¹128აპ-11 ქ. თბილისი
12 აპრილი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ა. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (2008 წლის სექტემბრის ეპიზოდი) _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლით (2010 წლის აპრილის ეპიზოდი) _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 მაისიდან.
დაზარალებულ ნ. ც-ს სამოქალაქო სარჩელი წარმოუდგენლობის გამო დარჩა განუხილველი და მასვე მიეცა უფლება, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმართოს განსჯად სასამართლოს
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ა. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის სექტემბერში ა. ფ-ი დაქორწინდა ნ. ც-ზე. მათ შორის სისტემატურად ხდებოდა ოჯახური კონფლიქტი. 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ა. ფ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მთვრალმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ც-ს, რომელიც დაეცა, ა. ფ-მ აიღო სამზარეულოს დანა და მოკვლის მუქარით დაედევნა მეუღლეს. ნ. ც-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ა. ფ-მ მას სამზარეულოს დანით მარცხენა ხელის მტევნის მეხუთე თითის საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირზე მიაყენა დაზიანება.
ა. ფ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 2 „ფ-1“ ტიპის ხელყუმბარა, 3 „რგდ-5“ ტიპის ხელყუმბარა და 11 „აკს“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.
2010 წლის აპრილში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ა. ფ-მა ეჭვიანობის ნიადაგზე ნ. ც-თან მორიგი კონფლიქტის დროს, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში არსებული ტელევიზორის სადგამის თაროდან გამოიღო ერთი ,,რგდ-5” ტიპის ხელყუმბარა, მოხსნა დამცავი რგოლი და დაემუქრა ნ. ც-ს სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემდეგ ა. ფ-მა ხელყუმბარა ააფეთქა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმს ხელს არ აწერს სხდომის თავმჯდომარე (ტ. 1, ს.ფ. 197), რაც სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ჩატარდა ზეპირი მოსმენის გარეშე და შესაბამისად, მტკიცებულებები არ გამოკვლეულა.
ასეთ ვითარებაში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საკასაციო საჩივრის მოტივებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს მისი გამომტანი სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი, მხარეთა მონაწილეობით სრულად უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, საქმის ხელახლა განხილვის შედეგად არ უნდა გაუარესდეს მსჯავრდებულის მდგომარეობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ფ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.