ბს-848-840(კ-16) 30 ნოემბერი,2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი - ლ. სანიკიძე
კასატორი - ი. თ-ი, წარმომადგენელი ე. ა-ე (17.02.2016წ. N... რწმუნებულება), თარჯიმანი ნ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის რუსეთის ფედერაციის ყოფილი 62-ე ბაზის მრავალსართულიანი ბინების გამანაწილებელი კომისია, წარმომადგენელი ხ. ა-ი (18.10.2017წ. N... მინდობილობა); ფ. თ-ი, წარმომადგენელი ნ. გ-ე(17.11.2014წ. N... რწმუნებულება)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2016წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. თ-მა 10.07.2015წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის რუსეთის ფედერაციის ყოფილი 62-ე ბაზის მრავალსართულიანი ბინების გამანაწილებელი კომისიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის მრავალგზის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის რუსეთის ფედერაციის ყოფილი 62-ე ბაზის მრავალსართულიანი ბინების გამანაწილებელი კომისიის 01.06.2015წ. N8 ოქმის (ი.თ-ის ნაწილში), 27.07.2015წ. N11 ოქმის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.08.2015წ. N25213 ბრძანების ბათილად ცნობა და ბინების გამანაწილებელი კომისიისათვის ახალქალაქში, ... სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ...კორპუსის ... ბინის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003 წლიდან მუშაობდა ახალქალაქში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილში ეკონომისტად, რის საფუძველზეც 25.06.2007წ. მის სახელზე გამოიწერა N100 ორდერი და სარგებლობაში გადაეცა ქ. ახალქალაქში ყოფილ ... სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ...კორპუსში ... ბინა, რომელშიც მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ჯერ კიდევ ორდერის გაცემამდე. სამხედრო ბაზის ახალქალაქიდან გასვლისას ბაზის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტს გადასცა იმ პირთა სია, რომელთაც მართლზომიერად, ორდერის საფუძველზე ჰქონდათ მიღებული ბინები. ამ სიაში მე-11 ნომრად მითითებული იყო მოსარჩელის მონაცემებიც. მიუხედავად აღნიშნულისა ი. თ-ის სარგებლობაში არსებული ბინა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკუთრებაში გადასცა ფ. თ-ს. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 07.04.2015წ. გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ფ. თ-ის სასარგებლოდ მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და გამგეობას დაევალა სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის რუსეთის ფედერაციის ყოფილი ბაზის მრავალბინიანი სახლების გამანაწილებელი კომისიის მიერ ი. თ-ს უარი ეთქვა ბინის პრივატიზებაზე და ბინა უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, უპირობოდ კვლავ გადაეცა ფ. თ-ს, რომელსაც არ აქვს ბინაზე უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი. ფ. თ-ის სასარგებლოდ გაცემული ცნობები ხელმოწერილია თვითონ ფ. თ-ის მიერ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, დაირღვა წარმოების ჩატარების წესები, რადგან ი. თ-ს არ მიეცა თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, ორგანომ სრულად უგულებელყო ი. თ-ის უფლებადამდგენი დოკუმენტები, არ გაითვალისწინა, რომ ფართში ცხოვრობს მოსარჩელის ოჯახი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 21.08.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ფ. თ-ი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 29.10.2015წ. გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის რუსეთის ფედერაციის ყოფილი სამხედრო ბაზის მრავალბინიანი სახლების გამანაწილებელი კომისიის 01.06.2015წ. N8 ოქმი ი. თ-ის ნაწილში, 27.07.2015 წ. N11 ოქმი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.08.2015 წ. N25213 ბრძანება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.ახალქალაქში, ... სამხედრო ქალაქში, ...კორპუსში მდებარე ... ბინის ი. თ-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსაგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 4.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ წესით ამომწურავად არ არის განსაზღრული იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ადასტურებენ არაპრივატიზებული ფართის კანონიერად სარგებლობის ფაქტს, ასეთი დოკუმენტი შესაძლოა იყოს როგორც ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანონიერი სარგებლობის ფაქტს.
,,საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესის და მათი გაყვანის შესახებ” საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 31.03.2006წ. დადებული სოჭის შეთანხმებით განისაზღვრა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზაზე ან რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და დათხოვნილი იქნენ სამხედრო სამსახურიდან საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანის პერიოდში, აგრეთვე მათთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, რომლებიც გამოთქვამენ საქართველოში მუდმივად ცხოვრების სურვილს, საქართველოს მხარე აძლევს გარანტიას, რომ შეუნარჩუნდებათ უფლება მათ მიერ დაკავებულ ფართზე. აღნიშნულის საფუძველზე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელების მიერ შედგენილი და დამოწმებული იქნა იმ პირთა სია, რომლებიც კანონიერად ფლობენ დაკავებულ ბინებს და ბაზის გასვლის შემდეგ რჩებიან ამ ბინაში საცხოვრებლად. საქმეში დაცული ახალქალაქის გარნიზონის უფროსის მიერ 21.06.2007 წ. დამოწმებულ სიაში რიგით მე-11 ნომრად მითითებულია ი. თ-ი, მისამართად აღნიშნულია ... სამხედრო ქალაქის სახლი ..., ბინა .... ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელის მიერ შედგენილი სია წარმოადგენს სწორედ იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება ი. თ-ის მიერ ბინის კანონიერად სარგებლობის ფაქტი, რადგან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე დისლოკაციის დროს, სწორედ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა იყო უფლებამოსილი განეკარგა მის ტერიტორიაზე არსებული ბინები. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ი. თ-ი სამსახურიდან განთავისუფლებულია 21.06.2007წ., ხოლო ბინის ორდერი გაცემულია 25.06.2007წ., სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ გარემოებას დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშნელობა არ აქვს, რადგან ახალქალაქის გარნიზონის უფროსის მიერ 21.06.2007წ. დამოწმებული სია დამოუკიდებლად საკმარის საფუძველს წარმოადგენს მართლზომიერი სარგებლობის დასადგენად.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საკითხის განმხილველმა ორგანომ არასრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები, არასათანადოდ შეაფასა ი. თ-ის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის ის დოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად დასტურდება სადავო ფართზე ი. თ-ის კანონიერი სარგებლობის ფაქტი. ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, როგორც ქონების მესაკუთრე, არ იყო უფლებამოსილი აღნიშნული ბინა სარგებლობის უფლებით გადაეცა მესამე პირისათვის.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 29.10.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფ. თ-ის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის რუსეთის ფედერაციის ყოფილი 62-ე ბაზის მრავალსართულიანი ბინების გამანაწილებელი კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2016წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსაგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-3, მე-4 მუხლების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს უფლება აქვთ პირს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცენ არაპრივატიზებული ფართი, თუმცა ასეთ პირს უნდა გააჩნდეს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოსარჩელეს არ აქვს. 21.06.2007წ. სია სასამართლომ არ მიიჩნია მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან სია არ არის ხელმოწერილი და დამტკიცებული ახალქალაქის გარნიზონის ხელმძღვანელობის მიერ. სიის პირველ გვერდზე მითითებულია, რომ მას ამტკიცებს გენერალ-მაიორი ა.პ-ი, თუმცა ხელმოწერა არ არის, ამასთანავე, სიის ბოლოს ხელმომწერ პირად მითითებულია გენერალ-მაიორი ე.ა-ი, თუმცა ხელმოწერა არ არის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ახალქალაქის რაიონის კეჩის 25.06.2007წ. N100 ორდერი აგრეთვე არ ადასტურებს კანონიერ სარგებლობას, რადგან ორდერი გაცემულია ი. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების - 21.06.2007წ. შემდეგ. ამასთანავე, ი. თ-მა ორდერის გაცემიდან რამდენიმე თვით ადრე დატოვა საქართველო, 18.02.2007წ. მას შვილი შეეძინა რუსეთის ფედერაციაში, ქ. ტვერში, ი. თ-მა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა მიიღო მხოლოდ 2010 წ., ამდენად, 2007 წლის თებერვლიდან 2010 წლამდე საქართველოში ი.თ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო აქტი ი. თ-ის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება სადავო აქტის კანონიერებას ფ. თ-ის ნაწილში, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014 N189 დადგენილება არ ითვალისწინებს ფართის საკუთრებაში გადაცემას იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს სხვა საცხოვრებელი არა აქვს. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ განმცხადებელმა უნდა წარადგინოს არაპრივატიზებული ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ფ. თ-ს არ წარუდგენია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 23.10.2013 წ. ბრძანების და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 18.11.2013წ. საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე სადავო ფართი საკუთრებაში ადრეც გადაეცა ფ. თ-ს, თუმცა აღნიშნული აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 07.04.2015 წ. გადაწყვეტილებით იმ მოტივით, რომ ფ. თ-ს არ ჰქონდა წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიუხედავად ადმინისტრაციულმა ორგანომ ისევ გადასცა საკუთრებაში ფ. თ-ს სადავო ფართი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ არის უფლებამოსილი ი. თ-ის სარჩელის საფუძველზე ბათილად სცნოს ადმინისტრაციული ორგანოს აქტები ფ. თ-ისთვის ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, რადგან სადავო აქტები ი. თ-ს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. თ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, სათანადოდ არ შაფასა ი. თ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია. სასამართლომ არ გაითვალისწინა „საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესებისა და მათი გამოყენების შესახებ“ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 31.03.2006წ. დადებული სოჭის შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზაზე ან რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და დათხოვნილ იქნენ სამხედრო სამსახურიდან საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანის პერიოდში, აგრეთვე მათთან მუდმივად მცხოვრებ მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც გამოთქვამენ საქართველოში მუდმივად ცხოვრების სურვილს, საქართველოს მხარე აძლევს გარანტიას, რომ შეუნარჩუნდებათ უფლება მათ მიერ დაკავებულ ფართზე. სასამართლომ არასწორად შეაფასა 21.06.2007წ. ...სამხედრო ქალაქის მცხოვრებთა სია, რომელთაც კანონიერად აქვთ დაკავებული ბინები და 62-ე ბაზის გაყვანის შემდგომ რჩებიან საცხოვრებლად საქართველოში. აღნიშნულ სიაში მე-11 ნორმად მითითებულია ი. თ-ი. ამასთანავე, თავად მოპასუხე არ უარყოფს სიის არსებობას და ბინების განაწილებისას ამ სიით ხელმძღვანელობას. ბინის განაწილებისას სიების გათვალისწინების საჭიროება დადგენილია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც (ბს-180-177(კ-15)). ის გარემოება, რომ ბინების განაწილებისას ი.თ-ი საქართველოში არ იმყოფებოდა, არ ასაბუთებს მის კანონიერ მოსარგებლედ აღიარებაზე უარს, რადგან მფლობელობა არ ნიშნავს ბინაში მუდმივად ყოფნას. ი. თ-ი დაუფლებულია ბინას, მისი ნივთები დღესაც სადავო ბინაშია განთავსებული. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ი. თ-ის სახელზე გაცემული ორდერი ძალაშია. გაურკვეველია რის საფუძველზე მოხდა ი.თ-ის მფლობელობაში არსებული ბინის ფ. თ-ისთვის გადაცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ განსაზღვრულია კანონიერი მოსარგებლისათვის ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები. „წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნის და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ფართით. ამდენად, კანონიერ მოსარგებლედ პირის მიჩნევის და შესაბამისად, ფართზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლების გადაცემის საფუძველია, ორი კუმულატიური პირობის არსებობა: უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სარგებლობის უფლების წარმომშობი დოკუმენტი და კანონიერი სარგებლობის ფაქტი.
კანონიერი სარგებლობის უფლების წარმომშობ დოკუმენტებს განეკუთვნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და ასევე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლების წარმოშობას. განსახილველ შემთხვევაში ი. თ-ი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სახით უთითებს 21.06.2007წ. სიას და 25.06.2007წ. გაცემულ ორდერს. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ ადასტურებენ ფართით მართლზომიერ სარგებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და მათი გაყვანის შესახებ“ შეთანხმებით განისაზღვრა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ობიექტების გაყვანის ფორმალური წესები და ვადები, სამხედრო ბაზების/ობიექტების თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა უფლებრივი მდგომარეობა. „შეთანხმების“ მიხედვით რუსეთის ფედრაციის მოქალაქეებს, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზებზე ან რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და დათხოვნილ იქნენ სამხედრო სამსახურიდან საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების ან რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანის პერიოდში, აგრეთვე მათთან მუდმივად მცხოვრებ მათი ოჯახის წევრებს, რომლებმაც გამოთქვეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების სურვილი, საქართველოს მხარემ მისცა გარანტია, რომ შეუნარჩუნდებოდათ უფლებები მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე (მე-13 მუხ.). აღნიშნული შეთანხმებით საქართველოს არ აუღია იმ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომელთაც სამხედრო ბაზის გასვლამდე სარგებლობაში არ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი, დასახელებული ნორმის მიხედვით კონკრეტული პირებისათვის უნდა მომხდარიყო არა ახალი საცხოვრებელი ფართების გადაცემა, არამედ უკვე ფაქტობრივ მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ ფართებზე უფლების შენარჩუნება. რუსეთის სამხედრო ბაზის/ობიექტის ფარგლებში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ნივთების ფაქტობრივი მფლობელების უფლებრივი მდგომარეობის სტაბილურობის უზრუნველყოფის, საქართველოში დარჩენის შემთხვევაში ოჯახებისათვის მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართებზე სარგებლობის უფლების დაკარგვის გამორიცხვის მიზნით, საქართველომ გასცა ფართის სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნების და არა ახალი მფლობელობის წარმოშობის გარანტია. საქმის მასალების მიხედვით, ი. თ-ი 2003 წლიდან 2007 წლის 21 ივნისამდე მუშაობდა 62-ე სამხედრო ბაზის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილში, ე.წ. „კეჩ-ში“, რომლის ლიკვიდაციის გამო ის გათავისუფლდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ი. თ-ს 62-ე სამხედრო ბაზის საბინაო ფონდიდან სარგებლობაში არ ჰქონია გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ბინაში ცხოვრობდა ორდერის გამოცემამდეც. საქმის მასალებით ეს ფაქტი არ დასტურდება, ამასთანავე მოსარჩელე ვერ უთითებს ბინაში ცხოვრების რაიმე კანონიერ საფუძველზე. ორდერის გაცემამდე ი.თ-ის ცხოვრება სადავო ფართში არ დასტურდება, მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით, მას არ წარმოუდგენია ფართში შესახლების, მართლზომიერი ფლობის წარმოშობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, მხარე თავად არის ვალდებული წარმოადგინოს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში „შეთანხმების“ მე-13 მუხლით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება ვერ გავრცელდება ი. თ-ის მიმართ, რადგან არ დასტურდება რუსეთის ბაზის საქართველოდან გასვლამდე, ი. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ ფართის მართლზომიერად დაკავების ფაქტი.
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის N100 ბინის ორდერი, რომელიც ი. თ-ის სახელზე გაცემულია 25.06.2007წ. მაშინ, როდესაც ი. თ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 21.06.2007წ.. ის გარემოება, რომ შრომის წიგნაკში გათავისუფლების შესახებ ჩანაწერი გაკეთებულია 30.06.2007წ. არ ადასტურებს ი. თ-ის გათავისუფლებას 30 ივნისს, რადგან ჩანაწერის გაკეთების საფუძვლად მითითებულია 21.06.2007წ. ბრძანება. შესაბამისად აღნიშნული ორდერი ვერ მიიჩნევა უძრავ ნივთზე საკუთრების უსასყიდლოდ მიღების უფლებაწარმომშობ დოკუმენტად საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მიზნებისთვის.
საქმეში დაცულია აგრეთვე „... სამხედრო ქალაქის მაცხოვრებელთა სია, რომელთაც კანონიერად აქვთ დაკავებული ბინები და 62-ე ბაზის გაყვანის შემდეგ რჩებიან და შემდგომშიც იცხოვრებენ ქ. ახალქალაქის ... სამხედრო ქალაქში“, რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის მიერ, თუმცა სიის დასაწყისში მითითებულია, რომ სიას ამტკიცებს გენერალ-მაიორი ა. პ-ი, ამასთანავე სიის დასასრულს არის 62-ე სამხედრო ბაზის მეთაურის ე. ა-ის ხელმოწერის გრაფა, თუმცა არც ე. ა-ის და არც ა. პ-ის ხელმოწერები სიას არ ახლავს, რაც მას ნაკლებ სარწმუნოს ხდის. კასატორის მითითება, რომ სხვადასხვა პირთათვის ფართზე საკუთრების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას მოპასუხე ხელმძღვანელობს აღნიშნული სიით, არ ასაბუთებს სიის უტყუარობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 21.06.2007წ. სია არის დასაშვები, თუმცა არა საკმარისი მტკიცებულება, მისი შეფასება უნდა მოხდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, სია ინდივიდუალურად, სხვა სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ ადასტურებს ფართზე კანონიერი სარგებლობის უფლების არსებობას. კასატორის მოსაზრება, რომ აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, კერძოდ Nბს-180-177(კ-15) საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, არ არის დასაბუთებული. მითითებული გადაწყვეტილება გამოტანილია სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, კერძოდ, განსახილველი დავისგან განსხვავებით, Nბს-180-177(კ-15) საქმეში დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყო სადავო ფართში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, სადავო არ იყო ბინის ფაქტობრივი ფლობა. ამასთან, საკასაციო პალატას აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია სამხედრო ქალაქის კეჩ-ის უფროსის მიერ ხელმოწერილი სიის უფლებაწარმომშობ დოკუმენტად მიჩნევის შესაძლებლობაზე. ამდენად, საფუძველს მოკლებულია მოსაზრება სადავო საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს განსხვავებული შეფასების არსებობის შესახებ.
სამხედრო ბაზის ბინების კანონიერად დამკავებელ მაცხოვრებელთა სიაში შეყვანის წინაპირობას, თვით სიის სახელწოდებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინით კანონიერ საფუძველზე სარგებლობა. ამდენად, ი. თ-ის სახელზე ჯერ უნდა გაცემულიყო ბინის ორდერი, ხოლო შემდეგ ის, როგორც ბინის კანონიერი მოსარგებლე, უნდა შეყვანილიყო ბინების კანონიერ მოსარგებლეთა სიაში. აღნიშნულის მიუხედავად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ „... სამხედრო ქალაქის მაცხოვრებელთა სია, რომლებსაც კანონიერად აქვთ დაკავებული ბინები და 62-ე სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ რჩებიან და შემდგომშიც იცხოვრებენ ქ. ახალქალაქის ... სამხედრო ქალაქში“ შედგენილია 21.06.2007წ., ხოლო ი. თ-ის სახელზე ორდერი ბაზის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 25.06.2007წ. გაიცა. შესაბამისად, სიის შედგენის მომენტისათვის არ არსებობდა ბინის ი. თ-ის მიერ დაკავების რაიმე კანონიერი საფუძველი, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ი. თ-ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ბინაში რუსეთის ფედერაციის 62-ე სამხედრო ბაზის გასვლამდე ცხოვრობდა მისი ბიძა, რომელიც ბაზის გასვლასთან ერთად გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, არანაირად არ ადასტურებს ი.თ-ის მიერ სადავო ბინით მართლზომიერ სარგებლობას. ამასთანავე, საქმეზე არ დასტურდება სადავო ბინით სარგებლობის ფაქტი, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ამ გარემოების მიმართ დასაბუთებული პრეტენზია კასატორის მიერ არ წარმოდგენილა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი სარგებლობის უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაშიც კი, საკუთრებაში ფართის უსასყიდლოდ გადაცემისათვის აუცილებელია არსებობდეს მეორე წინაპირობაც - ფართის ფაქტობრივი სარგებლობა. ამდენად, საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მართლზომიერი სარგებლობის უფლების წარმოშობა, არამედ ამ უფლების რეალიზაციაც - ფართის ფაქტობრივი დაუფლება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით: 18.02.2007წ. და 07.08.2008წ. დაბადების მოწმობებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ორდერის გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა საქართველო, იგი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. ტვერში, სადაც შეეძინა ვაჟიშვილები (18.02.2007წ., 07.08.2008წ.), ამასთანავე 2007 წლის თებერვლიდან 2008 წლის აგვისტომდე საქართველოში დაბრუნება არ დასტურდება. მოსარჩელის მითითება, რომ იგი პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში და ფლობდა სადავო ფართს, რაიმე მტკიცებულებებით: საზღვრის კვეთაზე ცნობით, კომუნალური გადახდის ქვითრებით და სხვ. არ არის გამყარებული. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ი. თ-ის სახელზე ბინადრობის მოწმობა გაიცა მხოლოდ 07.07.2010წ., 2007 წლის თებერვლიდან 2010 წლის ივლისამდე მოსარჩელის საქართველოში ყოფნა და სადავო ფართით სარგებლობა არ დასტურდება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ბინადრობის მოწმობაში, ასევე საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში ი. თ-ის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ... ქუჩა და არა ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია, რაც სარწმუნოს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ი. თ-ი არ ცხოვრობს სადავო ფართში, მით უფრო, რომ ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის მოქალაქეობას, ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე („საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის 12.2 მუხ.), თუ სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობა. ამდენად, ი.თ-მა ვერ წარმოადგინა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა. შესაბამისად, მართებულია ორგანოს უარი ი. თ-ისათვის ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, რადგან 25.06.2007წ. N100 ორდერი არის ფართის დაკავების დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა ათდღიანი ვადით განისაზღვრებოდა.ბინის ორდერში მითითებულია, რომ მისმა მფლობელმა ორდერში მითითებული ბინა უნდა დაიკავოს მისი გამოცემიდან 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ორდერი ავტომატურად კარგავს ძალას და არ წარმოადგენდა ბინის კანონიერად დაკავების უფლებადამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის 5.8 მუხლის თანახმად, თუ პირის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს ფართზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, აღნიშნული წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება „საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების, ვადების, წესის და მათი გაყვანის შესახებ“ საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის დადებულ სოჭის შეთანხმებაზე. საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის 31.03.2006წ. დადებული სოჭის შეთანხმებით საქართველოს მხარე დაკავებულ ფართზე უფლების შენარჩუნების გარანტიას რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებს აძლევდა, რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზაზე და დათხოვნილი იქნენ სამხედრო სამსახურიდან, აგრეთვე მათთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, რომლებიც გამოთქვამდნენ საქართველოში მუდმივად ცხოვრების სურვილს. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება არათუ ფართის ფლობა, არამედ აგრეთვე ი. თ-ის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. თ-ი 2003 წლიდან მუშაობდა ახალქალაქში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილში, ეკონომისტად, ამდენად, არ დასტურდება ი. თ-ის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა, მასთან დადებული იყო შრომის ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო. არ დასტურდება მოსარჩელისათვის, როგორც სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირისათვის, ხელშეკრულების შეწყვეტამდე ბინის გამოყოფა, სადავო საცხოვრებელი ფართით კანონისმიერი სარგებლობა, რაც საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად წარმოადგენს არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის იმპერატიულ პირობას (1.1 მუხ.).
კომისიის სხდომის N8 ოქმში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა და სხდომის თარიღად 01.06.2015წ. ნაცვლად მიეთითა 20.05.2015წ., კომისიის 23.09.2015წ. N13 ოქმით გასწორდა კომისიის N8 ოქმში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და სხდომის თარიღად 01.06.2015წ. მიეთითა. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე ესწრებოდნენ კომისიის სხდომას, ი. თ-ს მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, შესაბამისად, უსაფუძვლოა სარჩელში მოყვანილი მოსაზრებები სხდომის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობის, ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი ჩართვის გარეშე საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
რაც შეეხება ფ. თ-ისათვის ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მართლზომიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უფლების დაცვის, ე.წ. „პოპულარული“ სარჩელის აღძვრის დაუშვებლობის, ასეთი სარჩელის დაშვებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შელახვის თვალსაზრისით, აუცილებელია დადგინდეს დავის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რისთვისაც არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის კანონიერ ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა რომ მოსარჩელეს არა თუ არ აქვს სადავო ფართზე სარგებლობის უფლების დამდგენი დოკუმენტები, არამედ იგი არ წარმოადგენს სადავო ბინის ფაქტობრივ მფლობელს, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ დასტურდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.08.2015წ. N252 13 ბრძანების არამართლზომიერად აღიარების მიმართ ი. თ-ის კანონიერი ინტერესის არსებობა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული აქტის კანონიერების შესახებ. სააპელაცო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ფ. თ-ისათვის ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგება კანონიერ ძალში მყოფ სასამართლო გადაწყვეტილებებს, არ არის რელევანტური, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.08.2015წ. N252 13 ბრძანებით ფ. თ-ს სადავო ბინა გადაეცა სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით. მართალია საკუთრების უფლება თავის თავში სარგებლობის უფლებასაც მოიცავს, თუმცა არა პირიქით, ფართზე სარგებლობის უფლების მოპოვება იმთავითვე არ ადასტურებს საკუთრების წარმოშობას. გასათვალისწინებელია, რომ სადავო აქტით (06.08.2015წ.) ფ. თ-ისათვის ფართზე უფლების გადაცემა არ მომხდარა საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ საფუძველზე. ამასთანავე, ი. თ-ის იმ მოსაზრების საფუძვლიანობა, რომ მისი უფლება სადავო ფართზე ქმნიდა ფ. თ-ისათვის იმავე ფართზე სარგებლობის უფლების მინიჭების გამომრიცხავ საფუძველს, საქმის მასალებით არ დადასტურდა, ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის უფლება სადავო ფართზე. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 54.1 მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. რადგანაც ი. თ-ი არ წარმოადგენს სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლეს, მას არ გააჩნია ბინის პრივატიზების უფლება, რაზედაც მას უარი ეთქვა კომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისად კომისია შემდგომში არ იყო ვალდებული ბინის უსასუყიდლოდ სარგებლობაში ფ. თ-ისათვის გადაცემის საკითხის განხილვისას ჩაერთო ი. თ-ი ადმინისტრაციულ წარმოებაში, ვინაიდან არ დასტურდება ი. თ-ის კანონიერი ინტერესი საკითხის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებული ხარვეზების მიუხედავად, დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2016წ. გადაწყვეტილება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი