#ბს-695-695(გ-18) 19 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ შპს „...“
მოპასუხე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 25 მაისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...“ მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 დეკემბრის #2017/22/12/04 თემატური შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 დეკემბრის #2017/22/12/04 თემატური შემოწმების აქტით განსაზღვრული უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობის კორექტირებისა და დარიცხული საჯარიმო სანქციების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #04/25933 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით შპს „...“ სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობა, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა შპს „...“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და მასთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული აქტები. იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ნებაყოფლობით ერთვებიან და ამგვარად, პროგრამის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიან, სადავო აქტებიც სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებითაა გამოტანილი, რაც მეტყველებს მასზე, რომ დავის სასამართლო განსჯადობა ამ ვალდებულებების შესრულების ადგილის - ბათუმის მიხედვით უნდა განისაზღვროს.
სასამართლოს მითითებით, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. დასახელებული გადაწყვეტილების მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით კი განსაზღვრულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში შექმნილი სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები: ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია; გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ მომენტიდან, როდესაც სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მხარის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით და ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, წარედგინა თუ არა სარჩელი იმ სასამართლოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება (ტერიტორიული, საგნობრივი, უწყებრივი) ამ საქმის განხილვისა.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, შპს „...“ მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 დეკემბრის #2017/22/12/04 თემატური შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 დეკემბრის #2017/22/12/04 თემატური შემოწმების აქტით განსაზღვრული უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობის კორექტირებისა და დარიცხული საჯარიმო სანქციების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #04/25933 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ განსახილველად უნდა გადაგზავნოდა განსჯად - ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაცული იქნებოდა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, საქმის სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტის პრინციპი.
ბათუმის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებას და 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით მოსარჩელე შპს „...“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, შპს „...“ სასარჩელო განცხადებით დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 დეკემბრის #2017/22/12/04 თემატური შემოწმების აქტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-16/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 4 მაისის #04/25933 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის 190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელი აღძრული იყო არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის საფუძველზე, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან (მოსარჩელისათვის საჯარიმო სანქციების დაკისრება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში).
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #144. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, შესაბამისად, მოცემულ დავაზე განსჯადი სასამართლო არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აგრეთვე, მიიჩნია, რომ შპს „...ის“ შუამდგომლობა სადავო აქტების შეჩერების შესახებ, განხილული უნდა იქნეს საკასაციო სასამართლოს მიერ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის შემდეგ განსჯადი სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო გამოცემული სადავო აქტების კანონიერება, კერძოდ, შპს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება ზემოხსენებული პროგრამით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციათა ბათილად ცნობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - განმახორციელებელი). ამავე პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
საკასაციო სასამართლო მითითებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ხსენებული პროგრამის მოსარგებლეებზე მიწოდებას ახორციელებს სამედიცინო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი სამართალსუბიექტების მეშვეობით, მათი უშუალო მონაწილეობით. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია მათ მიერ პროგრამაში მონაწილეობის სურვილის გაცხადებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „...მა“ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი და განაცხადა თანხმობა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც პროგრამის მიზნებისათვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შპს „...ი“ წარმოადგენს პროგრამის მიმწოდებელს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს ზემოხსენებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.
ზემოხსენებული დანაწესის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილე მიმწოდებლების განსაზღვრა სსიპ სოციალური სააგენტოს მხრიდან ხდება არა ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ კონკურსის ჩატარების გზითა თუ შერჩევის სხვაგვარი ფორმებით, არამედ უშუალოდ მიმწოდებელთა ნების გამოვლენით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმწოდებელი (სამედიცინო დაწესებულება), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წერილობითი დასტურის გაცხადებით ავტომატურად უერთდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, რის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშობა შეთანხმება. ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს მიმწოდებელთა ნების გამოვლენის მნიშვნელობაზე მოცემული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხსენებული ურთიერთობის წარმოშობა ხდება არა ცალმხრივად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეხედულებით, არამედ მხოლოდ ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მითითებული შეთანხმება ორმხრივად გამოვლენილი ნების შედეგია, შესაბამისად, მიმწოდებლის (სამედიცინო დაწესებულების) მიერ სურვილის გამოხატვა და მასში მონაწილეობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცხადება წარმოადგენს მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების საკითხზე და აღნიშნავს, რომ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან გათავისუფლება მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის პირობებშია შესაძლებელი, რადგანაც ხელშეკრულების არარსებობის დროს წარმოუდგენელია მხარეთა შორის რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებას ჰქონდეს ადგილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული დადგენილებით განსაზღვრული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებისაგან მხარეთა გათავისუფლებით, ფაქტობრივად, უკვე არსებულ შეთანხმებას ხელშეკრულებად მოიხსენიებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი შეთანხმებაში იმთავითვე მოიაზრებს მიმწოდებლის წერილობითი დასტურის საფუძველზე პროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც თავად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, მისი დანართები და თითოეული დანაწესი, აგრეთვე, მის უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური ერთობლივად წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...“, როგორც მიმწოდებლის მიერ გაცხადებული დასტურით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „...“ შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განისაზღვრება პროგრამაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები, აგრეთვე, პროგრამის ზედამხედველობის სახეობები და ეტაპები შემთხვევათა ტიპების შესაბამისად და ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის სახით გამოსაყენებელი სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები, კერძოდ, პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხოლო ამავე პროგრამის მე-19 მუხლი კი, კონკრეტულად განსაზღვრავს იმ საჯარიმო სანქციებს, რომელიც მიმწოდებელს პროგრამით განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიების არაეფექტური შესრულების გამო ეკისრება.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავო აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-19 მუხლი, კერძოდ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ყველა დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნა ზემოხსენებული მუხლით დადგენილი საჯარიმო სანქციები, რაც მითითებულ გარემოებებთან ერთობლიობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა შპს „...“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანაწესებს უკავშირდება და მათგან გამომდინარეობს.
რაც შეეხება სადავო აქტების შემხებლობას მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდება შპს „...“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა თუ არაჯეროვან შესრულებას, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო აქტები გამოცემულია სწორედ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე, შესაბამისად, აღნიშნული აქტების ბათილობის მოთხოვნით მოსარჩელე, ფაქტობრივად, სადავოდ ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების ფაქტსაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო აქტები გამოცემულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „..ს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობით დადგენილი პირობების საფუძველზე, შესაბამისად, განსჯადობის წესების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მხოლოდ ტერიტორიული განსჯადობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული ზოგადი წესი და მოცემულ დავაზე განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მხოლოდ სადავო აქტების გამომცემი ორგანოს, როგორც მოპასუხის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, აგრეთვე, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტიც და ის ადგილიც, სადაც ხელშეკრულების შესრულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხორციელდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი წესისა და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი განსჯადობის სპეციალური წესის კონკურენციის დროს, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, უპირატესობა სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დანაწესებს უნდა მიენიჭოს, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ სარჩელი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია მხოლოდ სასამართლოთა შორის განსჯადობის დავის გადაწყვეტა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი ადგენს არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს ვალდებულებას სარჩელი გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობოს მოსარჩელეს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. განსჯადობა განსაზღვრავს უფლებამოსილებას სასამართლოებს შორის და ნიშნავს სასამართლოთა შორის საქმეების განაწილების წესს, ანუ იმ კონკრეტული სასამართლოს დადგენას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმე. განსჯადობის ეტაპზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გადაწყვეტა არ შედის საკასაციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის ეტაპზე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გასაჩივრებული აქტების მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ხარისხსა და შედეგებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ განცხადება გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ განხილულ უნდა იქნეს სარჩელის განმხილველი განსჯადი სასამართლოს მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „...ის“ განცხადება განსახილველად გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი