№ბს-427-427(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 9 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ი. ქ-ის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 16 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №274 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ქ-ი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...“.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ სადავო ოქმის გამოცემისას დარღვეულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვინაიდან, ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე ი. ქ-ს შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სადავო მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №274. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება, მართალია, დადებულია 2000 წლის 15 მაისს, მაგრამ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია განხორციელდა თავდაპირველად 2006 წლის 12 ივნისს, ხოლო შემდგომ 2007 წლის 24 აგვისტოს, რაც ასევე არ არის მხარის მიერ სადავო.
კასატორის მითითებით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 2005 წლის 8 ივლისს) იჯარით გაცემული საძოვრებისა, რომელიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, ცალსახაა, რომ სადავო მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №274 გაცემულია, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2007 წლის 24 აგვისტოს (მანამდე 12.06.2006წ.) შესაბამისად, დარღვეულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების უგულებელყოფით მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ კანონსაწინააღმდეგო აქტს ი. ქ-ის მიმართ ჰქონდა იურიდიული შედეგები, ხოლო ი. ქ-ს აქტის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა, რასაც კასატორი არ ეთანხმება. სასამართლომ ასევე არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, ფაქტობრივი გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №274 ოქმი არსებითად არღვევდა სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 16 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №274 ოქმის კანონიერება, რომლის ბათილად ცნობასაც კასატორი იმ გარემოებაზე მითითებით ითხოვს, რომ იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თავდაპირველად 2006 წელს, ხოლო შემდგომ 2007 წელს, ხოლო მანამდე საიჯარო ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, რის გამოც სამხარეო სამმართველოს უფლება არ ჰქონდა განეხორციელებინა აღნიშნული საიჯარო მიწის პრივატიზაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზების დროს მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე და განმარტავს, რომ პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, მათ შორის, აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (2005 წლის 29 ივლისი) იჯარით გაცემული საძოვარი. კანონმდებლობა კრძალავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის პრივატიზებას იმ შემთხვევაში, თუ ის იჯარით გაცემული იყო 2005 წლის 29 ივლისის შემდეგ.
ამასთან, მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობა იყო სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციას ადგენს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელ პირობად პრივატიზაციის დროისათვის და არა კანონის ამოქმედებამდე. სამართლებრივი თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა, როდის დარეგისტრირდა ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, რომ იჯარის ხელშეკრულება დაიდო კანონის ამოქმედებამდე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე ი. ქ-ს შორის 2000 წლის 15 მაისს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 250 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საძოვრის) საიჯარო ხელშეკრულება №010/00, 10 წლის ვადით, პირველად საჯარო რეესტრში 2006 წლის 12 ივნისს დარეგისტრირდა 240 ჰა, ხოლო იგივე ფართი განმეორებით 2007 წლის 24 აგვისტოს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ი. ქ-ზე 2007 წლის 16 ოქტომბერს გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №274 ოქმი, რომლის
საფუძველზეც მას საკუთრებაში გადაეცა ნინოწმინდის რაიონში, თრიალეთის მასივი 2-ში 240.0 ჰა მიწის ნაკვეთი (საძოვარი), გადასახდელმა თანხამ შეადგინა 7.200 ლარი, რომლის 50% (3600 ლარი) გადახდილ იქნა ვადაში, კანონის შესაბამისად მოიჯარის მიერ. 2008 წლის 17 ივნისის უძრავი ქონების ჩუქების №1-3891 ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება ეკუთვნის მესამე პირს, მოპასუხე ი. ქ-ის შვილიშვილს - ქ. ქ-ს, რომელსაც სს „... გამოტანილი აქვს სესხი, რის გამოც იპოთეკით არის დატვირთული სადავო ქონება.
იქიდან გამომდინარე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზების მომენტისათვის ი. ქ-ს უკვე ჰქონდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება, იგი პრივატიზაციის მომენტისათვის სრულად აკმაყოფილებდა სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი