# ბს-151-151 (კ-18) 21 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-ამ 21.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, 05.04.2017 წ. N04/21201 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.04.2017წ. N04/21201 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ვინაიდან თ. კ-ა 14.09.2004წ. დათხოვნილი იყო არა შეიარაღებული ძალებიდან, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან - შეიარაღებული ძალების თადარიგში. თ. კ-ას, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს სისტემიდან დათხოვნილ პირს, არ გააჩნია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კომპენსაცია ენიშნებათ: პირებს, რომლებსაც სამხედრო ან შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის დღემდე ნამსახურები აქვთ 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში შევიდნენ 1991-1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო; პირებს, რომლებსაც გააჩნიათ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურეობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20 ზე მეტი კალენდარული წელი აქვთ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული დოკუმენტებით დგინდება, რომ თ. კ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში ნამსახურები აქვს 16 წელი 11 თვე და 7 დღე, რაც არ არის საკმარისი ნამსახურეობის ვადის ამოწურვის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის. სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნილი მოსამსახურეებისათვის შეღავათიანი პირობებით სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს და არა საქართველოს შენაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან დათხოვნილ სამხედრო პირებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივარის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან თ. კ-ას მონაცემების შესაბამისობა. კერძოდ, მითითებული ნორმა განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში შევიდნენ 1991-1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო; პირებს, რომლებსაც გააჩნიათ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურეობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი აქვთ. საქმის მასალების თანახმად თ. კ-ა სამხედრო სამსახური დაიწყო 1993 წელს, აქვს შრომის საერთო სტაჟი 20 წელზე მეტი და დათხოვნილია ზღვრული ასაკის გამო. აღნიშნულის გამო უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ თ. კ-ას 16 წლიანი (16 წელი, 11 თვე, 7 დღე) სამუშაო სტაჟი სამხედრო სამსახურში არ არის საკმარისი ნამსახურეობის ვადის ამოწურვის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის. დაუსაბუთებელია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარი იმ საფუძვლით, რომ კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს და არა საქართველოს შენაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან დათხოვნილ სამხედრო პირებს. საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ საქართველოს შინაგანი ჯარები საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი