საქმე Nბს-274-274(კ-18) 5 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჩ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ჩ-ამ 2017 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3434 ბრძანების ბათილად ცნობა - ზ. ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხისათვის ქ. თბილისში მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომდევნო ეტაპისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ზ. ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3434 ბრძანება ზ. ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ქ. თბილისში მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომდევნო ეტაპისთვის გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ზ. ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელის მიერ განაცხადის შევსების დროსაც და შემდეგში მონიტორინგის შედეგად კომისიაზე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ზ. ჩ-ა წლების მანძილზე ცხოვრობს ნათესავის ბინაში. აღნიშნული გარემოების გამო, საცხოვრებელი ფართების სიმწირის გათვალისწინებით, კომისიის მიერ ამ ეტაპზე მას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რის შესაბამისადაც, გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3434 ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოკვლევის მასალები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და სრულად უგულებელყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესი. ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ ზ. ჩ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის რეგისტრირებულ და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - თბილისი, ..., კორპუსი 79 ბ, ბინა N55. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ზ. ჩ-ას ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია მხოლოდ თვითონ და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულაა 14000. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ზ. ჩ-ას სარეიტინგო ქულაა - 7, ზ. ჩ-ა არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ასევე დადგენილია, რომ იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 ქულაზე მეტი, დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 დეკემბრის N3434 ბრძანებით ზ. ჩ-ას უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არარსებობის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საკასაცსიო პალატა იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისას უგულებელყო როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“. აღნიშნული გეგმის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ჩ-ას სარეიტინგო ქულაა 7 და არ არსებობს სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სტაბილურად სხვა პირის საკუთრებაში 1994 წლიდან ცხოვრობის ფაქტის გამო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ იყო გამოკვლეული შესაბამისი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და არასწორად დადგინდა თითქოს არსებობდა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა შეფასებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის N3434 ბრძანება და სწორად დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე