Facebook Twitter

ბს-162-162 (კ-18) 11 ივლისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.08.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ფ-ამ და ზ. ხ-ამ 10.10.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზ. ხ-ას შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 11.07.2016 წ. N1709373 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. ფ-ას შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 11.07.2016 წ. N1709970 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ზ. ხ-ასა და მ. ფ-ას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზ. ხ-ას შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 11.07.2016წ. N1709373 ბრძანება და მ.ფ-ას შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 11.07.2016წ. N1709970 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, მ. ფ-ასა და ზ. ხ-ას სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.08.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დავმჯდომარის 20.01.2017 წ. №153785 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 09.03.2016წ. №600050 ბრძანება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ და დამტკიცდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს საშტატო განრიგი. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს სადავო საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენას.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა სადავო აქტების უკანონობა, მათი ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ ერთი მხრივ არ დააკმაყოფილა სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ ორგანოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა, რაც წინააღმდეგობრივია. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტები სამართლებრივად სათანადოდ არის დასაბუთებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები კადრების განკარგულებაში გადაყვანილ იქნენ, ხოლო მოგვიანებით შსს ორგანოებიდან გათავისუფლდნენ რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ იმ განყოფილებაში, რომელშიც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებული, რეორგანიზაციის შედეგად შტატების ოდენობა არ შემცირებულა, პირიქით - გაიზარდა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობების გაუქმება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ახალი საშტატო ერთეულისათვის განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ., განსახილველ შემთხვევაში ორგანოს არ დაუსაბუთებია მსგავსი გარემოებების არსებობა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ შტატის შემცირების შემთხვევაშიც კონკრეტული მოხელის გათავისუფლება არ ხდება სათანადო დასაბუთების გარეშე, შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება ორგანოს მიერ მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, პირადი თვისებების, კოლეგიალობის, რეპუტაციის და სხვა გარემოებების გათვალისწინებას.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგობრიობის შესახებ. სასამართლომ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ მოსარჩელეთა გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ხელახლა მსჯელობა, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავდა სამსახურში აღდგენის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.08.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი