Facebook Twitter

ბს-1165-1159 (2კ-17) 21 ივნისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჭ-ემ 18.07.2016წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა საჯარო სამსახურში შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოცემული მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 25.12.2015წ. №1236 ბრძანებისა და საჯარო სამსახურში შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოცემული მოხელის გათავისუფლების შესახებ თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 06.07.2016წ. №571 ბრძანების ბათილად ცნობა, საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დაუყოვნებლივ აღდგენა იმავე თანამდებობაზე და იმავე პირობებით, სამუშაოზე არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი ხელფასის, როგორც განაცდურის სრულად ანაზღაურება და საჯარო სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი ხელფასის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის დაკისრება.

თელავის რაიონული სასამართლოს 22.02.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 06.07.2016წ. №571 ბრძანება თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ... მ. ჭ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 25.12.2015წ. №1236 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-ემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ჭ-ისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი - თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ მ. ჭ-ე სისტემატურად არღვევდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის 2.5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 2016 წლის ივნისის თვეში მ. ჭ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაგვიანების 8 (რვა) ფაქტს. აღსანიშნავია, რომ მ. ჭ-ის მიმართ უკვე მოქმედებდა ისეთი დისციპლინური ღონისძიება, როგორიცაა გაფრთხილება. კასატორი მიუთითებს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელიც საფუძვლად უდევს აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში მ. ჭ-ისათვის ცნობილი იყო სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 06.07.2016წ. №571 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათიალდ ცნობის საფუძველი.

კასატორი - მ. ჭ-ე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს მითითებას სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების დანაწესების მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე. სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32.4 მუხლი. აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებლობა განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში არსებობს, კერძოდ როდესაც სასამართლოს თავად არ შეუძლია ან ვერ ხერხდება სასამართლო წესით იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომელიც აუცილებელია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესაფასებლად. კასატარი ასევე მიუთითებს, რომ შინაგანაწესი, რომლის დარღვევასაც ედავება დამსაქმებელი დადგენილი წესით არ ჰქონდა მას გადაცემული და გაცნობილი. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ასევე იმ ფაქტზე, რომ სამსახურში გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, არ არის სათანადო წესით შედგენილი. შესაბამისად ვერ დასტურდება, რომ იგი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული სისტემის აპარატიდან არის ამოღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შეფასების პროცესში, ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უნდა პასუხობდეს დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს, რამეთუ დაინტერესებული პირისათვის ცნობილი იყოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებეზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ მსგავსი გადაწყვეტილება. ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება, უნდა დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და მისი მიღების აუცილებლობა. მ. ჭ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 99.2 მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა. დადგენილია, რომ სადავო ბრძანების გამოცემამდე მ. ჭ-ეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 25.12.2015წ. №1236 ბრძანებით დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა - გაფრთხილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდეგ კვალიფიციური დასაბუთების მეშვეობით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. ჭ-ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტში არ არის მოყვანილი სამსახურიდან მ. ჭ-ის გათავისუფლების მოტივაცია, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, რამეთუ აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტუდება მ. ჭ-ის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვის, ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობისა და საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემა, რაც ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარემოებების სათანადო გამოკვლევის დავალების ვალდებულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი