Facebook Twitter

#ბს-226-226(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 14 აპრილს სს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 31 აგვისტოს აუქციონის შედეგების (#73 ოქმისა და #16 სერთიფიკატის) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს „გ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორი დამატებით უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. კასატორის მითითებით, ხსენებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას, რაც კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია.

ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში პრეტენზია გამოთქვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივ დასაბუთებაში მითითებულ გარემოებაზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, სადავო ქონების რეალიზაცია აუქციონზე საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით განხორციელებულად მიიჩნია იმიტომ, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 31 აგვისტოს აუქციონის შედეგების (#73 ოქმისა და #16 სერთიფიკატის) ბათილად ცნობა. 2009 წლის 31 აგვისტოს აუქციონის მსვლელობისა და შედეგების #73 ოქმის თანახმად, აუქციონის შედეგად რეალიზებული იქნა სს „...“ კუთვნილი 63500 აქცია 401 000 ლარად. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მისაღებად სს „გ...“ სახელზე გაიცა სერთიფიკატი (მოწმობა) #16.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას „გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის #10 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ხდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ღია აუქციონის წესით. განსახილველ საქმესთან მიმართებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 17 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება, რომლითაც ნება დაერთო თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) განეხორცილებინა საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის მიზნით ღია აუქციონის წესით სს „...“ დაყადაღებული ქონების რეალიზაცია, ხოლო სააღსრულებო ფურცელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის ბრძანების აღსრულების მიზნით, გაცემული იქნა 2009 წლის 27 ივლისს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის #10 დადგენილებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც მოიცავს აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს, ქონების მესაკუთრის დასახელებასა და მისამართს, გასაყიდი ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომელიც წარმოადგენს დაყადაღების აქტში მითითებულ დაყადაღებული ნივთის საბაზრო ფასს, განცხადებას იმის შესახებ, რომ მესამე პირებმა რომელთაც გააჩნიათ უფლებები ქონებაზე ვალდებული არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინონ აუქციონის დაწყებამდე და აუქციონის პირობებს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას მასზედ, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ 2009 წლის 31 აგვისტოს #73 ოქმით დასტურდება, რომ ოქმი შეიცავს სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შესახებ არსებული წესით მოთხოვნილ ყველა რეკვიზიტს, კერძოდ, მასში მითითებულია 1 აქციის ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2009 წლის 28 აგვისტოს არსებული მდგომარეობით და ის შეადგენდა 5.35 აშშ დოლარს, ხოლო ყადაღადადებული 7 აქციების საერთო რაოდენობა შეადგენდა 63500 აქციას. ამავე ოქმში მითითებულია აუქციონის ჩატარების ადგილი - ქ. თბილისი, ... ქ. #8, დამსწრე პირი და სარეალიზაციოდ გამოტანილი მთლიანი ქონების საწყისი ფასი - 572 708.4 ლარი. ოქმის მიხედვით აუქციონში მონაწილე პირს წარმოადგენდა სს „...“ გენერალური დირექტორი, რომელმაც გამოთქვა სურვილი სს „...“ აქციების 401 000 ლარად შესყიდვის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტი იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აუქციონი და სერტიფიკატი ეწინააღმდეგება სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის არსებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლს, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, მოვალის დაყადაღებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ღია აუქციონზე, ხოლო შუამდგომლობას მოვალის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით დასტურდება, რომ საგადასახადო ორგანომ ქონების რეალიზაცია განახორციელა საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...“ საკასაციო საჩივარზე ირმა მახათაძეს 23.04.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...“ (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. სს „...“ (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. მ-ის მიერ 23.04.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი