძლებელია მითითებული პირების ერთ ოჯახად მიჩნევა. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი ქ. მარტვილის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელეები 1994 წლიდან 2003 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ქ. მარტვილში. საქმეში, აგრეთვე, დაცულია მოსარჩელეთა მეზობლების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც მ. ფ-ა და ნ. ნ-ა 2003 წლიდან 2012 წლამდე ცხოვრობდნენ თბილისში, ორხევის დასახლება, ... ქ. N1-ში. მოპასუხეს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამაქარწყლებელი სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ვერ დასტურდება მოსარჩელეთა სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი