კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-802(კს-18) 13 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ჩ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის დადგენილებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 7 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილებით ლ. ჩ-ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ლ. ჩ-ი, ასევე, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 250 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის მეორე აბზაცის საფუძველზე, საბოლოოდ, ლ. ჩ-ს დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ლ. ჩ-ის მიერ. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის დადგენილებით ლ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ დადგენილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის დადგენილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ჩ-მა. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეს, ამავე კოდექსის 208-ე განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
აღნიშნული მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილებაზე, ლ. ჩ-ის საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის დადგენილებაც წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რასაც, ასევე, მიუთითებს თავად გასაჩივრებული დადგენილებაც. მიუხედავად ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის დადგენილება ლ. ჩ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლის კანონით გათვალისწინებული განხილვის შესაძლებლობა არ გააჩნია საკასაციო სასამართლოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის გამოც ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 399-ე, 408.3, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი, დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე