Facebook Twitter

№ბს-1117-1111 (კ-კს-17) 3 ივლისი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მესამე პირი შპს „...“ (ბმა „ზ...“)

დავის საგანი - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2017 წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. თ-მა 10.02.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.12.2014წ. N... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 13.01.2015წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.01.2015წ. N9858 გადაწყვეტილების, უძრავ ნივთზე ზ. დ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 03.11.2009წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გ. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.2015წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმული იქნენ მ. დ-ა და შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2016წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა და საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ზ...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2015წ. გადაწყვეტილება.

შპს „...“ (ბმა „ზ...“-მა) 15.09.2017წ. განცხადებით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა ექსპერტიზის ხარჯის მოსარჩელისათვის დასაკისრებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2017წ. განჩინებით შპს „... (“ბმა „ზ...“-ის) განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 261.2 მუხლის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. შესაბამისად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა შეზღუდულია ვადით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 05.04.2017წ., ხოლო შუამდგომლობა სასამართლოს 15.09.2017წ. წარედგინა. შესაბამისად, განცხადება შეტანილია კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატა ადასტურებს, რომ მხარეს შეუძლია პროცესის ხარჯები მოითხოვოს საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი წარმოიშვა საქმის განხილვის ამ სტადიაზე და მანამდე მხარისათვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც დგება შუამდგომლობის წარმოდგენის საჭიროება. საპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი შუამდგომლობა ეხებოდა ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად დართვას, ხოლო რაც შეეხება გაწეული ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრებას, შუამდგომლობაში მოთხოვნილი არ ყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2017წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს "..."(ბმა "ზ...") მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლო არ არის შეზღუდული თავისი ინიციატივითაც გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება. შესაბამისად 7 დღიანი ვადა დაწესებულია პროცესის მონაწილე მხარისათვის და არა სასამართლოს ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. სსკ-ის 261.2 მუხლში საუბარია გადაწყვეტილების და არა მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღიანი ვადის დაცვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 05.04.2017 წელს, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების გადმოცემიდან 7 დღიანი ვადის დაცვით იქნა მოთხოვნილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. სსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექპერტიზის ჩატარების ხარჯები, ხოლო სსკ-ის 53-ე მუხლი ადგენს საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში მხარეების მიერ გაწეული სასამართლოს ხარჯების განაწილების წესს. შესაბამისად სსკ-ის 249.5, 389.3 და 390.4 მუხლები ავალდებულებენ სასამართლოს იმსჯელოს საპროცესო ხარჯების განაწილებაზე, მიუხედავად იმისა, პროცესის მონაწილე ითხოვს თუ არა მის მიერ გაწეული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარეზე დაკისრებას. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 261-ე მუხლი და დაუსაბუთებლად თქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ (ბმა „ზ...“) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-5 თავი აწესრიგებს პროცესის ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია საპროცესო ხარჯებთან, რომლებიც შედგება სასამართლო ხარჯისგან და სასამართლოს გარეშე ხარჯისგან (სსკ-ის 37.1 მუხ.). სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (სსკ-ის 37.2 მუხ.). სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი(განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე მსჯელობის სავალდებულოობა. სასამართლო ხარჯები ანაზღაურდება საქმის შედეგის შესაბამისად (სსკ-ის 53-ე მუხ), განსხვავებით სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან, რომელიც ანაზღაურდება მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ექპერტიზაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი, რომელზეც მხარის მითითებით უნდა გავრცელდეს სსკ-ის 44-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 44-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტი ეხება სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექპერტიზის ჩატარების ხარჯებს, რომელიც საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მესამე პირის - შპს „...“( ბმა „ზ...“) მიერ 24.03.2017წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობისას წარდგენილ იქნა შუამდგომლობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.03.2017წ. N001100017 დასკვნის საქმისათვის მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნას ერთვოდა ექპერტიზაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, შუამდგომლობა არ შეიცავდა აღნიშნული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯი, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი სსკ-ის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო ხარჯად არ მიიჩნევა, არამედ სასამართლოსგარეშე ხარჯად განიხილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ გაწეული მსგავსი კატეგორიის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის მექანიზმს წარმოადგენს გაწეული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შუამდგომლობა. საპროცესო კანონმდებლობამ ექპერტიზის ჩატარებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე მსჯელობის სავალდებულოობა დაუკავშირა სასამართლოს ინიციატივით ჩატარებულ ექპერტიზას და არა მხარის ინიციატივით ჩატარებულ ექპერტიზას. ამ უკანასკნელის წარმოდგენის შემთხვევაში მხარის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ იმსჯელებს, განსხვავებით სასამართლოს ინიციატივით ჩატარებული ექპერტიზის ხარჯებისგან. სსკ-ის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის 248 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა ეხებოდა ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის მტკიცებულების სახით დართვას და არა ექპერტიზაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებას.

სსკ-ის 249.5 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. სსკ-ის 261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც მართალია მხარემ მოითხოვა ხარჯების დაბრუნება სასამართლოსგან, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. სსკ-ის 261-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი (1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთ საშუალებას, უკეთუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის, უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით აღმოფხვრას გადაწყვეტილების ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 261.1 მუხლის თანახმად სასამართლო არ არის შეზღუდული თავისი ინიციატივითაც გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება. ამასთან აღნიშნული უფლება სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს 261.1 მუხლის ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული არცერთი გარემოება არ არსებობდა, უსაფუძვლოა კერძო საჩივარში მითითება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების სასამართლოს ინიციატივით გამოტანის შესაძლებლობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 59.1 მუხლზე, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსკ-ის 261.2 მუხლის მიხედვით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში, მაგრამ აღნიშნული დანაწესის თანახმად, ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებას უნდა ესწრებოდეს მხარე. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებიან მხარეები ან არ ესწრება ერთ-ერთი საპროცესო სუბიექტი, მაშინ 7 დღიანი ვადის დენა ამ სუბიექტის მიმართ უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც მას ჩაბარდა მოტივირებული დასაბუთებული გადაწყვეტილება/განჩინება. კანონმდებლობით განსაზღვრული 7 დღიანი ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და ამ ვადი გაგარძელება არ დაიშვება. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. სსკ-ის 261.2 მუხლი ვადის ათვლას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას. სსკ-ის 257-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამოცხადება გულისხმობს როგორც დასაბუთებულ, ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 05.04.2017წ., რომელსაც ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა 15.09.2017წ., რაც ნათლად ადასტურებს 261.2 მუხლის მოთხოვნების დარღვევას. კერძო საჩივარში მხარე გასაჩივრების ვადის ათვლას უკავშირებს არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, არამედ დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც კონკრეტულად მოცემულია, თუ რა გადაწყვიტა სასამართლომ განსახილველ საქმესთან მიმართებით. სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს დასკვნას სასარჩელო/სააპელაციო/საკასაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების ვადასა და წესზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2015წ. გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“( ბმა „ზ...“) რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა ანალიზი, იმის შესახებ სახეზე იყო თუ არა სსკ-ის 261.1 მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, მაშინ როდესაც სსკ-ის 261-ე მუხლი ეხება მხოლოდ პროცესუალურ შემთხვევას და არა კონკრეტული საქმის ვითარების სამართლებრივ შეფასებას, რომლის გაანალიზება და არგუმენტირებული გასაჩივრებაც (სააპელაციო/საკასაციო წესით) შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების შვიდი დღის ვადაში მოთხოვნის შესაძლებლობა კანონმდებელმა დაუკავშირა არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტს და მიაჩნია, რომ ასეთი სამართლებრივი მოწესრიგება არ ზღუდავს მხარის შესაძლებლობას, მოახდინოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების რეალიზაცია.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“(ბმა „ზ...“) კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული

საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...“ (ბმა „ზ...“) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი