#ბს-93-93(კს-18) 19 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო
მესამე პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მ. მ-ი, ა. ე-ე
დავის საგანი _ უსწორობის გასწორება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 20 ოქტომბერს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, მ. მ-ისა და ბანკ „...“ მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ივლისის უძრავ ნივთზე იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 25 ივლისის უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული 2011 წლის 30 ივნისის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელების დავალება და ასევე ბანკ „...“ მიერ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის უზრუნველყოფის სახით იპოთეკით დატვირთვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით ნ. კ-ემ მოპასუხეებად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, მ. მ-ი და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 თებერვლის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 21 სექტემბრის #143524 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის #ე-24-97-615 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში, ... მიმდებარედ მიწის ნაკვეთის (ს/კ ... და ...; დაზუსტებული ფართი 1502 კვ.მ. 751+751) ნ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 თებერვლისა და 27 აპრილის საოქმო განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისის მერია და ა. ე-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 24 თებერვლის #... გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მისი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი ბათილად ცნობის დღიდან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და ნ. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ხოლო კასატორმა - ნ. კ-ემ საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინება, ნ. კ-ის (მოწმეთა დაკითხვის შესახებ) შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 24 თებერვლის #... გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღების დღიდან და შესაბამისად, მისი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი რეგისტრაციაში გატარების დღიდან; დანარჩენ ნაწილში ნ. კ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოწინააღმდეგე მხარეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 400 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, ქ. თბილისის მერიამ და ნ. კ-ემ.
კასატორებმა - ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მერიამ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა - ნ. კ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ხოლო ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე, ნ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. ამასთან, ამავე განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და 2011 წლის 30 ივნისის #დ-266 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი და 2011 წლის 30 ივნისის #დ-266 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ გასაჩივრებულ ნაწილში, დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, მ. მ-მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ. კ-ემ.
კასატორებმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და მ. მ-მა საკასაციო საჩივრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორმა - ნ. კ-ემ საკასაციო საჩივრით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მ. მ-ისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
2017 წლის 12 აპრილს და 27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართა აპელანტ ნ. კ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული არ ყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით არასწორად მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღნიშნული პუნქტის გაუქმება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროს და მოწინააღმდეგე მხარისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებინა 300 ლარისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული 400 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით აპელანტ ნ. კ-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შესწორების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაშვებულია გადაწყვეტილების თუ განჩინების გამოტანის შემდეგ აღმოჩენილი იმგვარი მექანიკური თუ ტექნიკური ხასიათის შეცდომის გასწორება ახალი განჩინების მიღების გზით, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. ამასთან, გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას, რამდენადაც სასამართლო, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი შეცვალოს ან გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა, მაგ., ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში. ამდენად, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის და აღნიშნულის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაში მითითება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, მათ შორის მოწინააღმდეგე მხარის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 300 ლარის ოდენობით გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში უსწორობის არსებობა, რადგან პალატას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა და ემსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაუქმებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული ნ. კ-ის წარმომადგენლის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორებას, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული არ ყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არც გასაჩივრებულა და არც გაუქმებულა, რასაც საჩივრის ავტორის მითითებით ასევე ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის #ბს-459-453(3კ-14) განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით ნ. კ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმა გულისხმობს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ამასთან, დაუშვებელია ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 12 აპრილს და 27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართა აპელანტ ნ. კ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული არ ყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით არასწორად მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღნიშნული პუნქტის გაუქმება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროს და მოწინააღმდეგე მხარისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებინა 300 ლარისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული 400 ლარის ანაზღაურება.
ამასთან, 2017 წლის 15 მაისს ნ. კ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის #ბს-459-453(3კ-14) განჩინებაში შესწორების შეტანას ითხოვდა, სადაც მიეთითებოდა შემდეგი - „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.“ განმცადებელი მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მან აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ გადაწყვეტილებაში ვერ აისახა სარჩელის დაკმაყოფილების ის ნაწილი, რომელიც მითითებულია 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში. აღნიშნულმა კი გაუგებრობა გამოიწვია გადაწყვეტილების აღსრულებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით ნ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის #ბს-459-453(3კ-14) განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ხოლო ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე, ნ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. ამასთან, ამავე განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 24 მარტის №ბს-459-453(3კ-14) განჩინებით იმსჯელა მხოლოდ დაშვებულ - ნ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე; ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში უსწორობის არსებობა, თუმცა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაუქმებული. როგორც აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, შესაბამისად, 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს აღარ წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურების საკითხი. ამდენად, პალატას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა და ემსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე, არა იმიტომ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაუქმებული, არამედ, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. კ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც აღარ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაში დამატებით აღიშნულის მითითების საჭიროება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი