Facebook Twitter

ბს-1117-1111 (კ-კს-17) 3 ივლისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ.თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. თ-მა 10.02.2015წ. მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.12.2014წ. N... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 13.01.2015წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.01.2015წ. N9858 გადაწყვეტილების, უძრავ ნივთზე ზ. დ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 03.11.2009წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გ. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.2015წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმული იქნენ მ. დ-ა და შპს „ვ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2016წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ვ...“ შუამდგომლობა და საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ზ...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.თ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები. მარეგისტრირებელი ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები არათუ არ შეესაბამება, არამედ არსებითად ეწინააღმდეგება იმავე მიწის ნაკვეთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო მასალებში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ საზღვრებს, რადგან ეს უკანასკნელი არ კვეთდა მომიჯნავედ მდებარე, ამჟამად გ.თ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, ხოლო სადავო რეგისტრაციით საკადასტრო საზღვარი იმგვარად არის დადგენილი, რომ იგი კვეთს გ. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვარსა და შენობა-ნაგებობას, რითაც ამ უკანასკნელის ნაწილი პრაქტიკულად მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებშია მოქცეული. აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მიერ აზომვითი სამუშაოები სადავო მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული იყო იმ დროისათვის არსებული აზომვითი ხელსაწყოებით, რომლებიც არ იყო ზუსტი და შეიცავდა გარკვეულ ცდომილებას. სადავო აქტის უკანონობა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ განუხორციელებია სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძვლიანი კვლევა და შედარებითი ანალიზი ტექბიუროში დაცულ მონაცემებთან მიმართებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... N4-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საკადასტრო მონაცემების დაზუსტება განხორციელდა ნ. თ-ის მიერ 2006 წელს, ხოლო შემდეგ 10.07.2008 წელს, რომელიც გ. თ-მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 25.02.2014წ. დაირეგისტირა (ს.კ.N...). შესაბამისად გ. თ-ის საკუთრებაში გადავიდა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით 10.07.2008წ. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ამასთან ქ. თბილისში ... N6-ში მდებარე უძრავი ნივთის კოორდინატების დაზუსტება განხორციელდა 03.11.2009წ., რომელიც კონფიგურაციის შეუცვლელად 25.03.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა შპს „ვ...“ საკუთრებაში (ს.კ.N ...). ამდენად, შპს „ვ...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება განხორციელდა მას შემდეგ, რაც უკვე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული იყო ის უძრავი ნივთი, რომელიც გ. თ-ის საკუთრებას წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზუსტებული სახით რეგისტრაციები განხორციელდა დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძველზე, შესაბამისად „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 25.3 მუხლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახური დაეყრდო სწორედ მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, რა დროსაც ამ ორი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას არ გამოვლენილა რეგისტრაციის შეჩერების არცერთი საფუძველი, რაც მიუთითებს საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მოქმედების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ საინვენტარიზაციო გეგმა არის ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, ასევე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შესახებ. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეადაროს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში .... ქუჩა N6-ში მდებარე უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაციის საფუძვლად სხვა უფლების დამდგენ დოკუმენტებთან ერთად გამოყენებულია საინვენტარიზაციო გეგმა, რაც მიუთითებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის განხორციელებისას ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ მონაცემებთან სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობის გადამოწმებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ არის დასაბუთებული თუ რა ზიანი ადგება მის კანონიერ ინტერესს. დადგენილია, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი არ შეცვლილა არცერთი სადავო გადაწყვეტილების შედეგად, ასევე ცვლილება ფართობსა და კონფიგურაციაში არ განუცდია არც შპს „ვ...“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვების საფუძველზე აშკარაა, რომ ... საკადასტრო კოდზე განხორციელებული უძრავი ნივთის რეგისტრაცია არ ხელყოფს კასატორის უფლებებს, ხოლო უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება რეგისტრირებულ მონაცემებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. განჩინება;

3. ლ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. თ-ის საკასაციო საჩივარზე 18.07.2017წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი