№ბს-448-448(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 1 თებერვალს თ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს) მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თ. ჯ-ას სასარგებლოდ 2007 წლის იანვრიდან 2013 წლის დეკემბრამდე პენსიის მიუღებლობის გამო მიყენებული ზიანის - 12642 ლარის (6331 ლარი მიუღებელი პენსია, ხოლო 6311 ლარი - მიყენებული მატერიალური ზიანი) ანაზღაურებისა და თ. ჯ-ას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის უვადოდ დადგენასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით თ. ჯ-ამ მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი, ქალაქ თბილისის ... ცენტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრისა და ქალაქ თბილისის ... ცენტრისთვის თ. ჯ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად 2007 წლის იანვრიდან 2013 წლის დეკემბრამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებისა და 12642 ლარის ოდენობით პენსიის შეწყვეტით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით თ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრისა და ქალაქ თბილისის ... ცენტრისთვის თ. ჯ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად 2007 წლის იანვრიდან 2013 წლის დეკემბრამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებისა და 12642 ლარის ოდენობით პენსიის შეწყვეტით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას 1992 წელს დაუდგინდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი და დაენიშნა შესაბამისი პენსია, რომელსაც 2006 წლის ბოლომდე იღებდა, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ვადის გასვლის გამო არ შეუწყდა. 2007 წლის 7 აგვისტოს თ. ჯ-ას წარმომადგენელმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა, რომლითაც თ. ჯ-ასათვის შეზღუდული შესაძლებლობის ჯგუფის არასწორად დადგენაზე მიუთითა და აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად სამინისტროს მხრიდან სათანადო ღონისძიებების გატარება მოითხოვა. 2007 წლის 7 აგვისტოს წერილის პასუხად სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 23 აგვისტოს წერილით განიმარტა, რომ თ. ჯ-ასათვის დადგენილი დიაგნოზი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის #1/ნ ბრძანებაში (შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე) 2007 წლის 20 აპრილის #137/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილების შემდეგ, შესაძლებლობის ზომიერად (მე-3 ჯგუფი) გამოხატული შეზღუდვის დადგენის საფუძველს წარმოადგენდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პენსიის შეწყვეტასა და ინვალიდობის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებული პრეტენზიით თ. ჯ-ას სასამართლოსათვის არ მიუმართვს, მიუღებელი პენსიისა და სხვა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვალს წარედგინა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ პენსიის შეწყვეტისა და გაუცემლობის კანონიერებაზე მსჯელობა სასამართლოს მხოლოდ შესაბამისი ქმედებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - შეწყვეტის შესახებ ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ აქტების გასაჩივრების ფარგლებში შეუძლია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, არსებითად გამოთქმულია პრეტენზია პენსიის შეწყვეტასა და 2013 წლამდე პენსიის გაუცემლობაზე, თუმცა არა დადგენილი წესით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილ უნდა იქნეს მისი გამოცემიდან 1 თვის ვადაში. აქტის კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოუცემლობაც, ისევე როგორც აქტის გამოცემაზე უარი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, საერთო წესით საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სასამართლოების მსჯელობას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი, სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი, მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საქმის მასალებით კი, დადგენილია, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ თ. ჯ-ასათვის ცნობილი იყო 2007 წელს, მას პენსიის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ დროიდან 3 წლის ვადაში უნდა მოეთხოვა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშრებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი