საქმე Nბს-1128-1122(კ-17) 30 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“; სსიპ „სმართ ლოჯიქი“; სს „ფ...“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“-მა 2015 წლის 17 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ „სმართ ლოჯიქი-ს“, სს „ფ...-სა“ და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ შპს „...-ის“ N ... საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების; სსიპ „სმართ ლოჯიქის“ სატენდერო კომისიის მსუბუქი ავტომობილის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატენდერო კომისიის 2015 წლის 2 ივლისის N3 ოქმის; სსიპ „სმართ ლოჯიქის“ სატენდერო კომისიის მსუბუქი ავტომობილის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატენდერო კომისიის 2015 წლის 6 ივლისის N4 ოქმის; სსიპ „სმართ ლოჯიქის“ სატენდერო კომისიის მსუბუქი ავტომობილის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატენდერო კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N5 ოქმის; სსიპ „სმართ ლოჯიქსა“ და სს „ფ...“ შორის გაფორმებული შესყიდვების შესახებ N2015/61 ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი N ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამარჯვებულად შპს „...“ გამოცხადების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „....
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის აღნიშნავს, რომ სს „ფ...“ მიერ სატენდერო კომისიაში არ იქნა წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მტკიცებულება, რაც გულისხმობდა, ტენდერზე წარდგენილი ავტომანქანის უსაფრთხოების ტესტის გავლის დამადასტურებელ მტკიცებულების წარდგენას. შესაბამისად ტენდერზე წარდგენილი ავტომანქანა არ აკმაყოფილებდა იმ მინიმალურ კრიტერიუმებს, რაც განაპირობებდა ტენდერის მოგების შემდგომ პროცედურებს.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას მტკიცებულებაზე, რომელიც წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობიდან ავტომანქანის უსაფრთხოების ტესტის გავლასთან დაკავშირებით. რადგან ის არ შეიძლება ჩაითვალოს ამის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციით დგინდება, რომ R. L.-ს გამოშვებულია რუმინეთში, ამდენად მოპასუხეს სატენდერო კომისიაში უნდა წარედგინა მტკიცებულება ამ ქვეყნიდან და არა რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც სს „ფ...-ს“ ანალოგიურად არის R.-ს წარმომადგენლობა. სს „ფ...“ და R.-ს წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში არიან ერთი სტატუსის მქონე ორგანიზაციები, რომელთა მიერ გაცემული მოსაზრებები სადავო ავტომანქანის უსაფრთხოების ტესტის გავლასთან დაკავშირებით არ შეიძლება ჩაითვალოს ამის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით. ვინაიდან, ადამიანის სიცოცხლესა და მის დაცვას სახელმწიფოსათვის უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტი და ღირებულება აქვს, ვიდრე სახსრების რაციონალურ ხარჯვას, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სს „ფ...-ს“ მიერ წარდგენილ ავტომობილს არ აქვს გავლილი უსაფრთხოების ტესტი, აღნიშნული ავტომობილით სარგებლობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯამრთელობას, მით უფრო, რომ აღნიშნული ავტომობილი გამოიყენება საჯარო მიზნების განხორციელებისათვის,
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე მითითება სამართლებრივად არასწორია. ასევე, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის საკითხს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
კასატორის აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა სს „ფ...“, მის მიერ სატენდერო პირობების დარღვევით, უკანონოდ იქნა წარდგენილი შეთავაზებული ავტომობილი სატენდერო კომისიაში, რითაც დარღვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესების მე-13 მუხლის მოთხოვნები. ამდენად, ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით მოპასუხე სს „ფ...-ს“ მხრიდან არ არსებობს კანონიერი ნდობის არსებობის საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოსა და სადავო ადმინისტრაციული აქტების მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც, განსახილველი საქმის ძირითად გამოსაკვლევ საკითხს წარმოადგენდა გამარტივებული ტენდერით სახელწმიფოსათვის შეთავაზებულ R. L.-ს გავლილი ჰქონდა თუ არა „ქრაშ ტესტი“ და აქედან გამომდინარე შპს „ფ...“ აკმაყოფილებდა თუ არა განაცხადის 2.1.3. პუნქტში მითითებული შესასყიდი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებს, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენდა უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის - NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი), არსებობა.
ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენდა მინიმალური ტექნიკური ხასიათის მახასიათებელს და შემსყიდველი ორგანიზაცია იმპერატიულად არ ადგენდა ავტომობილის უსაფრთხოების დამადასტურებელი ქრაშ ტესტის შეფასებას კონკრეტულ წელზე მითითებით, ტექნიკური დოკუმენტაციის სხვა პუნქტებისგან განსხვავებით, სადაც უკვე იმპერატიული სახით დაფიქსირებულია მიმწოდებლის ვალდებულება სხვა ავტომობილის სხვა კომპონენტებთან მიმართებაში, კერძოდ მისაწოდებელი ობიექტი უნდა ყოფილიყო ახალი, არანაკლებ 2014 წელს გამოშვებული, განბაჟებული და ექსპლუატაციაში არმყოფი, ასევე პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა არანაკლებ 01 სერვის ცენტრი და დადგენილი იყო საგარანტიო პირობებისა და მისი მომსახურების ფარგლები და ა.შ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „…“ დსთ-ს დეპარტამენტის მიერ დადასტურებულია, რომ R. S. არის D. და R. სავაჭრო ნიშნების მფლობელი და აწარმოებს L.-ის მოდელის ავტომობილს, როგორც D. ისე R.-ის სავაჭრო ნიშნით. ორივე სავაჭრო ნიშნით გამოშვებული ავტომობილები ტექნიკურად იდენტურია და შესაბამისად D. L.-საც და R. L.-საც ჩაუტარდათ შემოწმება და სერტიფიცირებულ იქნენ ევროპის NCAP პროგრამით. ამავე სუბიექტის მიერ ასევე დადასტურებულ იქნა, რომ D./R. L. სერტიფიცირებულ იქნა EURO NCAP-ის პროგრამის მიერ 2005 წელს, რის შემდგომ ამ მოდელის დიზაინი შეიცვალა უსაფრთხოების სისტემაში ცვლილებების შეტანის გარეშე. L.-ის კონსტრუქცია იგივეა უსაფრთხოების ყველა სისტემის გათვალისწინებით, შეიცვალა მხოლოდ დიზაინი.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 20.11.2017წ. №2825 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე