Facebook Twitter

#ბს-392-392(2კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი \ ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ი. ვ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 1 ივნისს თ. კ-ემ, მ. კ-მა, ი. ვ-მა, ლ. ჭ-მა, თ. ხ-მა, ს. ლ-ემ, ზ. ღ-მა, გ. ჩ-ემ და ე. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა თ. კ-ის, მ. კ-ის, ი. ვ-ის, ლ. ჭ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ის, ზ. ღ-ისა და გ. ჩ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ნაწილში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 მაისის #1097 ბრძანების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში გარკვეულ თანამდებობებზე დანიშნულ მოხელეთა განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის #2463 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მ. კ-ის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 მაისის #1226 ბრძანების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 მაისის #1097 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მ. კ-ის ამოღების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 მაისის #1225 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მოსარჩელეების - თ. კ-ის, მ. კ-ის, ი. ვ-ის, ლ. ჭ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ის, ზ. ღ-ისა და გ. ჩ-ის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გათავისუფლების დღიდან მათი შესაბამის თანამდებობებზე აღდგენამდე ამ თანამდებობებისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით ი. ვ-ის, თ. კ-ის, ლ. ჭ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ის, ზ. ღ-ისა და გ. ჩ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება და გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 3 მაისიდან, 2016 წლის 13 მაისამდე მ. კ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. კ-ის, მ. კ-ის, ი. ვ-ის, ლ. ჭ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ის, ზ. ღ-ისა და გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 მაისის #1097 ბრძანება თ. კ-ის, მ. კ-ის, ი. ვ-ის, ლ. ჭ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ის, ზ. ღ-ისა და გ. ჩ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში გარკვეულ თანამდებობებზე დანიშნულ მოხელეთა განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის #2463 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 მაისის #1226 ბრძანება მ. კ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 მაისის #1097 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 მაისის #1225 ბრძანება მ. კ-ის ამოღების ნაწილში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ი. ვ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ. კ-ის, თ. კ-ის, ლ. ჭ-ის, თ. ხ-ისა და ს. ლ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილებაში ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გ. ჩ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინოვაციების ხელშეწყობის განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ზ. ღ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინოვაციების ხელშეწყობის განყოფილებაში ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ი. ვ-ის, თ. კ-ის, ლ. ჭ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ის, ზ. ღ-ისა და გ. ჩ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მათი გათავისუფლების დღიდან, მათ შესაბამის თანამდებობებზე აღდგენამდე ამ თანამდებობებისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მ. კ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 3 მაისიდან, 2016 წლის 13 მაისამდე ამ თანამდებობებისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ვ-მა, თ. ხ-მა, ს. ლ-ემ და გ. ჩ-ემ, რომლებმაც განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ი. ვ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ის და გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ვ-მა, თ. ხ-მა, ს. ლ-ემ და გ. ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ი. ვ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ი. ვ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 6 აპრილის #1-584 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 მაისის #1097 ბრძანების საფუძველზე შტატების შემცირების გამო, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამასთან, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 2 დეკემბრის #2718 განკარგულებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის მიხედვით, საქალაქო სამსახურში შედიოდა 5 განყოფილება და შტატების რაოდენობა შეადგენდა სულ 32 ერთეულს. რაც შეეხება რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს, აღნიშნულში ასევე გათვალისწინებულია 5 განყოფილება მხოლოდ შეცვლილი სახელწოდებებით, ასევე იდენტურია შტატების რაოდენობაც, რომელიც განსაზღვრულია 32 საშტატო ერთეულით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რეორგანიზაციამდე და მას შემდეგ განყოფილებების ფუნქციები და ამოცანები, ასევე სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების უფლება-მოვალეობები განსხვავებულადაა ფორმულირებული, თუმცა არსებითად იმავე შინაარსის მატარებელია. ასევე, მოსარჩელეების მიერ დაკავებული შტატები არსებითად უცვლელად არის დატოვებული, შესაბამისად, გათვალისწინებულია იმავე იერარქიულ საფეხურზე. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გატარებული რეორგანიზაციისა, ადმინისტრაციულ ორგანოში რეალურად შენარჩუნებულ იქნა იმავე ფუნქციის, მიზნისა და დატვირთვის სამსახური. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელეთა გათავისუფლება არ შეესაბამება სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი მოსარჩელეთა გათავისუფლების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ რეორგანიზებული სამსახურის და ცალკეული ახალი ფუნქციის დამატების პირობებში მათი კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა ყოფილიყო მითითებული შესაბამისი საფუძველი, ასევე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებსა და 112-ე მუხლზე მითითებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ი. ვ-ის, თ. ხ-ის, ს. ლ-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი