საქმე Nბს-1192-1186(კ-17) 13 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. გ-ემ 2016 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა 2016 წლის 16 თებერვლის №158963 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №10367 ბრძანების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. გ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ტ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №10367 ბრძანება ტ. გ-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში;
დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ტ. გ-ის 2016 წლის 11 მარტის საჩივართან დაკავშირებით (საჩივარი დათარიღებულია 09.03.2016წ.), რომლითაც გასაჩივრებულია 2016 წლის 16 თებერვლის №158963 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგი საფუძვლებიდან გამომდინარე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს: შემოსავლების სამსახურმა ახალი აქტის გამოცემისას უნდა დაასაბუთოს, რომ საქონელი მართლაც პირადი მოხმარებისათვის იყო განკუთვნილი, ასევე უნდა გამოიკვლიოს ტ. გ-ის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისადმი მიმართვები, რომლითაც ის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო მასალად ტყეთსარგებლობის ნებართვას ითხოვდა; გამგეობის წერილი, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნაზე დადებითი დასკვნა იქნა გაცემული; ტ. გ-ის სახელზე 2014 წელს გაცემული ხე–ტყის წარმოშობის დოკუმენტი; ასევე ს.ს. „...“ მის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც დანიშნულებად მითითებულია – „ტყის ფონდის მერქნული რესურსით სარგებლობისათვის“, ასევე დაადგინოს, 2016 წლის 14 იანვარს ტრანსპორტირებული საქონელი ხომ არ იყო სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე–ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, რაზეც ზედნადების შევსება სავალდებულო არაა.
შემოსავლების სამსახური არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წლის 18 აპრილის N10367 ბრძანება ეფუძნება კარგად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1(2) ნაწილის თანახმად: „სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება10 000 ლარს, −იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას“. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 25(პრიმა) მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე“. მართალია, N996 ბრძანება ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სოციალური ჭრების შედეგად მოპოვება თავისუფლდება ზედნადების გამოწერის ვალდებულებისაგან, მაგრამ, ეს მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება, რომ ნამდვილად სოციალურ ჭრასთან გვაქვს საქმე.
კასატორის მოსაზრებით თუ მოვახდენთ ფაქტების ერთმანეთთან მისადაგებას, აღმოვაჩენთ, რომ ხე–ტყის წარმოშობის სერთიფიკატი ტ. გ-ეზე გაცემულია 2014 წელს, ბანკში ხე–ტყით სარგებლობისათვის თანხა გადახდილია ასევე 2014 წელს, ხოლო საქონლის ტრანსპორტირება ხდებოდა 2016 წელს, ორი წლის დაგვიანებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირების საფუძველი არ არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ ტ. გ-ისათვის გაცემულ სერთიფიკატში და სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთმანეთს არ ემთხვევა, ამასთან, ბანკის მიერ გაცემული ქვითრის მიხედვით თანხა გადახდილია 10 კუბ. მეტრი ხე–ტყის მოპოვებისათვის, ხოლო ამ შემთხვევაში ხდებოდა 4.08. კუბ. მეტრის საქონლის ტრანსპორტირება.
სასამართლო პროცესზე ტ. გ-ის მიერ იყო აღნიშნული, რომ ის პერიოდულად ახდენდა სოციალური ჭრის ფარგლებში ხე–ტყის ტრანსპორტირებას და თუ ასეა, საიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი ხე–ტყის სერთიფიკატი გაცემულია არა სხვა დროს განხორციელებულ ხე–ტყის ტრანსპორტირებებზე, არამედ სწორედ იმაზე, რაზეც შედგა სამართალდარღვევის ოქმი. რაც შეეხება ტ. გ-ის მიერ თვითმმართველობის ორგანოსათვის ხე–ტყის მოსაპოვებლად მიმართვას და მათგან დადებითი დასკვნის გაცემას, შემოსავლების სამსახური არ მიიჩნევს მათ გასათვალისწინებელ არგუმენტებად, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ დგინდება კავშირი გაცემულ ნებართვასა და ოქმის შედგენის დროს ტრანსპორტირებულ ხე–ტყეს შორის. შემოსავლების სამსახური ვერ დაეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბაჟის შემოსავლების სამსახურისათვის დაკისრების საკითხში.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე“. შესაბამისად, ნათელია, რომ მოცემული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ტ. გ-ის საჩივრის უარყოფის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №10367 ბრძანების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. აღნიშნულის გარეშე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე