Facebook Twitter

№ბს-365-365(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 19 მაისს ლ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 23 აპრილის №MES 9 15 00315898 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ... უნივერისტეტ „...“ მიერ ლ. ქ-ის სახელზე გაცემული დიპლომის (...) აპოსტილით დამოწმების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ... უნივერსიტეტი „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 23 აპრილის №MES 9 15 00315998 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ქ-ის ნაწილში; მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ... უნივერსიტეტ „...“ მიერ ლ. ქ-ის სახელზე გაცემული ... დიპლომის აპოსტილით დამოწმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2016 წლის 26 ოქტომბერს ლ. ქ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ... უნივერისტეტ „...“ მიერ გაცემული დიპლომის (...) აპოსტილით დამოწმების დავალების ნაწილში მოპასუხედ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ნაცვლად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მითითება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეში, მოსარჩელე - ლ. ქ-ე, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მესამე პირი - ... უნივერსიტეტი „...“, თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და მისი გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის აპოსტილით დამოწმება დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ... უნივერსიტეტ „...“ მიერ ლ. ქ-ის სახელზე გაცემული ... დიპლომის აპოსტილით დამოწმება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 23 აპრილის №MES 9 15 00315898 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ... უნივერისტეტ „...“ მიერ ლ. ქ-ის სახელზე გაცემული დიპლომის (...) აპოსტილით დამოწმების დავალება. ამასთან, მოპასუხედ სარჩელში მითითებული იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

საქმის მასალების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს მოპასუხედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩართვის თაობაზე იმ მოტივით, რომ „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით განისაზღვრა, რომ აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები (მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). ამგვარი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას კი ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას. შესაბამისად, დიპლომის აპოსტილით დამოწმება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში შედის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მითითებული განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამოპასუხედ ჩაბმის შესახებ.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ ... ბაკალავრის დიპლომის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ტექსტი არაიდენტურია, კერძოდ, ინგლისურენოვან ტექსტში არ არის მითითებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესახებ ინფორმაცია.

სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის“ მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს დიპლომის აპოსტილით დამოწმებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ შეთხვევაში თუ აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ. ანალოგიურ დებულებას შეიცავს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ დღეს მოქმედი „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილების მე-10 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიც, რომლის შესაბამისად, აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ინგლისურენოვან ტექსტში მითითებულია, რომ ლ. ქ-ეს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა გამორჩენილია „სოციალურ მეცნიერებათა“, ანუ დოკუმენტი შეიცავს როგორც ქართულენოვან, ასევე ინგლისურენოვან ტექსტს, თუმცა ინგლისურენოვანი ტექსტი არასრულია.

ლ. ქ-ის სახელზე ბაკალავრის დიპლომის გაცემის დროს მოქმედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებით დამტკიცებულ „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხო ენაზე/ენებზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, დიპლომში ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ტექსტი უნდა იყოს იდენტური, თუმცა აპოსტილით დამოწმებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს ქმნის დოკუმენტის ფორმით ან შინაარსით არსებითად საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და არა ყველა შესაძლო ტექნიკური ხარვეზი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დიპლომის ის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც დაშვებულ იქნა დიპლომის გამცემი ორგანოს მიერ, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელესთან მიმართებაში უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას, რომლის არსებობამაც არ შეიძლება გამოიწვიოს დაინტერესებული პირის ინტერესისა და კანონით გარანტირებული განათლების უფლების შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 31.01.2018წ. #00693 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.01.2018წ. #00693 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი