№ბს-769-765(კ-17) 10 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები - გ. კ-ე, სს „...“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების აკრძალვა, ქმედების უკანონოდ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 7 აგვისტოს გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალოს აღსრულების განხორციელება გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე: ა)უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ... N21, საკადასტრო კოდი: ..., გ. კ-ის კუთვნილი წილი 45/145; ბ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ... N21-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: ...; გ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ... საკადასტრო კოდი: ...; დ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ..., საკადასტრო კოდი: ...; ე) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, ..., საკადასტრო კოდი: ...; ვ) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, ..., საკადასტრო კოდი: ...; ზ) უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ... გამზირი N24ბ, საკადასტრო კოდი: ...; თ) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, ..., საკადასტრო კოდი: ...; ი) უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქ თბილისში, ..., ..., N9. საკადასტრო კოდი: ...; კ) 100% წილი შპს ,,...'' (ს/კ ...); ლ) 50% -იანი წილი შპს ,,...'' (ს/კ ...); მ) 50% -იანი წილი შპს ,,...'' (ს/კ ...).
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოქმედების უკანონოდ ცნობა აღსრულების დაწყებისა და განხორციელების თაობაზე მოვალის - გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე: ა)უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, მთაწმინდის ქუჩა N21, საკადასტრო კოდი: ..., გ. კ-ის კუთვნილი წილი 45/145; ბ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ... მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: ...; გ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ...საკადასტრო კოდი: ...; დ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ..., საკადასტრო კოდი: ...; ე) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, .... საკადასტრო კოდი: ...; ვ) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, ..., საკადასტრო კოდი: ...; ზ) უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ... N24ბ, საკადასტრო კოდი: ...; თ) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, ..., საკადასტრო კოდი: ...; ი) უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქ თბილისში, ..., ..., N9, საკადასტრო კოდი: ...; კ) 100% წილი შპს ,,...'' (ს/კ ...); ლ) 50% წილი შპს ,,...'' (ს/კ ...); მ) 50% წილი შპს ,,...'' (ს/კ ...) .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ სს „...“ და გ. კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ა) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა N21, საკადასტრო კოდი: ..., გ. კ-ის კუთვნილი წილი 45/145; ბ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ... მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: ...; გ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ..., საკადასტრო კოდი: ...; დ) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ..., საკადასტრო კოდი: ...; ე) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, ...,საკადასტრო კოდი: ...; ვ) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, .... საკადასტრო კოდი: ...; ზ) უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ..., საკადასტრო კოდი: ...; თ) უძრავი ნივთი, მდებარე ბორჯომის რაიონში, .... საკადასტრო კოდი: ...; ი) უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქ თბილისში, ..., ..., N9, საკადასტრო კოდი: ..., №A15042322 და №A15041384 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ მესაკუთრეს უკრძალავს განკარგოს ქონება და არა აღმასრულებელს, შესაბამისად, აღმასრულებლის მოქმედება ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით გასხვისების დაწყების თაობაზე, კანონიერი იყო.
კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის, არის მასთან ან სხვა პირთან. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია მოპასუხის საკუთრებაში ან მასთან არსებული ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვა, რათა დავის გადაწყვეტამდე დაცული იქნეს ქონება, რომელზეც შესაძლებელია მოხდეს აღსრულება, დაბრკოლება არ შეექმნას სამომავლოდ აღსასრულებელ სასამართლოს გადაწყვეტილებას. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყადაღა არ ითვალისწინებს მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვის შეზღუდვას. სასამართლოს მიერ ყადაღის გამოყენების მიზანი არის არა მხოლოდ მოპასუხის შეზღუდვა, არამედ მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება, რაც გამოიხატება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში. მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან სასამართლოს მიერ დაყადაღებული უძრავი ნივთის განკარგვა აზრს უკარგავს სასამართლოს მიერ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. კასატორის მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინება საქმეზე #ბს-821-805(კ-12).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. (იხ. სუს . 3.05.2018 წლის Nბს-849-845(კ-17) განჩინება.)
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით, განმარტავს, რომ თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე რეგისტრირებული უფლებები რჩება უცვლელი, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებებში კანონმდებელი მოიაზრებს მხოლოდ სანივთო უფლებებს და იგი არ ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებულ ყადაღას. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ გამორიცხავს სხვა კრედიტორთა სასარგებლოდ აღნიშნული ქონების აღსასრულებლად მიქცევას და არ ანიჭებს კონკრეტულ მოსარჩელეს უპირატესობას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ხსენებული ქონების ხარჯზე. იმ პირობებში, როდესაც საუბარი არის არაუზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, სარჩელის უზრუნველყოფის საგანი ვერ გარდაიქმნება სანივთო უფლებად, განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ უძრავი ქონების გასხვისება ხორციელდებოდა არა მესაკუთრე გ. კ-ის, არამედ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, აუქციონის გზით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნივთის გასხვისება ხდებოდა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ - აუქციონის გზით. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააღსრულებო ბიურო არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სასამართლოს განჩინებით უზრუნველყოფილი ნივთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედება მოვალის - გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე აღსრულების დაწყებისა და განხორციელების თაობაზე კანონიერია და არ არსებობს მოპასუხეებისათვის გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების განხორციელების აკრძალვისა და ამ გზით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება;
3. კასატორს - გ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 02.10.2017წ. №1 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4 . საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე