№ბს-358-358(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 თებერვლის №2451929 გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 ივნისის №1-923 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის მის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 ივნისის №1-923 ბრძანება „ე. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; სადავო საკითხის გადუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 თებერვლის №2451929 გადაწყვეტილება; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ... ქუჩა №78-ში (იგივე №78ა და №78ბ) მდებარე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლზე მანსარდის პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 დეკემბრის №487863 ბრძანებით ქ. თბილისში, ... ქუჩა №78-ში (ივიგე №78ა და №78ბ), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (სართულის დაშენება) არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2013 წლის 2 ივლისის №770157 ბრძანებით კი ქ.თბილისში, სექტორი -..., ... ქუჩა №78ბ-ში თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (სართულის დაშენება) შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 2 ივლისიდან 2015 წლის 2 იანვრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №2/18293-2013), ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „... 78“-ის 2012 წლის 25 აპრილის კრების ოქმი №1, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ...“ 2013 წლის 1 ივლისის კრების ოქმი №6. ამავე გადაწყვეტილებით ე. ა-ეს, ნ. ა-ეს, ე. გ-ეს, გ. გ-ას, ი. ა-ეს, ა. ს-ი გ-ს, კ. ს-ა გ-ს, ნ. ა-ეს, თ. ს-ეს, ც.ქ-ეს, თ. ტ-ეს, მ. ა-ს, ი. ლ-ეს, ნ. მ-ეს, მ.ა-ს, თ.ა-ს აეკრძალათ ქ.თბილისში, ... №78ბ-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სართულის დაშენება. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის №1309926 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 დეკემბრის №487863 და 2013 წლის 2 ივლისის №770157 ბრძანებები.
2015 წლის 9 დეკემბერს ე.გ-ემ (დამკვეთები: ე. ა-ე, ი. ა-ე, ნ.ა-ე, გ. გ-ა, ი. ლ-ე, ნ. მ-ე, ა. ს-ა გ-ი, კ. ს-ა გ-ი) №AR1362783 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქუჩა №78-ში (იგივე №78ა და №78ბ) მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენების შესახებ პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №2400913 გადაწყვეტილებით, ე. გ-ის (დამკვეთები:ე. ა-ე, ი. ა-ე, ნ.ა-ე, გ. გ-ა, ი. ლ-ე, ნ. მ-ე, ა. ს-ა გ-ი, კ. ს-ა გ-ი) 2015 წლის 9 დეკემბრის №AR1362783 განცხადება არ დაკმაყოფილდა, მითითებული გადაწყვეტილება განმცხადებლების მხრიდან არ გასაჩივრებულა.
2016 წლის 15 თებერვალს, ე. გ-ემ (დამკვეთები:ე. ა-ე, ი. ა-ე, ნ.ა-ე, გ. გ-ა, ი. ლ-ე, ნ. მ-ე, ა. ს-ა გ-ი, კ. ს-ა გ-ი) კვლავ მიმართა განცხადებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქუჩა №78-ში (იგივე №78ა და №78ბ) მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების შესახებ პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 თებერვლის №2451929 გადაწყვეტილებით ე. გ-ის საჩივარი დარჩა განუხილველად, იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობდა სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №2400913 გადაწყვეტილება და განცხადებაში არ იყო მითითებული ახლადაღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობის შესახებ.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 ივნისის №1-923 ბრძანებით ე. ა-ის 2016 წლის 21 მარტის №100478/15 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 თებერვლის №2451929 გადაწყვეტილება.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 თებერვლის №2451929 გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 1 ივნისის №1-923 ბრძანება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით მართებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 15 თებერვალს სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის კვლავ მიმართვა არ შეიძლება განხილულ იქნეს საქმეზე იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლად, რომელიც საფუძვლად დაედო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №2400913 გადაწყვეტილებას, რომლითაც განმცხადებლებს უარი ეთქვათ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენების შესახებ პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რადგან ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდნენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 2 დეკემბრის №006879015 საექსპერტო დასკვნასთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ კ. ზ-ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის უფროსის ე.წ. „ინფორმაციული წერილი“, რომელიც კასატორის (მოსარჩელის) მოსაზრებით განცხადების დაშვებისა და საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძველია ვერ ჩაანაცვლებს ექსპერტიზის დასკვნას. იმ პირობებშიც კი, თუ დაშვებული იქნება, რომ კ. ზ-ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის უფროსის „ინფორმაციული წერილი“ 04.02.2016წ. №5000554516, წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას, აღნიშნული არ იძლევა პასუხს წარდგენილი პროექტი სეისმომედეგობის თვალსაზრისით არის თუ არა შესაბამისობაში მშენებლობის ნორმებთან, რაც, თავის მხრივ, იქცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №2400913 გადაწყვეტილებით განცხადების უარყოფის ერთ-ერთ საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ა-ეს საკასაციო საჩივარზე 19.03.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. ა-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ე. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.03.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი