Facebook Twitter

№ბს-936-932(კ-17) 29 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს სახალხო დამცველი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ი - შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 28 სექტემბერს ნ. ა-მა - შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: 1. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის ბრძანება №113 (დაუშტრიხავი); 2. ბრძანება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის ბრძანება №113 (დაუშტრიხავი); 3. ყველა სახის დოკუმენტი, რომლითაც Mercedes-benz ..., სახელმწიფო ნომრით ... სამსახურებრივი მიზნებისთვის მოსარგებლე თანამშრომელი განისაზღვრა (ასეთების არსებობის შემთხვევაში) (დაუშტრიხავი); 4. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანება. აღნიშნული საჯარო ინფორმაცია არ გაიცა კანონით დადგენილ ვადაში. მოსარჩელემ 2016 წლის 29 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №… გადა

წყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებზე საჯარო ინფორმაციის გაცემა ნაწილობრივ, დეპერსონალიზებული სახით.

ამდენად, მოსარჩელემ საჯარო ინფორმაციის დეპერსონალიზებული სახით გაცემის ნაწილში საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს სახალხო დამცველისთვის 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაუშტრიხავი სახით გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 17 ივნისს შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტმა - ნ. ა-მა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის ბრძანება №113 (დაუშტრიხავი); 2. ბრძანება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის ბრძანება №113 (დაუშტრიხავი); 3. ყველა სახის დოკუმენტი, რომლითაც Mercedesbenz ..., სახელმწიფო ნომრით ... სამსახურებრივი მიზნებისთვის მოსარგებლე თანამშრომელი განისაზღვრა (ასეთების არსებობის შემთხვევაში) (დაუშტრიხავი). 2016 წლის 20 ივნისს ნ. ა-მა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი III, ინფორმაციის თავისუფლება, მე-40 მუხლის I პუნქტი) მიხედვით, მოითხოვა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების გაცემა. 2016 წლის 29 ივლისს შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტმა - ნ. ა-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელიც მოთხოვნილ იქნა ნ. ა-ის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გაგზავნილი 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებით.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 ივლისის №… გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა წარმოებაში ნ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციული საჩივრის წარმოების ეტაპზე შეტყობინება გაეგზავნა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, რომელთაც ეცნობათ ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილი ინფორმაციის თაობაზე. თანამშრომელთა ნაწილმა თანხმობა განაცხადა მათი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების საჩივრის ავტორისათვის გადაცემაზე. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №… გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ა-ის 2016 წლის 29 ივლისის №… ადმინისტრაციული საჩივარი. სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა ნ. ა-ის 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებზე საჯარო ინფორმაციის გაცემა წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა ნ. ა-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა, ხოლო იმ პირთა ნაწილში, რომლებმაც უარი განაცხადეს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე, დეპერსონალიზებული სახით (დაშტრიხულად) გაცემა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 9 სექტემბრის №01-8/10513 წერილით ნ. ა-ს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებისა და საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №… გადაწყვეტილების შესაბამისად გაეგზავნა შემდეგი დოკუმენტები: 1. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანება ნაწილობრივ დეპერსონალიზირებული სახით; 2. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის №113 ბრძანება ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით; 3. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 5 აპრილის №118 ბრძანება ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით; 4. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 15 ივნისის №185 ბრძანება სრული სახით; 5. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 27 ივნისის №197 ბრძანება დეპერსონალიზებული სახით; 6. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 4 აგვისტოს №233 ბრძანება დეპერსონალიზებული სახით; 7. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 19 აგვისტოს №241 ბრძანება დეპერსონალიზებული სახით.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების თანახმად, 2016 წლის 1 თებერვლიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2014 წლის 3 იანვრის №04 ბრძანება. 2016 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქვემოთ ჩამოთვლილ მოსამსახურეებს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცათ აპარატის ბალანსზე რიცხული შემდეგი მატერიალური ფასეულობები - ავტომობილები; 1. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს გადაეცა ავტომობილი „ფოლცვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ,,,; 2. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის უფროსს გადაეცა ავტომობილი „ფოლცვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ,,,; 3. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს გადაეცა ავტომობილი „ფოლცვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ,,,; 4. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს - მ. ბ-ეს (ქუთაისი) გადაეცა ავტომობილი „ფოლცვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ,,,; 5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ზუგდიდი) გადაეცა ავტომობილი „კია სერატო“, სახელმწიფო ნომრით ,,,; 6. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს - გ. ჩ-ს (ბათუმი) გადაეცა ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ,,,; 7. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს გადაეცა ავტომობილი ფოლკსვაგენ ტუარეგი, სახელმწიფო ნომრით ...; 8. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს გადაეცა ავტომობილი „ფოლკსვაგენ GOLF17“, სახელმწიფო ნომრით ...; 9. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს - ნ. ბ-ს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცა ავტომობილი „HYUNDAI ELANTRA“ სახელმწიფო ნომრით ...; 10. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცა ავტომობილი „ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო ნომრით ...; 11. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს - გ. ლ-ეს (ქუთაისი) გადაეცა ავტომობილი „ფოლცვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ...; 12. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს გადაეცა ავტომობილი „ფოლკსვაგენ ტუარეგი“, სახელმწიფო ნომრით ...; 13. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს - თ. ქ-ეს გადაეცა ავტომობილი „Hyundai Tucson“-ი, სახელმწიფო ნომრით ...; 14. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცა ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფი“, სახელმწიფო ნომრით ...; 15. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხარე მოსამსახურეს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცა ავტომობილი „ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო ნომრით ...; 16. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცა სახალხო დამცველის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ...; 17. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს გადაეცა ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ...; 18. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცა სახალხო დამცველის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ...; 19. პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად“ კოორდინატორს გადაეცა ავტომობილი „ჰიუნდაი ტუსანი“, სახელმწიფო ნომრით .... II. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბალანსზე რიცხული შემდეგი მატერიალური ფასეულობები - ავტომობილები განთავსდა ავტოსადგომზე: 1. ვაზ 21214 ნივა, სახელმწიფო ნომრით ...; 2. „ფოლკსვაგენ გოლფ VI“, სახელმწიფო ნომრით ...; 3. ფორდი - Ford Turneo Custom, სახელმწიფო ნომრით ...; 4. ლადა ვაზ 2107, სახელმწიფო ნომრით ...; 5. „NISSAN PATROL“, სახელმწიფო ნომრით ....

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2016 წლის 28 მარტის №113 ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების მე-2 პუნქტის მე-9 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს - ნ. ბ-ს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცა ავტომობილი Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ...“; 2. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის უფროსს დაევალა ავტომანქანის (Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ...) დაზღვევისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2016 წლის 5 აპრილს მიღებულ იქნა №118 ბრძანება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის №113 ბრძანების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით 1. ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის იანვრის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის №113 ბრძანების პირველი პუნქტი; 2. ავტომობილი Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ... განთავსდა ავტოსადგომზე; 3. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების II პუნქტს (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბალანსზე რიცხული შემდეგი მატერიალური ფასეულობები - ავტომობილები განთავსდა ავტოსადგომზე) დაემატა მე-6 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ...“. 4. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების მე-2 პუნქტის მე-10 ქვეპუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2016 წლის 6-7 აპრილს ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცა ავტომობილი ფორდი-Ford Turneo Custom, სახელმწიფო ნომრით ..., ხოლო ამავე პერიოდში ავტომობილი „ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო ნომრით ... განთავსდა ავტოსადგომზე.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2016 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა №185 ბრძანება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების მე-2 პუნქტის მე-13 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „2016 წლის 17 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსს - თ. ქ-ეს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცეს ავტომობილი „Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ...“, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ავტომობილი „კია სერატო“, სახელმწიფო ნომრით ... განთავსდეს ავტოსადგომზე“.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2016 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა №197 ბრძანება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მითითებული ბრძანებით: 1. ცვლილება შევიდა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების მე-2 პუნქტის მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „2016 წლის 27 ივნისიდან ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს სამსახურებრივი მიზნებისათვის დროებით სარგებლობაში გადაეცეს ავტომობილი Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ... ავტომობილის„ფოლკსვაგენ ტუარეგი“, სახელმწიფო ნომრით ... შეკეთებამდე“; 2. საქართველოს სახალხო დამცველის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის უფროსს - მ. კ-ს დაევალოს ავტომობილის - „ფოლკსვაგენ ტუარეგის“, სახელმწიფო ნომრით ... სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება; 3. 2016 წლის 27 მაისიდან დაერიცხოს მაისის თვის საწვავის ნაშთი (235 ლიტრი ბენზინი) ავტომანქანისათვის Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ....

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2016 წლის 4 აგვისტოს მიღებულ იქნა №233 ბრძანება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით: 1. ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის #45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის 27 ივნისის №197 ბრძანების პირველი პუნქტი; 2. ცვლილება შევიდა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების მე-2 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „2016 წლის 4 აგვისტოდან ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს სამსახურებრივი მიზნებისათვის სარგებლობაში გადაეცეს ავტომობილი ტოიოტა LC150, სახელმწიფო ნომრით ...” ავტომობილის „ფოლკსვაგენ ტუარეგი“, სახელმწიფო ნომრით ... შეკეთებამდე“; 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის #45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის 11 თებერვლის №73 ბრძანების პირველი პუნქტი; 4. ცვლილება შევიდა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების მე-2 პუნქტის მე-12 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით. „ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცეს ავტომობილი Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ...“; 5. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეს გამოყოფილი 2016 წლის ივლისის თვის საწვავის ნაშთი დიზელის სახით დაერიცხოს ავტომობილზე „ტოიოტა LC150, სახელმწიფო ნომრით ...“; 6. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურე გამოყოფილი 2016 წლის ივლისის თვის საწვავის ნაშთი ბენზინის სახით დაერიცხოს ავტომობილზე Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ...“.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2016 წლის 19 აგვისტოს მიღებულ იქნა №241 ბრძანება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების - ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების მე-2 პუნქტის მე-12 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით. „ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის სპეციალისტს სამსახურებრივი მიზნებისათვის გადაეცეს ავტომობილი Mercedes-Benz ..., სახელმწიფო ნომრით ...“.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №… გადაწყვეტილება, საჯარო ინფორმაციის დეპერსონალიზებული სახით გაცემის ნაწილში ბათილად ცნობა და მოსარჩელის 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა დაუშტრიხავი სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა იმ მოთხოვნების ნაწილზე, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს დოკუმენტაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას ადგენს ამავე კოდექსის მე–40 მუხლი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე საკანონმდებლო აქტის 271-ე მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო იდენტიფიცირებადია პირი, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემები გულისხმობდა ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდებოდა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო არ გაეხმაურებინა პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

სასამართლომ მიუთითა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკავშირდება საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესს. იმისათვის, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესი იყოს გამჭირვალე, აუცილებელია სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ინფორმაციის ღიაობა აქტუალური ხდება ასევე, როდესაც სუბიექტი არ ახორციელებს მმართველობით ფუნქციას, მაგრამ მისი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში. სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას არის ადმინისტრაციული ორგანო. ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოზე. ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია არის საჯარო. აღნიშნული ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით, ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განისაზღვრა ახალი ტერმინი საჯარო დაწესებულება. სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს (ადმინისტრაციული ორგანო) ან მოქმედებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ფარგლებში, არის საჯარო დაწესებულება და მასზე ვრცელდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ორ შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი: 1. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და 2. ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება იცოდეს: ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები; გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი; დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები; ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია; ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს; თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი; ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი; კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე; ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს; მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია; ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

სასამართლომ განმარტა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელია მისი აგება იდენტიფიკაციის კრიტერიუმზე, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემები იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას. პერსონალური მონაცემი არის პირადი ცხოვრების დაცვის ერთ-ერთი საშუალება. პერსონალური მონაცემის დაცვაში საბოლოოდ პრიორიტეტი ენიჭება არა მგრძნობიარობის, არამედ იდენტიფიკაციის კრიტერიუმს - მონაცემი დაცვას ექვემდებარება, რამეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეხება სწორედ ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც შეიცავს სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს, ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე საჯარო ინფორმაციის გაცემას ითხოვს იდენტიფიცირებული წესით (დაშტრიხვის გარეშე), რაც საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ასევე დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. პირის პერსონალურ მონაცემთა სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან. თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობა. ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის მიზნებისათვის, თანამდებობის პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო ბრძანებებში მითითებული პირები არ წარმოადგენენ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირებს, რომლის ვინაობის გამხელაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე და 44-ე მუხლებით უპირობოდ ეკისრება მოპასუხეს.

სასამართლოს მითითებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მონაცემთა გამჟღავნებას მათი გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების ან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე დართული სტატიები და განმარტებები, ვერ ადასტურებდნენ ბრძანებებში მითითებული პირების სახელებისა და გვარების მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. მით უფრო იმ პირობებში, რომ ყველა პირის თანამდებობა და სამსახურებრივი მიზნებისათვის სარგებლობაში გადაცემული ავტომობილების მონაცემები სრულად იყო მითითებული მოსარჩელისთვის მიწოდებულ დოკუმენტებში. ამასთან, სახალხო დამცველის ბრძანებები ეხება სახალხო დამცველის აპარატის სახელზე რიცხულ ყველა ავტომობილს და ამ ავტომობილების სამსახურებრივი მიზნებით მოსარგებლეთა სახელებითა და გვარების მიმართ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით მაღალი საჯარო ინტერესი ასევე არ დასტურდებოდა. ამ პირობებში, კი აღნიშნული სუბიექტები ითვლებიან პირებად, რომელთა შესახებაც პერსონალური მონაცემების გაცემისთვის კანონმდებლობით გარკვეული შეზღუდვები არის დადგენილი და მათი გაცემის საფუძვლები იდენტიფიცირებად პირთა თანხმობების გარეშე კანონით გათვალისწინებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით გაცემის ნაწილში; საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა დაუშტრიხავი სახით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებულია სხვათა იდეების მოპოვება, დამუშავება და შემდგომ გადაცემა, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, პიროვნებას აქვს იდეებისა და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი კიდევ უფრო განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რამდენადაც სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციით მხოლოდ იმ შემთხვევაში იზღუდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, 2008 წლის 30 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, მოახდინა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა იმ სახის ინფორმაციის დიფერენცირება, რომლებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში და დაყო ისინი რამოდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის, ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღება, ასევე, შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია ინფორმაციის მეოთხე ჯგუფი, რომელიც განსხვავებით 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ინფორმაციის ავტომატურად გასაიდუმლოებას გულისხმობს. ეს არის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც შეეხება კერძო პირის კერძო საკითხებს, ეს ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია და მისი განსაიდუმლოება შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ინფორმაცია შეეხება. ამდენად, ოფიციალურ წყაროებში არსებული პირის კერძო საკითხებს მიკუთვნებული მონაცემები ხელშეუხებელია და სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული გამხელისაგან, რაც შეესაბამება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს, ასევე 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან დაცვის პრინციპს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ინფორმაციის პირადი საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისათვის კონკრეტული კრიტერიუმია კანონის მიერ მისი საიდუმლოების დაცვის მოთხოვნა და ის, რომ ეს ინფორმაცია პირადი ფასეულობის მქონე უნდა იყოს, რომელთა მიმართ პირს უნდა ჰქონდეს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი. ფინანსებთან, ჯანმრთელობასთან, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია პირადი ფასეულობის მქონეა და მისი საიდუმლოების დაცვას მოითხოვს ქვეყნის უზენაესი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია. ამდენად, პირად საიდუმლოებას მიეკუთვნება კერძო ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია ავტომატურად გასაიდუმლოებული სახე და ასევე საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა საიდუმლოდ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება ემსახურება მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილების განხორციელებას და ამ მონაცემთა წრე თითოეული დაწესებულებისათვის კანონის მიერ მკაცრად არის რეგლამენტირებული. ამდენად, საჯარო დაწესებულებაში მოქალაქეთა შესახებ დაცული პერსონალური მონაცემების ის ნაწილი, რომელთაც დაცვის აბსოლუტური ხასიათი გააჩნიათ, პირად საიდუმლოებას განეკუთვნება და მათი ღიაობა მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებშია დაშვებული. კონსტიტუციურ ნორმათა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის მუხლებთან ერთობლიობაში ანალიზი ცხადყოფს, რომ საჯარო დაწესებულებაში არსებული პირის შესახებ კერძო ხასიათის ინფორმაციის დაცულობის მიმართ ამ ნორმებს გააჩნიათ განსაზღვრულობის მაღალი მაჩვენებელი, რაც პირს უქმნის სამართლიან შეგრძნებას, რომ მის შესახებ ამა თუ იმ დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად საიდუმლო ხასიათი გააჩნია, დაცული იქნება გამხელისაგან, გარდა მისივე თანხმობის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, ამ სახის ინფორმაციის მიმართ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან მას გააჩნია 41-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ავტომატურად გასაიდუმლოებული ხასიათი.

სასამართლო განმარტავს, საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლებას გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცვის სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე, გაეცნოს დოკუმენტაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას ადგენს ამავე კოდექსის მე–40 მუხლი.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე საკანონმდებლო აქტის 271-ე მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო იდენტიფიცირებადია პირი, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემები გულისხმობდა ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდებოდა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო, არ გაეხმაურებინა პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესის ნაწილია და პირდაპირ კავშირშია (განმსაზღვრელია) საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესის გამჭვირვალობასთან, რაც თავის მხრივ, საჯარო დაწესებულების საქმიანობის კანონიერების შეფასების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია. აღნიშნული გამჭვირვალობის შეფასების კრიტერიუმი კანონმდებლობით განისაზღვრა შემდეგნაირად, რომ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული ან გაგზავნილი ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა იქნეს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ინფორმაციის გაცემაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში გააჩნია უარის თქმის შესაძლებლობა, თუ: 1. კანონით არის გათვალისწინებული და 2. ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლი ადგენს ინფორმაციის კატეგორიებს, რომელიც ნებისმიერ დროს, ყველასათვის უნდა იქნეს ხელმისაწვდომი. აღნიშნული ინფორმაციის კატეგორიას მიაკუთვნა კანონმდებელმა საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება (ქვეპუნქტი დ).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეხება სწორედ ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც შეიცავს სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს, რომ მოსარჩელე საჯარო ინფორმაციის გაცემას ითხოვს იდენტიფიცირებული წესით (დაშტრიხვის გარეშე), რაც საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ასევე დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე დართული სტატიები და განმარტებები, ვერ ადასტურებენ ბრძანებებში მითითებული პირების სახელებისა და გვარების მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. ასევე დაუსაბუთებელია არგუმენტი, რომ სახალხო დამცველის ბრძანებები ეხება სახალხო დამცველის აპარატის სახელზე რიცხულ ყველა ავტომობილს და ამ ავტომობილების სამსახურებრივი მიზნებით მოსარგებლეთა სახელებისა და გვარების მიმართ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით მაღალი საჯარო ინტერესი არ დასტურდება, რის გამოც, აღნიშნული სუბიექტები ითვლებიან პირებად, რომელთა შესახებაც პერსონალური მონაცემების გაცემისთვის კანონმდებლობით გარკვეული შეზღუდვებია დადგენილი და მათი გაცემის საფუძვლები იდენტიფიცირებად პირთა თანხმობების გარეშე კანონით გათვალისწინებული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Társaság aSzabadságjogokért v. Hungar, სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიღების უფლება იყო საკითხი, რომელიც უნდა განხილულიყო კონვენციის 10-ე მუხლის ჭრილში. მაღალ საჯარო ინტერესსა და პერსონალურ მონაცემთა დაცულობას შორის ბალანსის განმარტების კუთხით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის „Magyar Helsinki v. Hungary“ გადაწყვეტილება. სასამართლომ დაასკვნა, რომ მე-10 მუხლი მოიცავდა განმცხადებლის უფლებას, მიეღო საჯარო ინფორმაცია. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყო მოცემული უფლების მოქმედების ფარგლებში ჩარევა სხვათა უფლებების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო სწორი ბალანსის დადგენა მოცემულ ორ სიკეთეს შორის. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული იყო უნგრეთის კანონმდებლობით, თუმცა ის იყო ძალზედ შემზღუდველი ხასიათის და იძლეოდა ვიწროდ ინტერპრეტაციის საშუალებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნულმა სასამართლოებმა არასწორად განმარტეს კანონმდებლობა, არ მიანიჭეს საკმარისი მნიშვნელობა ინფორმაციის მოთხოვნის მიზანს, რომელიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენდა და უპირატესობა მიანიჭეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საჭიროებას. შესაბამისად, უნგრეთის კანონმდებლობა არ იძლეოდა საკმარის საფუძველს, დადგენილიყო სწორი ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ისეთი ინფორმაციის გაცემას შორის, რომელზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის მიღებას შორის ბალანსის დადგენის საკითხზე განმარტებების ჩამოყალიბებისას სასამართლომ უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ მე-10 მუხლით გარანტირებული უფლება არ იყო აბსოლუტური და შესაძლებელი იყო მისი შეზღუდვა. თუმცა, ამასთან დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დაასაბუთა საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის საჭიროება. პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტსა და ფარგლებზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთითა „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასა და სასამართლოს პრაქტიკაზე. კონვენციის მიზანს წარმოადგენს თითოეული პიროვნების კონფიდენციალობის დაცვის უფლების უზრუნველყოფა პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით დამუშავებისას. თავის მხრივ, პერსონალური მონაცემები კონვენციით განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ინდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს („ინფორმაციის სუბიექტს“). გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ მიუთითა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი პირი დაცული უნდა იყოს ისეთი პერსონალური მონაცემების გავრცელებისგან, რომელიც პირადი ხასიათის მატარებელია. ასეთი შესაძლებელია იყოს ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის, რელიგიური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ. თუმცა, სასამართლოს განმარტებით, კონვენცია არ იცავს გავრცელებისგან ისეთ ინფორმაციას, რომელიც საჯარო მოხელეთა მიერ საკუთარი ოფიციალური უფლებამოსილების განხორციელების პროცესში იქნა გენერირებული და რომლის შესახებაც არსებობს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევებში, გადაწვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილი შეფასებისა და ბალანსის საფუძველზე. მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინება, თუ რამდენად უშვებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ალბათობას იმისა, რომ მათი სახელები და გვარები იქნებოდა საჯაროდ ხელმისაწვდომი. მოცემულ საკითხზე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა სუბიექტები ახორციელებდნენ საჯარო ფუნქციას და მათ ვერ ექნებოდათ თავიანთი პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად იყო უნგრეთის მთავრობის მიერ კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ სიკეთეში ჩარევა პროპორციული. როგორც ეს საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან ირკვევა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანს წარმოადგენდა კვლევის განხორციელება, რომელსაც უნდა შეესწავლა იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის ეფექტურობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ნაწილს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციის მიღება და მოცემულ საკითხზე საჯარო დებატების გამართვისთვის ხელის შეწყობა მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში და წარმოადგენდა საზოგადოებრივ საჭიროებას.

შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ უნგრეთის მთვარობის მიერ კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის მიზნით საჯარო ინფორმაციის გამცემზე უარის თქმა არ იყო მიზნის პროპორციული.

პალატამ მიუთითა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - „Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land-und forstwirtschaftlichen Grundbesitzes v. Austria“, სადაც სასამართლო არ დაეთანხმა ავსტრიის მთავრობას და ხაზი გაუსვა, რომ მე-10 მუხლის თანახმად, საზოგადოებას აქვს უფლება, საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. სასამართლო პრაქტიკა დაინერგა თავისუფალ მედიასთან მიმართებით, რომლის მიზანიცაა, გაავრცელოს ინფორმაცია ამგვარ საკითხებზე. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, მედიასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენადაც მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ხდება მედიის კვლევის ობიექტი და შესაბამისად, საზოგადოების დაინტერესების საფუძველი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოცემული მსჯელობით სასამართლო ხაზგასმას აკეთებს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის განსაკუთრებულ სადარაჯო, სამეთვალყურეო ფუნქციაზე („watchdogs“). სასამართლომ ასევე პარალელი გაავლო მედიასთან და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებრივი დებატების უზრუნველყოფა არ ხდება მხოლოდ პრესის საშუალებით, არამედ ამ კონტექსტში ასევე განხილულ უნდა იქნეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ერთ-ერთ მიზანს შეადგენს საზოგადოებრივი დებატებისათვის ნიადაგის მომზადება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ, განსახილველ დავაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო ქონებით სარგებლობას, კერძოდ, მოთხოვნილი ინფორმაციით მოსარჩელეს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს, საჯარო დაწესებულების მიერ ადგილი აქვს თუ არა სახელმწიფო ქონებით მართლზომიერ სარგებლობას, ანუ სახეზეა თუ არა საჯარო მმართველობის განხორციელებისას კანონიერების პრინციპის განუხრელი დაცვა. ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონებით სარგებლობს განსაზღვრულ პირთა წრე, არ გულისხმობს, რომ სახელმწიფო ქონების კანონიერი მოსარგებლის გამჟღავნებით საჯარო დაწესებულება გასცემს ინფორმაციას, რომელიც შესაძლებლობას მისცეს მესამე პირს, მოახდინოს მოსარგებლის პერსონალური მონაცემის კანონსაწინააღმდეგოდ წესით არაპირდაპირი იდენტიფიცირება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემის კანონიერება არ უკავშირდება კონკრეტული სუბიექტის თანხმობას, რამდენადაც კონკრეტული საჯარო მოხელეებისა თუ დამხმარე მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ლეგიტიმურად, კანონიერი საფუძვლით სარგებლობენ სახელმწიფო ქონებით, იმთავითვე უნდა იყოს დასაშვები, რომ მათი სახელი, გვარი, სამსახურებრივი მდგომარეობა და ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის, უფლება, ისარგებლოს სახელმწიფო ქონებით, ყველასათვის ხელმისაწვდომია პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, დაკავებული პოზიცია საჯარო დაწესებულება) შემცველი ფორმით. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა, საჯარო დაწესებულების მიერ, როცა საკითხი ეხება სახელმწიფო ქონების სარგებლობის ან განკარგვის კანონიერებას, ფართოდ უნდა იქნეს განმარტებული. მართალია, პირის პერსონალურ მონაცემთა სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან, თუმცა სახელმწიფო ქონებით სარგებლობის კანონიერების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების უფლება, ყოველთვის განეკუთვნება აღმატებული საჯარო ინტერესის სფეროს, ემსახურება მიზანს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილი იყოს და ნებისმიერი მოქალაქის მიერ შეფასდეს მათი საქმიანობის კანონიერების ხარისხი. სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქის ლეგიტიმური ინტერესია, ფლობდეს ინფორმაციას საჯარო დაწესებულების მიერ სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების ფლობა, სარგებლობა-განკარგვისას მისი კანონიერების თაობაზე. ამგვარი ინფორმაცია, ყოველთვის მაღალი საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაციის კატეგორიაში თავსდება და მისი გაუცემლობით ირღვევა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც, სასამართლოს განმარტება პირდაპირ კავშირშია ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესებს შორის ბალანსის დარღვევასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმეზე „Magyar Helsinki v. Hungary“ მიღებული გადაწყვეტილებით ნათლად განიმარტა, შემდეგი: სასამართლო, მართალია, ათვითცნობიერებს სახელმწიფოსთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას შორის ბალანსი, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება მაღალი საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციას, ის სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, გაითვალისწინოს ინფორმაციის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესი, და საჯარო და კერძო ინტერესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით გახადოს ის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

სასამართლოს განმარტებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მონაცემთა გამჟღავნებას მათი გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების ან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.

აქვე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს #219 დადგენილებით დამტკიცდა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესი და განისაზღვრა ინფორმაციათა კატეგორია, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო წესით პროაქტიულ გამოქვეყნებას. მეტიც, ამავე დადგენილების 2.2. მუხლის თანახმად, განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების კანონიერი ფლობა, სარგებლობის/განკარგვის თაობაზე ინფორმაცია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განეკუთვება რა მაღალი საჯარო ინტერესის ინფორმაციის კატეგორიას, ადმინისტრაციული ორგანოები, საქმიანობის გამჭვირვალობიდან გამომდინარე, ვალდებული არიან, ამ ტიპის ინფორმაცია განათავსონ ელექტრონულ პორტალზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დადგენილების დანართის მე-4 თავის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაციის სრული მიწოდება საზოგადოებისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს #... გადაწყვეტილება ინფორმაციის ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით გაცემის ნაწილში შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოიფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

კასატორის მითითებით, მოცემული დავისათვის მნიშვნელოვანია საკითხის განსაზღვრა, წარმოადგენდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციას, თუ დაცულ პერსონალურ მონაცემს. ამის განსაზღვრა კი შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა საფუძველზე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებასა და ფარგლებს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს იმ ინფორმაციის სახეს, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, არ ექვემდებარება გაცემას პირის თანხმობის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

კასატორის აღნიშვნით, პერსონალურ მონაცემთა სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი. საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებისთვის ცალსახაა, რომ მხოლოდ თანამდებობის პირთა მონაცემებია ღია. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის მიზნებისთვის, თანამდებობის პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი. უდავოა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა არა თანამდებობის პირების, არამედ სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული სხვა საჯარო მოხელეების პერსონალურ მონაცემებს.

კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ კრიტერიუმს. მოცემული ნორმა, ზოგადად, უკრძალავს ადმინისტრაციულ ორგანოს პერსონალურ მონაცემთა გაცემას, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომელთაც „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“ არ განეკუთვნება. კასატორს მიაჩნია, რომ იმ საჯარო მოხელეთა ვინაობის მიმართ, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ვერ იარსებებდა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი, რაც გადაწონიდა პირის უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა არა მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ერთმნიშვნელოვან ნორმებთან, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლსა და პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ სტრასბურგის 1981 წლის კონვენციასთან. თუნდაც სახელმწიფო ქონების კანონიერი განკარგვის მონიტორინგის მიზნებისთვის, საჭირო არ ყოფილა კონკრეტული საჯარო მოხელეების ვინაობის გამჟღავნება - ავტომობილების მფლობელთა პოზიციების მითითება, რაც განხორციელდა ამომწურავად სახალხო დამცველის აპარატის მიერ. საქმისწარმოებისას ყველა პირის თანამდებობა და სამსახურებრივი მიზნებისთვის სარგებლობაში გადაცემული ავტომობილების მონაცემები სრულად გადაეცა მოწინააღმდეგე მხარეს. ამასთან, არც ერთ დეპერსონალიზებული მონაცემთა სუბიექტის ქმედებას არ გამოუწვევია რაიმე საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ა-ის - შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 17 ივნისს შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტმა - ნ. ა-მა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, შემდეგი ინფორმაცია მოითხოვა: 1. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის ბრძანება №113 (დაუშტრიხავი); 2. ბრძანება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის ბრძანება №113 (დაუშტრიხავი); 3. ყველა სახის დოკუმენტი, რომლითაც Mercedes benz ..., სახელმწიფო ნომრით ... სამსახურებრივი მიზნებისთვის მოსარგებლე თანამშრომელი განისაზღვრა (ასეთების არსებობის შემთხვევაში) (დაუშტრიხავი). 2016 წლის 20 ივნისს ნ. ა-მა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი III, ინფორმაციის თავისუფლება, მე-40 მუხლის I ნაწილი) მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების გაცემა მოითხოვა. 2016 წლის 29 ივლისს შპს „...ის“ (ჟურნალი) ჟურნალისტმა - ნ. ა-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელიც მოთხოვნილ იქნა მის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გაგზავნილი 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის წერილებით.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №… გადაწყვეტილებით ნ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა ნ. ა-ის 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებზე საჯარო ინფორმაციის გაცემა წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა ნ. ა-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა, ხოლო იმ პირთა ნაწილში, რომლებმაც უარი განაცხადეს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე დეპერსონალიზებული სახით (დაშტრიხულად) გაცემა. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 9 სექტემბრის №01-8/10513 წერილით ნ. ა-ს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებისა და საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №... გადაწყვეტილების შესაბამისად, გაეგზავნა შემდეგი დოკუმენტები: 1. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანება ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით; 2. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის №113 ბრძანება ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით; 3. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 5 აპრილის №118 ბრძანება ნაწილობრივ დეპერსონალიზებული სახით; 4. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 15 ივნისის №185 ბრძანება სრული სახით; 5. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 27 ივნისის №197 ბრძანება დეპერსონალიზებული სახით; 6. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 4 აგვისტოს №233 ბრძანება დეპერსონალიზებული სახით; 7. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 19 აგვისტოს №241 ბრძანება დეპერსონალიზებული სახით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №… გადაწყვეტილების კანონიერება, საჯარო ინფორმაციის დეპერსონალიზებული სახით გაცემის ნაწილში. ასევე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, შპს „... (ჟურნალი) ჟურნალისტის - ნ. ა-ის მიერ 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნება თუ არა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლზე და განმარტავს, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცვის სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში. ამდენად, ამ პუნქტით დაცული სიკეთე არის პირის კერძო სფეროს ხელშეუხებლობა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან იყოს დაცული. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული პრინციპი რეგლამენტირებულია აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლში, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემები გულისხმობდა ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდებოდა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო, არ გაეხმაურებინა პერსონალური მონაცემები თავად ამ პირის თანხმობის გარეშე. პირის პერსონალური მონაცემი არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, იგი დაცულია სახელმწიფოსა და ნებისმიერი პირის ჩარევისაგან. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნა ეხება იმ პირთა მონაცემების გაცემას, რომლებიც წარმოადგენენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიწოდება იძლევა პირთა იდენტიფიკაციის საშუალებას და ეხება მათ პერსონალურ მონაცემს. ასეთი ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ეს ინფორმაცია ეხება. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სხვა შემთხვევები კანონით უნდა იყოს დადგენილი და აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკავშირდება საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესს. იმისათვის, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე, აუცილებელია სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ინფორმაციის ღიაობა აქტუალური ხდება ასევე, როდესაც სუბიექტი არ ახორციელებს მმართველობით ფუნქციას, მაგრამ მისი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში.

სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას არის ადმინისტრაციული ორგანო. ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოზე. ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია არის საჯარო.

აღნიშნული ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით, ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განისაზღვრა ახალი ტერმინი - საჯარო დაწესებულება. სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს (ადმინისტრაციული ორგანო) ან მოქმედებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ფარგლებში არის საჯარო დაწესებულება და მასზე ვრცელდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ორ შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი: 1. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და 2. ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტმა - ნ. ა-მა 2016 წლის 17 და 20 ივნისის განცხადებებით მოითხოვა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის №113 ბრძანების, ასევე ბრძანების, რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის №113 ბრძანება, ყველა სახის დოკუმენტი, რომლითაც Mercedes benz ..., სახელმწიფო ნომრით - ... სამსახურებრივი მიზნებისთვის მოსარგებლე თანამშრომელი განისაზღვრა (ასეთების არსებობის შემთხვევაში), 2016 წლის 29 იანვრის №45 ბრძანების დაუშტრიხავი სახით გაცემა. შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტმა - ნ. ა-მა ასევე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაუშტრიხავი სახით იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელიც მოთხოვნილ იქნა მის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გაგზავნილი 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებით.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №… გადაწყვეტილებით სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა ნ. ა-ის 2016 წლის 17 ივნისისა და 20 ივნისის განცხადებებზე საჯარო ინფორმაციის გაცემა დეპერსონალიზებული სახით. კერძოდ, იმ პირთა ნაწილში, რომლებმაც უარი განაცხადეს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე დეპერსონალიზებული სახით (დაშტრიხულად) ინფორმაციის გაცემა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებას იმასთან მიმართებაში, რომ შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტის - ნ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია იყო პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რომლის გაცემასაც, ანუ უფლებას, გაიცეს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც პერსონალური მონაცემების შემცველია, გარკვეულწილად, ზღუდავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. მითითებული კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. პერსონალური ინფორმაციის სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია თვით ინფორმაცია. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი ეს არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნორმით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ინფორმაცია, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, არ არის საინტერესო პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნებისთვის. ე.ი. ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველად მიჩნევისათვის ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ნიშნებს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტის - ნ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც შეიცავს სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი საჯარო ინფორმაციის გაცემას ითხოვს სწორედ იდენტიფიცირებული (დაუშტრიხავი) წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელია მისი აგება იდენტიფიკაციის კრიტერიუმზე, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემები იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას. პერსონალური მონაცემი არის პირადი ცხოვრების დაცვის ერთ-ერთი საშუალება. პერსონალური მონაცემის დაცვაში პრიორიტეტი ენიჭება არა მგრძნობიარობის, არამედ იდენტიფიკაციის კრიტერიუმს - მონაცემი დაცვას ექვემდებარება, რამეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 41.2 მუხლზე, რომლის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადენილი შემთხვევებისა. მოსარჩელის მოთხოვნა ეხება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტულ პირებზე გადაცემის შესახებ ინფორმაციის გაცემის დავალებას, ასევე, იმ დოკუმენტაციის მოთხოვნას, რომლითაც Mercedes benz ..., სახელმწიფო ნომრით - ... სამსახურებრივი მიზნებისთვის მოსარგებლე თანამშრომელი განისაზღვრა. მოთხოვნილი ინფორმაცია იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, ანუ ეხება პირის პერსონალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაცია, რომელიც იძლევა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, არის პირის პერსონალური მონაცემი, შესაბამისად, ასეთ ინფორმაციაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმი. მასზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირის მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან. თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა. ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის მიზნებისათვის თანამდებობის პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანებაში მითითებული პირები არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებს, რომელთა ვინაობის გამხელაც უპირობოდ ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი სტატიები და განმარტებები, ვერ ადასტურებენ სადავო ბრძანებაში მითითებული პირების სახელებისა და გვარების მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოება, რომ შპს „...“ (ჟურნალი) ჟურნალისტის - ნ. ა-ის განცხადებებით მოთხოვნილი ყველა პირის თანამდებობა და სამსახურებრივი მიზნებისათვის სარგებლობაში გადაცემული ავტომობილების მონაცემები სრულად არის მითითებული დოკუმენტებში. აღნიშნული სუბიექტები ითვლებიან პირებად, რომელთა შესახებ პერსონალური მონაცემების გაცემისათვის კანონმდებლობით გარკვეული შეზღუდვებია დადგენილი და მათი გაცემის საფუძვლები იდენტიფიცირებად პირთა თანხმობის გარეშე, კანონით გათვალისწინებული არ არის. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე, სათანადო შეტყობინებები გაეგზავნა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, რომელთაც ეცნობათ ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილი ინფორმაციის თაობაზე. თანამშრომელთა ნაწილმა თანხმობა განაცხადა მათი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების საჩივრის ავტორისათვის გადაცემაზე, ხოლო ნაწილმა უარი დააფიქსირა. ამდენად, სახალხო დამცველის აპარატი ვერ გასცემდა ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთაც უარი განაცხდეს თავისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე. ადმინისტრაციოული საჩივარი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც არსებობდა მონაცემთა სუბიექტების თანხმობა, მაგრამ სადაც ამგვარი თანხმობა არ იყო, დოკუმენტები გაიცა დეპერსონალიზებული სახით, მხოლოდ სახელისა და გვარის დაშტრიხვით.

მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აგრეთვე „მაღალ საჯარო ინტერესსა“ და პერსონალურ მონაცემთა დაცულობას შორის ბალანსის დადგენა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, სადაც განმარტებულია, რომ ინფორმაციის გაცემის კანონიერება არ უკავშირდება კონკრეტული სუბიექტის თანხმობას, რამდენადაც კონკრეტული საჯარო მოხელეებისა თუ დამხმარე მოსამსახურეებისათვის, რომლებიც ლეგიტიმურად, კანონიერი საფუძვლით სარგებლობენ სახელმწიფო ქონებით, იმთავითვე უნდა იყოს დასაშვები, რომ მათი სახელი, გვარი სამსახურებრივი მდგომარეობა და ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის უფლება, ისარგებლონ სახელმწიფო ქონებით, ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს პერსონალური მონაცემების შემცველი ფორმით. სააპელაციო სასამართლომ მოცემული მსჯელობის გასამყარებლად მიუთითა არა ერთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც ინფორმაციის მიღების უფლება იყო საკითხი, რომელიც უნდა განხილულიყო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ჭრილში, მითითებული ნორმით გარანტირებული უფლება არ იყო აბსულუტური უფლება და შესაძლებელი იყო მისი შეზღუდვა, მაგრამ მოპასუხე სახელმწიფოები ვერ ასაბუთებდნენ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის საჭიროებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Társaság aSzabadságjogokért v. Hungar; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „Magyar Helsinki v. Hungary“; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land- und forstwirtschaftlichen Grundbesitzes v. Austria“).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მოხელეთა ვინაობების მიმართ, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ვერ იარსებებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც გადაწონის პირის უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, პერსონალური მონაცემი კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება. ამავე კანონის 44-ე მუხლი შეიცავს საგამონაკლისო ნორმას მხოლოდ თანამდებობის პირებისათვის. მონაცემთა დეპერსონალიზაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის ღიაობას, ხელმისაწვდომობას, რაც ზედმიწევნითაა დაცული სადავო აქტში. კერძოდ, შპს „...ის“ (ჟურნალი) ჟურნალისტის - ნ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გაცემულია სრულად და დაშტრიხულია მხოლოდ იმ პირთა პერსონალური მონაცემები, რომლებმაც უარი განაცხადეს მათ გასაჯაროებაზე. ამდენად, პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის რეჟიმი იხსნება მონაცემების დეპერსონალიზაციის, აგრეთვე სუბიექტის ნებასურვილის შემთხვევაში. ინფორმაციის დეპერსონალიზაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მონაცემთა სუბიექტის სტატუსზე, ინფორმაციის საჯარო ინფორმაციისადმი კუთვნილებაზე. აღნიშნულის საპირისპირო განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც ეროვნული კანონმდებლობის ნორმებთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლსა და „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ სტრასბურგის 1981 წლის კონვენციასთან, რომლის მიზანს წარმოადგენს თითოეული პიროვნების კონფიდენციალობის დაცვის უფლების უზრუნველყოფა პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით დამუშავებისას. თავის მხრივ, პერსონალური მონაცემები კონვენციით განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ინდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს (ინფორმაციის სუბიექტს). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ძირითად უფლებათა შესახებ“ ევროპულ ქარტიაზე, რომელიც არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომლითაც პერსონალური მონაცემების დაცვა ცალკე უფლებად იქნა აღიარებული (მე-8 მუხლი). მიუხედავად პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებს შორის მჭიდრო კავშირისა, მათი დამოუკიდებელ უფლებებად აღიარება მნიშვნელოვან სამართლებრივ განვითარებად ფასდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 29 აგვისტოს №… გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ (ჟურნალი) ჟურნალისტის - ნ. ა-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „...ის“ (ჟურნალი) ჟურნალისტის - ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი