Facebook Twitter

#ბს-434-434(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 15 დეკემბერს ლ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ „ლ. თ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის #4233 ბრძანების, „ლ. თ-ის გათავისუფლების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2 დეკემბრის #4475 ბრძანების ბათილად ცნობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ლ. თ-ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქალაქ თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მის აღდგენამდე იძულებითი განაცდურისა და ხელფასის ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ლ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოხსენებით ბარათში მტკიცებულებების გარეშეა მითითებული, რომ იგი ბოლო რამდენიმე თვე არაჯეროვნად იქცეოდა და ვერ ახორციელებდა დაცვის თანამშრომელთა მონიტორინგს. ამასთან, კასატორმა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ობიექტის დაცვის განყოფილების უფროსისა და მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ობიექტების დაცვის თანამშრომელთა სასამართლოში გამოცხადების თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით, სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2 დეკემბრის #4475 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქალაქ თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილების ... ლ. თ-ე სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისთვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. განსახილველ შემთხვევაში კი იმ საფუძვლით, რომ ლ. თ-ე არაეთიკურ შეტყობინებებს უგზავნიდა ა(ა)იპ ..., ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 15 ნოემბრის #4233 ბრძანებით, მის მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების მიხედვით, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.04.2017წ. #ბს-644-637(კ-16) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. თ-ე სამუშაო საათებში არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და იმყოფებოდა მის პირად საქმეზე - ბანკში, ხოლო შემდგომ ასევე არასამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დაცვის ერთ-ერთ ობიექტზე ყოფილი საქვაბის ტერიტორიაზე, რომელიც არ წარმოადგენდა მის სამეთვალყურეო ობიექტს. საქმის მასალებითა და მოწმის განმარტებით ასევე დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურის მიტოვება განხორციელდა უშუალო უფროსისთვის შეტყობინების გარეშე, ამასთან, იგი იყო კონფლიქტური ობიექტის დაცვის თანამშრომლებთან, რასაც ასევე ადასტურებდნენ დაცვის თანამშრომლები, ხოლო თავად ლ. თ-ისთვის სამსახურებრივი ფორმის მიუღებლობა განპირობებული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ფორმის მიღება თანამშრომლებისთვის ხორციელდებოდა ეტაპობრივად იანვრის თვემდე, რა დროისთვისაც იგი აღარ წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ პირს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეაფასეს, რომ მოპასუხის მიერ ლ. თ-ის ქმედების არაკეთილსინდისიერად მიჩნევა შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირობებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ლ. თ-ის მიმართ, მანამდე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომა და მოცემულმა დისციპლინურმა სახდელმა ვერ უზრუნველყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მიზანი - ახალი დისციპლინური დარღვევის თავიდან აცილება - მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად და შესაბამისად, ჯეროვნად შესრულება, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ შემთხვევაში გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება თანაზომიერი და პროპორციული ღონისძიებაა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. თ-ის შუამდგომლობა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ობიექტის დაცვის განყოფილების უფროსისა და მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ობიექტების დაცვის თანამშრომელთა სასამართლოში გამოცხადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. ლ. თ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი