ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
№ბ-485-5(ა-18) 16 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის №ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ. ჩ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
2004 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ჩ-ემ, მოპასუხეების - ქ. ქუთაისის მერიისა და ე. რ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 1993 წლის 15 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ. ქუთაისში, ... №19-ში (ყოფილი ... ქ. №) მდებარე სახლის ნაწილის მისი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრის საკუთრებაში აღრიცხვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და ე. რ-ეს შორის 1993 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ქ. ქუთაისში ... №19-ში (ყოფილი ... ქ. №...) მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი, რომელიც ერიცხებოდა ე. რ-ეს, საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ჩ-ის სახელზე.
2005 წლის 6 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ლ. გ-ამ და ნ. ფ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმეზე წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის განჩინებით ლ. გ-ასა და ნ. ფ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის განჩინებით ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. გ-ა და ნ. ფ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიასა და ე. რ-ეს შორის 1993 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულება ქ. ქუთაისში, ... №19-ში (ყოფილი ... ქ. №...) მდებარე საცხოვრებელი სახლის პრივატიზაციის თაობაზე; ნ. ჩ-ის სარჩელი ქ. ქუთაისში, ... №19-ში (ყოფილი ... ქ. №...) მდებარე სახლის ნაწილის მის საკუთრებაში აღრიცხვაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ლ. გ-ასა და ნ. ფ-ის მიერ, რომლებმაც ნ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. გ-ასა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ჩ-ეს ქ. ქუთაისში, ... №19-ში (ყოფილი ... ქ. №...) მდებარე სახლის ნაწილის მის საკუთრებაში აღრიცხვაზე ეთქვა უარი; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიასა და ე. რ-ეს შორის 1993 წლის 15 სექტემბერს დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულება და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჩ-ის სარჩელი ქ. ქუთაისის მერიასა და ე. რ-ეს შორის 1993 წლის 15 სექტემბერს დადებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 4 აპრილს საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა ნ. ჩ-ემ. განმცხადებლის მითითებით, დოკუმენტი, რომელსაც ემყარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის №ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილება, ყალბია. შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის განახლებისა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ნ. ჩ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოიყენება.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი განსაზღვრავს განცხადების შეტანის ვადას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ჩ-ემ უზენაეს სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილს მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის №ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დოკუმენტი, რომელსაც ემყარება აღნიშნული გადაწყვეტილება, ყალბია.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა 2008 წლის 28 თებერვალს, ხოლო ნ. ჩ-ემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უზენაეს სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილს მომართა, მან გაუშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5-წლიანი ვადა, ნ. ჩ-ეს კანონით დადგენილ ვადაში არ დაუყენებია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა, რაც დაუშვებლობის მოტივით მისი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის №ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ. ჩ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, დაუშვებლობის გამო.
ამასთან, ნ. ჩ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ბ. ს-ის მიერ 04.04.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300183150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 426-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის №ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო;
2. ნ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბ. ს-ის მიერ 04.04.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300183150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი