#ბს-283-283(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ო-ისა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 5 იანვარს ზ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ნ. ო-ისა და ი. ლ-ას მიმართ.
მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს #... და 2015 წლის 1 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 დეკემბრის #.. გადაწყვეტილების, ნ. ო-სა და ი. ლ-ას შორის 2012 წლის 24 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და ი. ლ-ას სახელზე განხორციელებული ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერის (საკადასტრო კოდით - #...) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით ზ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი ზ. ო-ის მოთხოვნა ნ. ო-ისა და ი. ლ-ას შორის 2012 წლის 24 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის (ს.კ. ...) ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში ზ. ო-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ ზ. ო-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს #..., რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 1 ოქტომბრის #... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 დეკემბრის #... გადაწყვეტილებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ო-მა და ი. ლ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებებზე.
ამასთან, კასატორთა მითითებით, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება ექვემდებარება შეწყვეტას იმის გამო, რომ ამ საკითხზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
კასატორთა განმარტებით, სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ... მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ...) საჯარო რეესტრში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ი. ლ-ას სახელზე. ი. ლ-ას საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი: 24.07.2012). ნ. ო-ს უფლება ჰქონდა განეკარგა თავისი საკუთრება, რაც გამოიხატა ი. ლ-ასათვის ქონების ჩუქებით. თავის მხრივ, სარეგისტრაციო სამსახურს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩუქებით გაცემული ქონების მესაკუთრედ ი. ლ-ას აღრიცხვაზე, რადგან ასეთ საფუძველს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი არ ითვალისწინებს.
კასატორები მიუთითებენ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლსა და 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად გამოცხადდება უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამდენად, კასატორთა მოსაზრებით, ნ. ო-სა და ი. ლ-ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე, ვინაიდან უფლების დამდგენი დოკუმენტის ძალაში ყოფნის პირობებში დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტების კანონიერების საკითხის განსაზღვრა.
ამასთან, კასატორთა მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ და განსჯადობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის გადაცემულ საქმეზე დღეის მდგომარეობითაც არ არის გადაწყვეტილება მიღებული.
კასატორები მიუთითებენ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ და „ვ1“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავენ, რომ უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...) ი. ლ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობის პირობებში, მითითებულ ნორმათა საფუძველზე, არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ზ. ო-ისათვის უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
კასატორთა განმარტებით, ზ. ო-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა არასწორად შესრულებული ნახაზი, რაც არ უნდა გამხდარიყო ნ. ო-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ნ. ო-ის მიერ ფაქტობრივად რეგისტრირებული მონაცემები სრულ შესაბამისობაში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 25 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც მოხდა თანამესაკუთრეთა ნ. და ვ. ო-ების წილების ნატურით გამიჯვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ო-ისა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ო-ისა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს #... და 2015 წლის 1 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებების, აგრეთვე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 დეკემბრის #... გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ და-ძმას - ნ. და ვ. ო-ებს შორის გაიყო სამკვიდრო ქონება. ვ. ო-ის გარდაცვალების შემდეგ კი მემკვირდეობა მიიღო მისმა მეუღლემ - ზ. ო-მა, ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურმა კი რეგისტრაციაში გაატარა ზ. ო-ის საკუთრება, რასაც ადასტურებს 2006 წლის 10 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი. 2013 წელს კი მან ელექტრონული ვერსიით უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ კანონიერ ძალაში შესული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა ნ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეუდარებია საჯარო რეესტრში 2001 წლიდან ვ. ო-ის (2006 წლიდან კი მისი მემკვიდრის ზ. ო-ის) სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საკადასტრო მონაცემები ნ. ო-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მონაცემებთან. სარეგისტრაციო სამსახურს არ გაუთვალისწინებია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ო-ის მიერ შვილებისათვის ნაანდერძევი ქონების რეალურად დაყოფა, რომლითაც დადგინდა თითოეულისათვის (მათ შორის ნ. ო-ისათვის) მიკუთვნებული ქონება. სარეგისტრაციო სამსახურს არ დაუდგენია ნ. ო-ს განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე (ე.წ. აბანოს შენობაზე) გააჩნდა თუ არა უფლების დამდგენი დოკუმენტი და მითითებული ქონება ხომ არ შედიოდა ზ. ო-ის სახელზე რეგისტრირებული, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების დასკვნები, მითითებები და განმარტებები. მარეგისტრირებელ ორგანოს ზ. ო-ის განცხადებასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, სადავო აქტები გამოსცა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ახალ მესაკუთრეზე. შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - ფორმალურად აღსრულებულიყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ზ. ო-ის განცხადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე რეგისტრაცია. უფრო მეტიც, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო განეხილა წარდგენილი განცხადება და სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყურადღების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ და სრულად გამოკვლევა, ხოლო მათი შეფასების შედეგად, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა არც მარეგისტრირებელმა ორგანომ და არც საჩივრის განმხილველმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რაც, თავის მხრივ, სადავო აქტების ბათილად ცნობას განაპირობებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ო-ისა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივარზე დ. კ-ს 16.04.2018წ. #2 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. კ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ო-ისა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. დ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ო-ისა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივარზე 16.04.2018წ. #2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი