ბს-400-400(2კ-18) 11 ივლისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. გ-ამ 30.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. გ-ას შორის 11.09.2009წ. გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 22.07.2009წ. N496 განკარგულების ს. გ-ას ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ზ. გ-ა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.03.2016წ. გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 22.07.2009წ. N496 განკარგულება იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს ს. გ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. გ-ას შორის 11.09.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ს. გ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2016წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2017წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2016წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.03.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ პირების ერთ ოჯახად მიჩნევისათვის, საჭიროა შესაბამის მონაცემთა ბაზაში ოჯახის ერთი ნომრით დაფიქსირება. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი ზ. გ-ა და მოსარჩელე ს. გ-ა არიან ერთმანეთის პირდაპირი ხაზის ნათესავები და სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში აქვთ ერთი საოჯახო ნომერი. ბაზაში ცვლილების შეტანა ოჯახის რომელიმე წევრს არ მოუთხოვია. ამდენად, დგინდება, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში მოსარჩელე და მისი მამა - ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ასეთივე მონაცემებია დაცული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ პრივატიზების კანონიერება შეაფასა მხოლოდ ხელშეკრულებაზე ს. გ-ას თანხმობისა და ხელშეკრულების დადების დროისთვის ამ უკანასკნელის კონკრეტულ მისამართზე ყოფნის ფაქტით, რაც არასწორია. კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ს. გ-ას უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების დადების და მისი შინაარსის შესახებ, რადგან მოქმედებს ვარაუდი, რომ ოჯახის მიერ ქონების შეძენა ოჯახის ყველა წევრისთვის ცნობილია.
კასატორმა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საცხოვრებლით უზრუნველყოფს დევნილთა ოჯახს და არა ცალკეულ დევნილს. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.09.2017წ. განჩინება, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეაფასა მტკიცებულებები. როგორც პრივატიზებამდე, ასევე პრივატიზების შემდეგ მოსამარჩელე ცხოვრობდა მამის ოჯახთან ერთად. სხვა მისამართზე ცხოვრების შემთხვევაშიც კი არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ არ იცოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ. ს. გ-ას უნდა ჰქონოდა პრივატიზების შესახებ ინფორმაცია, მისი საჯარო ხასიათის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (2.4 პუნქტი), რაც სადავო ხელშეკრულებით ს. გ-ას უფლებათა შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.).
დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან არ დგინდება ხელშეკრულების დადების ფაქტის და მისი შინაარსის შესახებ ს. გ-ასთვის ინფორმაციის მიწოდების კონკრეტული პერიოდი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. ამდენად, ვარაუდი, რომ ს.გ-ას უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, არ დასტურდება. კასატორთა ვარაუდის გაზიარების შემთხვევაშიც, გაურკვეველია რა მომენტი უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შინაარსის შესახებ ინფორმაციის მიღების პერიოდად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასაპელაციო სასამართლოს მიერ შესრულდა უზენაესი სასამართლოს 26.09.2017წ. განჩინებაში ასახული მითითებები, მოხდა საქმის გარემოებათა გამოკვლევა მოსარჩელისა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, მოძიებულ იქნა ს. გ-ას არასრულწლოვანი შვილის სამედიცინო ისტორია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ს. გ-ა დაქორწინდა 2009 წლის იანვარში და ქმართან ერთად გადავიდა ცალკე საცხოვრებლად, ამ პერიოდიდან იგი მამასთან აღარ ცხოვრობს, ხოლო მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს თბილისში, სამგორის რაიონში - ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირისაგან განსხვავებულ მისამართზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა მოსარჩელისა და ხელშეკრულებაზე ხელმოწმერი პირის ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი. ამ მიმართებით კასატორებს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი