საქმეNბს-1101-1095(კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ს-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ 2016 წლის 22 თებერვალს სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - ე. ს-ის მიმართ და მოითხოვა ე. ს-ისათვის 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში კანონის დარღვევით მიღებული ფულადი დახმარების 2000 (ორიათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 1 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების უფროსის N04–06–11/1704 წერილი, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს ეთხოვა ე. ს-ისათვის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარების საკითხის გადამოწმებაში დახმარება. განხილვის შედეგად გაირკვა, რომ ე. ს-ის შვილი ს.ლ-ე (დაბ. თარიღი 19.04.2005წ;პ/N...) ირიცხება სსიპ ქ.რუსთავის ... საჯარო სკოლაში, ხოლო ბ. ლ-ე (დაბ. 22.04.2003წ. პ/N ...) - სსიპ ქ.რუსთავის N… საჯარო სკოლაში. ე. ს-ის რეგისტრაციის მისამართზე, ქ.რუსთავი, ... ქ. 1 ბ.N21-ში ამხანაგობის თავჯმდომარესთან - მ. ა-თან გასაუბრებით გაირკვა, რომ ე. ს-ი ზემოაღნიშნულ მისამართზე მშობლებთან ერთად ცხოვრობს ბავშვობიდან. ასევე ე. ს-მა შეხვედრისას განმარტა, რომ იგი თავის მესამე შვილთან - ა. ლ-ესათან (დაბ. 28.09.2014წ. პ/N ...) ერთად ყოველი თვის განმავლობაში საშუალოდ 15–18 დღე იმყოფება საჩხერის რაიონის სოფ. ..., ხოლო თვის დანარჩენ პერიოდში იმყოფება რუსთავში.
კასატორის განმარტებით, საქმის მასალების მოკვლევის შედეგად დაგინდა, რომ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქალაქის მხრიდან ადგილი აქვს ამ დახმარების მიღების უფლების არასწორად მოპოვების შემთხვევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ე. ს-ი ოჯახთან ერთად მუდმივად არ ცხოვრობს საჩხერის რაიონის სოფ. ..., სადაც ვრცელდება აღნიშნული პროგრამა და მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ფულადი დახმარების დანიშვნის ადგილის პირობებს და აღნიშნულიდან გამომდინარე ოჯახს შეუწყდება ფულადი დახმარება. ე. ს-ის მიერ დარღვეულია: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის ბრძანება №01-31/ნ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები. კერძოდ, ზემოაღნიშნული ბრძანების მე–9 მუხლის 1–ლი პუნქტის მოთხოვნები, რაც გულისხმობს ფულადი დახმარების შეჩერებას ,,თუ არსებობს ინფორმაცია ბენეფიციარის მხრიდან ამ დახმარების მიღების უფლების არასწორად მოპოვების ან დარღვევის შესახებ" და მე– 11 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,დ”ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც გულისხმობს ფულადი დახმარების შეწყვეტას, თუ მოქალაქის მიერ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლისას იგი ვერ აკმაყოფილებს დანიშვნის ადგილის პირობებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2015 წლის სექტემბრიდან შეწყვეტილიყო არასრულწლოვან ა. ლ-ეზე (დაბ. 28.09.2014წ. პ/N ...) „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ფარგლებში დანიშნული ფულადი დახმარება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ საფუძვლიანად მოითხოვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ე. ს-ისათვის ჩარიცხული 2000 (ორი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი განყოფილების უფლებამოსილი პირის ვიზიტების დროს სამჯერ არ დადასტურდა ე. ს-ის მიერ საჩხერის რაიონის სოფელ ... ცხოვრება, რის გამოც მას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-9 მუხლის საფუძველზე სამჯერ შეუჩერდა დახმარება, მაგრამ რამდენადაც მომდევნო თვეებში ვიზიტის დროს ე. ს-ი მესამე შვილთან ერთად მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა, ხდებოდა ფულადი დახმარების განახლება და გასული პერიოდი თანხის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობები“-ს მე-3 მუხლის თანახმად: ამ წესით განსაზღვრული ფულადი დახმარების ადმინისტრირების ორგანოა სააგენტო, რომელიც ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, განახლების, გადაანგარიშებისა და გაცემის ორგანიზებას. ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, მაძიებელი/ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ბიოლოგიური დედის/ოჯახის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ როცა ადმინისტრაციული ორგანო თავადვე ადასტურებს, ყოველი მომდევნო ვიზიტის დროს მოპასუხის შვილთან ერთად ყოფნას საჩხერის რაიონის სოფელ ..., უსაფუძვლოა მითითება მხოლოდ იმაზე, რომ ორი უფროსი შვილის ქ. რუსთავში სწავლის ფაქტის დადასტურება არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დაწესებულ სტანდარტს, რომელიც მოსარჩელეს ავალდებულებს, დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე