საქმე ბს-784-784(უს-18) 17 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი,
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოპასუხეები - ე. ე-ი, ს. ე-ი, შპს ,,...", შპს ,,D..."
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების შპს „...", შპს „D...", შ. ნ-ის, ე. ე-ისა და ს. ე-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს მოპასუხე შ. ნ-ისა და ს. ე-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ყადაღა დაედოს: შ. ნ-ის (პ/ნ ...) ქონება:1) უძრავი ქონება; მისამართი: თბილისი, ..., საკადასტრო კოდი: №...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; დაზუსტებული ფართობი: 900 კვ.მ. 2) უძრავი ქონება: მისამართი: თბილისი, ... (...) ქუჩა №72, ქალაქი თბილისი, ქუჩა ... №70, საკადასტრო კოდი: №.... ს. ე-ის ქონებას: 100%-იანი წილი შპს ,,D...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 25 ოქტომბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ყადაღა დაედო შ. ნ-ის (პ/ნ ...) ქონებას: 1) უძრავი ქონება; მისამართი: თბილისი, ..., საკადასტრო კოდი: №...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ. 2) უძრავი ქონება: მისამართი: თბილისი, ... (...) ქუჩა №72/ ქალაქი თბილისი, ქუჩა ... №70, საკადასტრო კოდი: №...; ს. ე-ის ქონებას: 100%-იანი წილი შპს ,,D...”. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მიეთითა, რომ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით შეიზღუდა მისი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება, რომელიც გულისხმობს მის წინააღმდეგ გამოტანილი განჩინებების ზომდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლებას. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული კანონშეუსაბამო განჩინების გამო ადგება ზიანი, რადგან სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რასაც ვერ განკარგავს სრულფასოვნად.
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დაყადაღებული ბინა იყიდა ნაწილობრივ საკუთარი სახსრებით და კერძო პირის მოკლევადიანი იპოთეკური (43 000 აშშ დოლარი) სესხით (სარგებელი: წლიური 30%, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 1075 აშშ დოლარს) რადგან ბინის ყიდვის მომენტში ბინა ჯერ კიდევ მშენებარე იყო და ბანკი იპოთეკურ სესხს ვერ გასცემდა. მას შემდეგ რაც დასრულდა რემონტი, საჩივრის ავტორის განმარტებით, ის გეგმავს საკმაოდ დიდი საპროცენტო განაკვეთის კერძო იპოთეკური სესხის დაბალი საპროცენტო განაკვეთის (6-8%) გრძელვადიანი საბანკო სესხით გადაფარვას, რაც შეუძლებელია უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ნ-ის საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით დადგენილი წესით, ამასთან სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის საჩივრისა და საქმის მასალების ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საკასაციო პალატა მიუთითებს კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემეულ შემთხვევაში შ. ნ-ის მიერ საჩივარი წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე, რომელიც წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასაამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრების შედეგად მიღებულ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებას. შესაბამისად, საკასაციო პალატას არ გააჩნია შ. ნ-ის საჩივრის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილისა და და 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის გამოც შ. ნ-ის საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 420-ე, 284-ე 372-ე, 399-ე 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს შ. ნ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. კერძო საჩივრის ავტორს - შ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 22.06.2018წ. №34 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე