#ბს-192-192(კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 8 სექტემბერს ა.შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ა. წ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 სექტემბრის #... გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დაუსაბუთებელია და მიღებულია საქმეში დაცული დოკუმენტაციის არასწორი შეფასების შედეგად, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, ასევე განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს სადავო გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილდა მესამე პირის, ა. წ-ის მიერ მის საკუთრებაში ს.კ. ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ხელახალი დაზუსტების გზით (სარეგისტრაციო განცხადება #...). აღნიშნული რეგისტრაციის შედეგად სრულად იქნა აღმოფხვრილი ა.შ-ის #... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი. სააგენტოს მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა აღნიშნული განცხადება და შესაბამისი წარმოება, ამონაწერით და საკადასტრო გეგმით. ასევე, სასამართლოში წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზი, რომელზეც ნათლად ჩანდა როგორც მესამე პირის, ისე მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები. კასატორის მითითებით, აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთის ს.კ. ... საზღვრები ვეღარ იქნებოდა მოსარჩელისათვის რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, უძრავი ნივთის რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის პირობებში, არ არსებობდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგნის მიმართ.
კასატორის მითითებით, ძალადაკარგული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დროს მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ამგვარი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მისთვის შესაძლო სამართლებრივი სიკეთის დადგომის ფაქტი და აღნიშნული უნდა დასაბუთდეს სასამართლო გადაწყვეტილებაში, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასაბუთება იმ იურიდიული ინტირესისა, რაც სადავო ძალადაკარგული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში არის მისაღწევი. ამასთან, სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული მოსარჩელის კანონიერი ინტერესი ძალადაკარგული აქტების ბათილად ცნობის მიმართ, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის ურთიერთობა მოწესრიგებულ იქნა ალტერნატიული საშუალებით და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერანაირი მნიშვნელობა ვერ ექნება მხარეებისათვის, ამასთან, თავად მოსარჩელის უფლება, რის გამოც მიმდინარეობდა სასამართლოში საქმის წარმოება, უკვე რეალიზებულია და მისი უფლება რეგისტრირებულია მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ა.შ-ის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
კასატორი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის არასწორად იქნა დაკისრებული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები 1100 ლარის ოდენობით. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გარკვეული მტკიცებულების შექმნა მისი სარჩელის დასაბუთებულობისთვის, არ შეიძლება გახდეს მეორე მხარის ფინანსური ტვირთის მატარებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. წ-ის მოთხოვნა, კერძოდ, დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე და გაიცა შესაბამისი ამონაწერი, ასევე საკადასტრო გეგმა. აღნიშნული ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის მიხედვით, თბილისში, ... ქუჩა #37ა-ში მდებარე, 630 კვ.მ დაზუსტებული ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) და მასზე არსებულ შენობა ნაგებობებზე (საერთო ფართით 171,86 კვ.მ.) დარეგისტრირდა ა. წ-ის საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2002 წლის 24 ივლისის #2/1006 გადაწყვეტილება).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს.
ზემოაღნიშნული კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლი ადგენს რეგისტრაციის დამატებით პირობებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა–ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა–მდე ან 50000 კვ.მ–მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა–ზე ან 50000 კვ.მ–ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 24 სექტემბერს ა. წ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის, შენობა-ნაგებობის საკუთრების და მიწის ნაკვეთის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებისა და საინვენტარიზაციო გეგმის საფუძველზე მოითხოვა თბილისში, ... ქუჩა #37ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ფართად განსაზღვრული იყო მითითებულ მისამართზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 630 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობანაგებობებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. წ-ის განცხადება, დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ნივთზე და გაიცა შესაბამისი ამონაწერი, ასევე საკადასტრო გეგმა. აღნიშნული ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის მიხედვით, თბილისში, ... ქუჩა #37ა-ში მდებარე, 630 კვ.მ დაზუსტებული ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) და მასზე არსებულ შენობა ნაგებობებზე (საერთო ფართით 171,86 კვ.მ.) დარეგისტრირდა ა. წ-ის საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2002 წლის 24 ივლისის #2/1006 გადაწყვეტილება).
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თბილისში, ... ქუჩა #37-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის უფლების დამადასტურებლად საჯარო რეესტრში დაცულია 1995 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ა.შ-მა შეიძინა თბილისში, ... ქუჩა #37-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 ნოემბერს შედგენილ #... დასკვნაზე, რომლის თანახმად, 1995 წელს გაცემულ საინვენტარიზაციო გეგმაზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და საჯარო რეესტრში ა. წ-ის სახელზე რეგისტრირებულ #... მიწის ნაკვეთის მონაცემებს შორის ფიქსირდება ურთიერთგადაფარვა. გადაფარვის ფართი შეადგენს 27 კვ. მეტრს, ხოლო 2015 წლის 28 ოქტომბერს შედგენილი #... დასკვნის თანახმად, ა. წ-ის სახელზე 2007 წლის 24 ივლისს გაცემულ საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული შენობა-ნაგებობებისა და ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობების კოორდინატების გათვალისწინებით გაორიენტირებული 624 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და ფართი განსხვავდება #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისაგან, თუმცა ფართობრივი სხვაობა შეადგენს 630-624=6 კვ.მ.-ს, რაც ჯდება საჯარო რეესტრის მიერ დაშვებულ 1%-იან ცდომილებაში (624*1,01=630,24). ამავე დასკვნის თანახმად, ა. წ-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 644 კვ. მეტრს, რაც 20 კვ. მეტრით აღემატება ტექბიუროს ნახაზში მითითებულ 624 კვ. მეტრს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლად მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მონაცემები არ იყო შესაბამისობაში საჯარო რეესტრში ა. წ-ის სახელზე აღრიცხულ ქონებასთან დაკავშირებით დაცულ ინფორმაციასთან. შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არ დაუდგენია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობა, რაც საჯარო რეესტრის ვალდებულებას წარმოადგენს და რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.3 მუხლზე მითითებით, მართებულად არ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, იმ მოტივით, რომ მართალია, ა. წ-ის მიერ მის საკუთრებაში (ს/კ ...) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ხელახალი დაზუსტების გზით სრულად იქნა აღმოფხვრილი ა.შ-ის #... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, კერძოდ, აღარ არსებობდა მოსარჩელისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, თუმცა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 26 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების არასწორად დაკისრების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 16.03.2018წ. #08371 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.03.2018წ. #08371 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი