# ბს-86-86 (2კ-18) 28 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
16.03.16წ. ი., მ., ჯ. კ-ებმა და ნ. ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოსარჩელეთა დაჯარიმების ნაწილში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.11.2015წ. #000371 დადგენილების ბათილად ცნობა, აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.02.2016წ. #33 ბრძანების სრულად ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.02.2016წ. #33 ბრძანება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.11.2015წ. #000371 დადგენილება მოსარჩელეთა დაჯარიმების ნაწილში.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.
კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტით სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრა უძრავი ნივთის თანამესაკუთრე ექვს პირს, რომელთაგან მხოლოდ ოთხმა გაასაჩივრა დადგენილება მათი დაჯარიმების ნაწილში, ნ. ს-სა და ე. მ-ს არ გაუსაჩივრებიათ დადგენილება. გაუგებარია ახალი აქტის გამოცემის დავალება ოთხი მესაკუთრის ნაწილში, ვინაიდან ექვსივე მათგანის ნაწილში დემონტაჟის და ნ. ს-ის და ე. მ-ის დაჯარიმების ნაწილში აქტი ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის დანაწესს. დადგენილების დემონტაჟის დავალების ნაწილის გაუსაჩივრებლობა ადასტურებს, რომ ამ ნაწილს ეთანხმება ყველა სუბიექტი, რასაც ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენა. სასამართლო ვერ უთითებს კონკრეტულად რა გარემოების გამოკვლევა ევალებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს და არ გამოუკვლევია.
კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილების 3.7, 3.78, 36-ე მუხლებზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2, 44-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავ ქონებას ჰყავს ექვსი თანამესაკუთრე, სასამართლოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მათ გამიჯნული აქვთ სარგებლობაში არსებული ფართები რეესტრში გამიჯვნის რეგისტრაციის გარეშე, არ უნდა გამხდარიყო გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ზედამხედველობის სამსახური თვითნებურად ვერ განსაზღვრავს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების გამიჯვნას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის უძრავი ქონების თანამესაკუთრეებზე თანაბრად დაკისრება შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან განსახილველი სამართლადარღვევა არის დენადი ხასიათის და პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება მისი გამოვლენის მომენტში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასამართლო წარმოებისას მოქმედ დისპოზიციურობის პრინციპზე და აღნიშნავს, რომ მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1 მუხ.). სასამართლო შეზღუდულია მხარის მოთხოვნით და იგი არ არის უფლებამოსილი გასცდეს მოთხოვნის ფარგლებს. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.11.2015წ. #000371 დადგენილების დაჯარიმების ნაწილში გასაჩივრების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილი იყო შეეფასებინა დადგენილების მხოლოდ გასაჩივრებული ნაწილი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ოჯახის უფროსმა ი. კ-მა 15.04.2015წ. განცხადება წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში, მიუთითა თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე (მდებარე ქ. თბილისი, ... #12) მესამე პირის მიერ უნებართვოდ განხორციელებულ მიშენებაზე და მოითხოვა შესაბამისი ზომების მიღება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ზედამხედველობის სამსახურში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, შედგა 29.06.2015წ. #000371 მითითება, უნებართვო მშენებლობის არსებობის გამო ი., მ., ჯ. კ-ებს, ნ. ც-ს, ნ. ს-ს და ე. მ-ს განესაზღვრათ მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენის ან დარღვევის აღმოფხვრის ვადა. 29.06.2015წ. #000371 მითითება გასაჩივრებული იქნა ი., მ., ჯ. კ-ების და ნ. ც-ს მიერ. საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ი. კ-ი იყო თავდაპირველი განცხადების ავტორი, მათ არ უწარმოებიათ უკანონო მშენებლობა. პირიქით, მათ მოთხოვნას შეადგენდა ნ. ს-ის და ე. მ-ის სარგებლობაში მყოფი უკანონო მშენებლობაზე შესაბამისი რეაგირება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.02.2016წ. #33 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი. ბრძანების სამოტივაციო ნაწილში საჩივრის უარყოფის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იქნა, რომ აღმოჩენილ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების ყველა მესაკუთრე, ვინაიდან ვერ დადგინდა უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი.
საკასაციო პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება არ შეესაბამება საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპს, გასაჩივრებული აქტები არ არის მიღებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად. საქმის მასალების თანახმად უნებართვო მშენებლობა ნაწარმოებია უძრავი ქონების გარკვეულ ნაწილზე, რომლით მოსარგებლე პირის დადგენის გარეშე ყველა მესაკუთრის სამართალდამრღვევად მიჩნევა უმართებულოა.
საფუძველს მოკლებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 256-ე მუხლზე მითითება, რომელიც ადგენს რამოდენიმე მოსარჩელის ან მოპასუხის არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების წესს. გასაჩივრებული განჩინებით მითითებული ნორმის მოთხოვნა არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინდა, რომ მოსარჩელეთა დაჯარიმების ნაწილში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.11.2015წ. #000371 დადგენილება გამოცემული იქნა საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა დაადგინოს აღმოჩენილი სამართალდაღვევის მწარმოებელი/მოსარგებელე სუბიექტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სზაკ-ის 53-ე, 97-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. დაუსაბუთებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება, რომ ზედამხედველობის სამსახური თვითნებურად ვერ განსაზღვრავს თანამესაკუთრეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების გამიჯვნას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ დავალებია ფართების გამიჯვნა, მათ საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით დაევალათ სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებულია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოსაზრება, რომ სასამართლო ვერ უთითებს კონკრეტულად რა გარემოების გამოკვლევა ევალებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს და არ გამოუკვლევია. კასატორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევა არის დენადი ხასიათის და პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება მისი გამოვლენის მომენტში არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გამოკვლევის ვალდებულებისგან. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებები საკითხის ხელახალი გამოკვლევის საჭიროების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი