Facebook Twitter

№ბს-414-414(2კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი ხომასურიძე ბს-414-414(2კ-18) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 7 თებერვალს ქ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 9 იანვრის №02/02 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის №61 ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა.

2017 წლის 13 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოპასუხედ მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქ. ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით ქ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით ქ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ონის მაგისტრატ სასამართლოს.

ონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის №61 ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ. ამასთან, დაევალა საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - სსიპ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 9 იანვრის №02/02 ბრძანება ქ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა; ქ. ხ-ის მოთხოვნა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

ონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის №61 ბრძანება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2017 წლის 9 იანვრის №02/02 ბრძანება, რომლითაც ქ. ხ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო.

საქმის მასალების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მოადგილის ლ. გ-ის 2016 წლის 26 დეკემბრის №1531962 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ მოხდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის შესწავლა, რომლის შედეგების ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოვლინდა რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობასა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საჭიროება, რესურსცენტრების რეორგანიზაცია „ტერიტორიულობის პრინციპის“ დაცვით, რის შედეგადაც 52 იურისტის ნაცვლად, საგანმანათლებლო რესურსცენტრების სამართლებრივ ურთიერთობას გაუწევდა 22 იურისტი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2746 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, 2017 წლის 5 იანვარს №61 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა 5 თანამშრომელი: რესურსცენტრის უფროსი, მთავარი სპეციალისტი (პედაგოგი), უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტი), უფროსი სპეციალისტი ( აუდიტი) და სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 იანვარს №61 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხის შესაბამისად, ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აღარ არის გათვალისწინებული იურისტის შტატი და მოხდა მისი გაუქმება, თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111.2 მუხლის შესაბამისად, ქ. ხ-ე არ ექვემდებარებოდა სამსახურიდან განთავისუფლებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111.2 მუხლის შინაარსობრივი ანალიზი, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მუხლის დანიშნულებაა იქონიოს შემაკავებელი ეფექტი და გათავისუფლების საფუძვლების წარმოშობის მიუხედავად, აწესებს იმ მაღალ სტანდარტს, რაც ორსული ქალისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ზღუდავს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი